Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბოლოტნაია 2.0“ – საით მიდის რუსი აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეები


ავტორი:ლიუბოვ ჩიჟოვა

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 27 ივლისს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციისას მომხდარი მასობრივი არეულობის გამო. ასეთი კვალიფიკაცია მისცა რუსეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციას, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებისა და რუსეთის გვარდიის მიერ.

საქმე ერთბაშად სამი მუხლით აღიძრა: მასობრივი არეულობის ორგანიზების (სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა), მასში მონაწილეობისა (8 წლამდე პატიმრობა) და არეულობისკენ მოწოდების (2 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.

ხელისუფლების მეოთხე ცდა

მასობრივი არეულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე პირველად არ აღძრულა რუსეთში.

ღირს გავიხსენოთ, რომ რუსეთის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „პატიოსანი არჩევნების“ მოთხოვნით არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეთა მასობრივ ჩხრეკას, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით, ხელი მიჰყვეს უმალვე, როგორც კი მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მას უწოდა „წინასწარ დაგეგმილი და კარგად მომზადებული მასობრივი არეულობა“.

„ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის“, ანუ სსს 318-ე მუხლით აღძრული პირველი საქმის ფიგურანტი გახდა 48 წლის ევგენი კოვალენკო, რომელმაც სპეცრაზმელს, თითქოს, ნაგვის ყუთი ესროლა. გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი დემონსტრანტებს ხელკეტით სცემს.

შემდეგ ორი ანალოგიური საქმე აღიძრა წიწაკის გაზის გამოყენებაზე, რის შედეგადაც რუსეთის გვარდიის ორი მებრძოლი დაშავდა, და ქვაფენილის ქვის სროლაზე ძალოვანი სტრუქტურების წამომადგენელთა მიმართულებით.

მიიჩნევენ, რომ შესაძლოა სისხლის სმართლის საქმეთა რაოდენობა გაიზარდოს მოსკოვის ცენტრში 27 ივლისს მყოფი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

როგორც გამოცემა „პროექტი“ იუწყება, მერიისა და ძალოვანი სტრუქტურების წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურები აპირებენ აქციის კიდევ ექვს მონაწილეს წარუდგინონ ბრალდებები.

გამომძიებლებმა შეისწავლეს არასანქცირებული მიტინგის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კიდევ ექვსი ადამიანის მოქმედება ხვდება ზემოაღნიშნული მუხლის ქვეშ. ისინი, თითქოს, ბოთლებსა და ქვებს უშენდნენ პოლიციელებს, უშვებდნენ აირს ანდა მართავდნენ ბრბოს მოქმედებას.

ამასთან, როგორც გამოცემა „პროექტის“ ანონიმი თანამოსაუბრე წერს, ხელისუფლება არ აპირებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოპოზიციის ლიდერები და დაურეგისტრირებელი კანდიდატები, ვინაიდან უფრო ეფექტურია მათი დატოვება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

1 ივლისს, დილაადრიან, თავის ბინაში ჩხრეკის შესახებ იუწყებოდა აქტივისტი ალექსეი მინიალო. იგი წვრთნიდა დამოუკიდებელ კანდიდატ ლიუბოვ სობოლის მხარდამჭერი ხელმოწერების შემგროვებლებს. მინიალო საგამოძებო ორგანოში მიიყვანეს. მას ბრალად სდებენ, როგორც საკუთარ ფეისბუკში დაწერა აქტივისტმა ვალენტინ კარელინმა, არეულობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და არეულობისკენ მოწოდებას.

პრევენციული დაშინება

27 ივლისის მასობრივი არეულობის შესახებ ძირითადი სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა დაემსგავსოს 2012 წლის 6 მაისს მოსკოვში ბოლოტნაიაზე მომხდარი ამბების გამოძიებას, რომლის დროსაც პასუხისგებაში მიეცა 30 კაცზე მეტი და უმრავლესობას, საშუალოდ, 2-დან 3 წლამდე პატიმრობა შეეფარდა.

ყველაზე დიდი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორ სერგეი უდალცოვსა და სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის, თანშემწეს, ლეონიდ რაზვოზჟაევს.

რუსეთის მედიის ცნობით, 27 ივლისს აქციის მონაწილეებს პოლიცია მეხსიერების ბარათებს „ ფლეშკებს“, პლანშეტებსა და ინფორმაციის მატარებელ სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ართმევდა. სამართლდამცველებს სურთ დაადგინონ, ვინ იყო საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და კოორდინატორი. „მოწმდება პუბლიკაციები სოციალურ ქსელებში, მესენჯერებში, დგინდება აქციაში მონაწილეთა ვინაობა“, - იუწყება „ტასი“ .

„ისეთი პირი უჩანს, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ „ბოლოტნაია 2.0“ აღიძრა სწორედ დღეს, არჩევნების წინ. ჩხრეკა მიდის ელვის სისწრაფით. 3 ან 10 აგვისტოს იგეგმება მომდევნო მიტინგები და ამ ღონისძიებების წინ ცდილობენ მოქალაქეების დაშინებას, სურთ დაანახვონ, რომ არ ღირს აქციაზე გასვლა. პერსპექტივა ძალიან არასახარბიელოა, რადგან თუ დაიწყო ჩხრეკა და ადამიანების დაკითხვაზე გამოძახება, მაშინ აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდება და, ვფიქრობ, ჩხრეკები და დაკითხვები კიდევ უფრო მოიმატებს“, - ამბობს ადვოკატი ირინა ბირიუკოვა. მის აზრს იზიარებს უფლებადამცველი სერგეი შაროვ-დელონე, „ბოლოტნაიას საქმეში“ მონაწილე მრავალი მსჯავრდებულის ადვოკატი, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმეების შედეგები შესაძლოა არანაკლებ მასშტაბური იყოს, ვიდრე იყო 2012 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG