Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: გასაკვირია, რამდენს მიაღწია საქართველომ


ომების, ოკუპაციისა და რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გამო არ არის გასაკვირი, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს რეფორმების პროცესში; გასაკვირია მიღწევები ამ ვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

„დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში.

გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა - ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიტყვით წარდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG