Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს


"არეულობისა და მღელვარებისკენ მოწოდებები დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე, დანაშაულია, როდესაც შენი ქვეყანა ოკუპირებულია“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფეისბუკგვერდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 19 მაისს გავრცელებული ვიდეომიმართვის შინაარსი.

„დიახ, ვაპირებთ შეტევას... მეტი საქმე არ მაქვს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს ველოდო!", - მიხეილ სააკაშვილის სახელით ასეთი ციტატა მოჰყავს სალომე ზურაბიშვილს. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.​

„ყოფილი პრეზიდენტის ასეთი სრულიად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მაიძულებს გამოვხატო გაოგნება და სრული მიუღებლობა, მაშინ, როდესაც, ჩემი უპარტიო სტატუსიდან გამომდინარე, აქამდე თავს ვიკავებდი ნებისმიერი კომენტარისგან და საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. იგივე მოეთხოვება ნებისმიერ ყოფილ პრეზიდენტს, მოქმედია თუ არა ის და არის ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. არეულობისა და მღელვარებისკენ მოწოდებები თავდასხმაა სახელმწიფოზე, დანაშაულია, როდესაც შენი ქვეყანა ოკუპირებულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 19 მაისს ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თავის მომხრეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. მივაწვეთ ბოლომდე, ხოლო თუ ცემა-ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები“ ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს - ეგენი არიან დამთავრებულები!“ - მიმართა სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს „საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას“ და მეტი საქმე არა აქვს კიდევ 6 თვე ელოდოს „ვიღაცის დასკვნას“.

„აბა, თქვენ იცით, არაფერი არ დაუთმოთ არავის და თუ ხელი წაუცდათ რამეზე, ამას ისეთი გაგრძელება მოჰყვება... ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი... ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას.

მეტი საქმე არ მაქვს კიდევ ექვსი თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას! მაშინ ქართველი ხალხი გააკთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს. მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად. ამასაც გეუბნებით. ახლა გაუშვით ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG