Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: შეწყალებაზე ივანიშვილს, გახარიას, თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ვერსიაც 19 მაისის ღამის ეთერში გავა.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს", - ამბობს პრეზიდენტი.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ პირდაპირ ეთერში, ტელევიზორის საშუალებით გაიგეს და ეს ყველაფერი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პარტიის ლიდერებმა შეწყალებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტი" და "არაპოპულარული" უწოდეს. დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, ხოლო ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრინციპულად არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის, რომ ორი პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა ქვეყანას საფრთხეს შეუქმნიდა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG