Accessibility links

სანამ ღმერთი იტყვის ბოლო სიტყვას


ავტორი: ქეთი ბარამიშვილი

სანამ არსებობს კაცობრიობა და მის ცნობიერ ნაწილს შეუძლია აზროვნება, ის შეძლებს დაამარცხოს დედამიწაზე გამოცხადებული მორიგი სიკვდილიც - თუნდაც იყოს ვერაგი, უჩინარი, ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს შორის, ხელიდან ხელში უსწრაფესად გადაცემული მიკროსკოპული ნაწილაკების შტამი - COVID-19.

სანამ სახელმწიფოები გვიკეტავენ საზღვრებს, მეცნიერები იკვლევენ გვირგვინოსან პანდემიას და მედიკოსები ებრძვიან ფილტვებში შეღწეულ უხილავ შხამს, საკმარისი დრო გვრჩება, დავფიქრდეთ, როგორ მივეცით სიცოცხლეს კვდომის ის ექსპრესიული, სახიფათო და ეპიდემიური ფორმა, რომელიც დისტანციის დაცვის შემთხვევაშიც, ჯაჭვური რეაქციით პროგრესირდება და ერთ სიტყვაში იტევს სამყაროს - მტრობა.

მსოფლიომ გაუტია. ჩვენ დიდი ხანია გავცდით ნიშნულს - პიროვნების დაუკმაყოფილებელი სურვილების ზღვრულ მაჩვენებელს მისი ტრიუმფალური მიღწევების სკალაზე. ადამიანის უფლებები ცხოველების უფლებებთან გავათანაბრეთ, სიყვარული - სექსთან. პროფანაციული იდეების ექსპორტ-იმპორტით, სხვების ჩრდილებზე სწორებით და მათგან გამოგლეჯილი ბედნიერებით, დაინფიცირებულ პარაზიტებს დავემსგავსეთ. ეს სხვა ინფექციაა, დაავადებული სულის ინფექცია. ის კვეთს ყველა სასიკვდილო ხაზს და წითელ ზონაში შევყავართ, რომლის მიღმაც, ვიცით, რომ დასასრულია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ სადღაც გადარჩენაც შეგვიძლია.

დაგეგმილი მომავლის მიუხედავად, ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ერთი გარდამავალი დღე, ერთი გარდამტეხი წუთი, ერთი არასწორი ქმედება, ერთი საბედისწერო სიტყვა და ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი, რომელიც მთლიანად ცვლიდა მოცემულობას. ჩვენ მაინც ვიბრძოდით, რადგან ადამიანი დაბადებულია გამარჯვებისთვის. ახლა, როდესაც დროის კალენდარული აღქმა პირობით ცნებად იქცა, ალბათობა მოსალოდნელ შეუძლებლობას და მოულოდნელ შესაძლებლობას შორის გათანაბრდა, სამყაროს ახლებურ წყობას და ურთიერთობების სხვა პარადიგმაზე აგებულ განაწესს, უკვე თავად მივყავართ გაურკვეველ განაჩენამდე.

აუცილებელი არ არის, ბიბლიური სოდომ-გომორის მსგავსად, ათი მართალი კაციც აღარ იპოვებოდეს ცისქვეშეთში, რომ არასდროს დავივიწყოთ ღვთის რისხვა და ჩვენი პლანეტაც იმ ერთადერთ მკვდარ ზღვას დავამსგავსოთ, რომელშიც სიცოცხლე დღემდე არ არსებობს.

SOS - ეს სიგნალია და გადატანითი მნიშვნელობით ასე ჟღერს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები” („Soul Our Souls“). ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. მარტოსულები ვნებებთან და სისუსტეებთან. და დგება დღეები, როცა ამ დამძიმებული სულების მარტოებს ტარება, უბრალოდ, აღარ შეგვიძლია.

გავა დრო და მოგვენატრება ყველაფერი ადამიანური - მოგვინდება, რომ მაიკროსოფტის პირმშოების ნაცვლად, ჩვენს წინ ხელშესახები ადამიანები იდგნენ, რომ ისინი ზუმის ან ვაიბერის განზომილებიდან აღარ გველაპარაკებოდნენ და შეგვეძლოს, ახლო მანძილზე, მათი თვალებიდან გასროლილი მზერის დაჭერა.

მოგვბეზრდება ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირით გაცვლილი გრძნობების იმპულსურობაც და გავიხსენებთ, გახშირებულ გულისცემას საყვარელ ადამიანთან ჩახუტებით როგორ ვზომავდით. ვირტუალური სივრციდან გაგზავნილი ფრაზები ყალბი ემოციებია - როცა ვერ უყურებ, ვერც ეხები, მერე ვეღარც გრძნობ.

მივხვდებით, რომ ყველაზე კარგი ნავსაყუდელი კეთილმოწობილ და სიცარიელით სავსე სახლებში კი არა, ოჯახებშია. რომ შვილებთან დაწესებული დისტანცია სისულელეა და მათთან ახლო ურთიერთობებში იმალება ჭეშმარიტი ღირებულებები.

ისე შეგვეხუთება სული ოთხ კედელში გამოკეტილებს, რომ საკუთარ თავებზე გავბრაზდებით, რატომ ვემალებოდით ხოლმე თავსხმა წვიმას, რომ შარშან სულ სხვა სურნელს ვგრძნობდით - მიწის, ბალახის, მზის და სიცოცხლის მძაფრ სურნელს და გაისად, ვინ იცის, ბუნებამაც გვიღალატოს.

ჩვენ ახლა, სტერილურ სხეულებზე მეტად, სუფთა სინდისი გვჭირდება!

ვინანებთ, აუცილებლად ვინანებთ, რომ ვერ მოვასწარით გაღიმება, ვიღაცას თვალი ავარიდეთ. ვჭირდებოდით, მაგრამ დავივიწყეთ. არ ვუთანაგრძნეთ და ვერ გავბედეთ გვეთქვა - მიყვარხარ, რომ მაშინ გაგვიძნელდა პატიებაც. ვინანებთ, რადგან, ხვალ თუ გათენდება, ახალი პარადოქსებით გათენდება და ხვალ, შეიძლება, სინანულიც დაგვიანებული იყოს.

მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის, ცაზე ისევ ჩანს დიდი დათვის თანავარსკვლავედი, მსოფლიოში ჯერ კიდევ ისმის იტალიური მარში - Bella Ciao. ჩვენ ისევ სამგანზომილებიან სივრცეში ვარსებობთ და ფარდობითობის თეორია კვლავ ჭემარიტია. თითქოს, ყველაფერი კანონზომიერია და აღარაფერიც აღარ არის კანონზომიერი.

თვითონ გავაფუჭეთ ყველაფერი ადამიანებმა და ხანდახან, როგორი უძლურები ვართ, რაიმე შევცვალოთ ან გამოვასწოროთ. ეგ არის ცხოვრება - მუდმივი გულისწყვეტა იმ ერთ, ვერდავიწყებულ, გარდამავალ დღეზე, მუდმივი გულისტკივილი იმ ერთ, გამოუსწორებელ და გარდამტეხ წუთზე. უპატიებლობის მუდმივი განცდა იმ ერთი, არასწორი ქმედებისთვის, სევდა და დარდი იმ ერთი წარმოთქმული საბედისწერო სიტყვისთვის და უსასრულო, მტანჯველი ფიქრი, იმ ერთი, ვერგათვალისწინებული ფაქტის გახსენებისას.

ასე მიდის დროც - ტრამპლინებით, რიკოშეტით და ბუმერანგივით.

„ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“;

„თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე“;

„აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება“;

„სამხრეთისკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს“;

„ყველა მდინარე ზღვებისკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება“;

„გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით ვეღარ შეავსებ“;

„თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება“;

„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“;

მზე სანამ ამოვა, მამალი იყივლებს და ჩვენ ღმერთს სამჯერ უარვყოფთ. უკვე მერამდენედ, წითელი პარასკევი გაგვითენდება - ჩვენი ცოდვებით გოლგოთამდე მივაცილებთ ოცდაათ ვერცხლად გაყიდულს და ჯვარზე გავაკრავთ. მერე დავიტირებთ ჯვარცმულ სხეულს და მაინც ვერ დავიჯერებთ, რომ იგი აღდგა ჩვენთვის. ვერ დავიჯერებთ, რადგან ქრისტე ჯერ კიდევ არ აღმდგარა ჩვენში.

და სანამ ღმერთი იტყვის ბოლო სიტყვას,

მარტივი დავალება გვეძლევა - უბრალოდ, დავრჩეთ სახლში და დავიბანოთ ხელები!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG