Accessibility links

საია „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

საიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში. შესაბამისად, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, კანონში შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს საკარანტინე ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინე ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.

საია მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც:

„მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას“.

კანონში შეტანილი ცვლილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებიც.

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლია. კანონპროექტს 81 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს მოაწერა.

ამ კანონის თანახმად, მთავრობას დღეიდან, 54 დღის განმავლობაში, 15 ივლისის ჩათვლით, უფლება აქვს დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG