Accessibility links

საია: საგანგებო მდგომარეობა ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში 2 აპრილს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს. კომენდანტის საათის დროს დაკავებული პირის მიმართ პოლიციელიების მოქმედებას ორგანიზაცია არასათანადო მოპყრობად აფასებს და თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს.

ბათუმში 2 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება 4 აპრილს დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. საია, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

დაზარალებულმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს 04 აპრილს დეტალური ჩვენება მისცა. მისი განმარტებით, 2020 წლის 02 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. ერთ-ერთ აფთიაქში მან შესაბამისი მედიკამენტი ვერ იყიდა და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, რის შემდგომაც მან გზა მეორე აფთიაქისკენ განაგრძო. მალევე, ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა. დაზარალებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს - „დავაი, ჩატენეთ მანქანაში“.

შემდგომ, ძალის გამოყენებით დააგდეს ძირს და გაუკეთეს ხელბორკილები. მისი განმარტება, რომ ხერხემალზე ჰქონდა პრობლემები და თავად ჩაჯდებოდა მანქანაში, პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. ამ პროცესში მან მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მიარტყა. პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში. ტრანსპორტირების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტრანსპორტირებისას ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ქ. ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე გაგრძელდა მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

პოლიციის განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა. პოლიციის განყოფილებიდან იგი დროებითი მოთავსების განყოფილებაში გადაიყვანეს, ტრანსპორტირებისას პოლიციელების მხრიდან მასზე დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. იზოლატორში შეყვანისას მან დააფიქსირა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს.

მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა. პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000-ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს მკაფიო განცხადება აღნიშნულ ფაქტზე და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განუხრელად დაიცვან საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული უფლებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG