Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლიანია თუ არა დაისაჯო “კანონიერ ქურდობაზე” ოცნების გამო?  


“დღეს, ჩვენ ვიღებთ კანონებს, რომელიც კონკრეტულ დანაშაულზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ფიქრზე, ოცნებაზე, სტატუსზე, რომელიც ხვალ შეიძლება ჩვენ, თქვენ შეგეხოთ - ჟურნალისტებს, და თქვან, რომ ეს საქმიანობა არის მიუღებელი, რაღაც ნაწილში უვარგისი და ასე სხვაგვარად მოაზროვნეებს შეეხონ” - განაცხადა მოძრაობა "არა ნაციზმის!” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ 28 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციის თემა იყო "კანონიერი ქურდების" დევნა და კანონები, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს აიძულებს ქვეყანა დატოვონ.”

ნანა კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქურდული სამყაროს იდეების გაზიარების გამო, ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.

კაკაბაძე აკრიტიკებს ე.წ. “ქუჩური გარჩევების შესახებ კანონს”, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს წარმოადგენს და ის შსს-ს მიერაა მომზადებული.

ცვლილებების მიხედვით, თუ ადამიანების ჯგუფი რაიმე კონკრეტული საქმის გარკვევას ქუჩაში გადაწყვეტს და უწყინარი კამათი ძალადობაში გადაიზრდება, ეს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

“მე პირადად ასეთი კანონმდებლობის წინააღმდეგ საბჭოთა პერიოდშიც ვიბრძოდი, ჩვენ ასეთ კანონებს მიზანმიმართულად ვარღვევდით, რომ გვენახვებინა მსოფლიოსთვის საბჭოთა კავშირში მუშაობს კანონები, რომლებიც ადამიანის თავისუფლების გამოხატვას კრძალავს” - ასეთი შედარება მოიყვანა ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კანონპროექტით სასჯელად განსაზღვრულია ფულადი ჯარიმა, 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ერთ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს. კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ დასჯადი იქნება ამგვარ შეკრებაში პასიური მონაწილეობაც.

ნანა კაკაბაძე პირველი არ არის, ვინც ამ ცვლილებებს აკრიტიკებს. მასში საფრთხეებს ხედავს ოპოზიციაც. ფიქრობენ, რომ ცვლილება მეტისმეტად ფრაგმენტულია და მეტ სიცხადეს საჭიროებს იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ქუჩური გარჩევა - რა იქნება დანაშაული და რა არა.

მეორე თემა, რომელსაც ნანა კაკაბაძე შეეხო, ეს არის, მისი განცხადებით, სახელმწიფოს “მახინჯი პრაქტიკა” - აიძულოს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, ქვეყანა დატოვონ.

“თქვენ ხომ ყველამ კარგად იცით, რომ ასეთ არაერთ ფაქტს ქონია ადგილი”, - თქვა ნანა კაკაბაძემ, და ხელისუფლება ამ ადამიანების ქვეყნიდან იძულებით გაძევებაში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG