Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარდინიაზე, „როსნეფტის“ პანსიონატში


კურორტი Forte Village Resort
კურორტი Forte Village Resort

რადიო თავისუფლებამ გამოიკვლია, რომ რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, თავის ოჯახთან ერად დასასვენებლად იყო იტალიის კუნძულ სარდინიის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე. ოჯახი სარდინიაზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. საკურორტო არეალი მათ იქ ჩასვლამდე ერთმა რუსმა ოლიგარქმა იყიდა, სავარაუდოდ, კლიენტების მისაზიდად „როსნეფტის“ მაღალი რანგის მენეჯმენტიდან, ვისთანაც უკვე მაშინ კარგი ნაცნობობა ჰქონდა ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს.

საკურორტო ქალაქთან მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის დიდი წილი ორი წლით ადრე შეისყიდა „როსნეფტმა“ იტალიის ნავთობმრეწველთა ოჯახის, მორატებისგან. მორატი სახელგანთქმული საფეხბურთო კლუბ „ინტერის“ მფლობელია.

იანვრის შუა რიცხვებში „ოტკრიტიე მედიამ“ დაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის დის, ნატალია სტეტინა-მიშუსტინისა, და მისი ვაჟის, მიხაილ სტეტინის, ანგარიშების შესახებ. როგორც გამოცემამ დაადგინა, ნატალია სტეტინაზეა გაფორმებული საკუთრივ მიშუსტინის აქტივების დიდი ნაწილი.

მიხაილ სტეტინის ანგარიში 16 იანვარს საჯაროდ მიუწვდომელი გახდა, მაგრამ მანამდე რადიო თავისუფლებამ მოახერხა მისი შინაარსის გაცნობა. ანგარიშზე მივაგენით ახალი პრემიერის კიდევ ერთი დისშვილის პროფილის ბმულს. ს. სტეტინა ნატალია სტეტინა-მიშუსტინას უმცროსი შვილია. მის სრულ ვინაობას არ ვამხელთ, რადგან ის არასრულწლოვანია.

სკოლები ჟენევის ტბაზე

პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მიხაილ მიშუსტინის ოჯახის ეს ნაწილიც საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობს.

კერძოდ, ს-მ უკვე გამოიცვალა ორი სკოლა შვეიცარიაში. ანგარიშზე მიკვლეულ ფოტოგრაფიებზე ჩანს მის სასკოლო ფორმაზე გამოსახული ნიშანი და, მის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გოგონა, სულ მცირე, სამი წელიწადი, 2014-დან 2016-მდე, სწავლობდა Prefleuri-ის სკოლაში, ჟენევის ტბის მახლობლად, შვეიცარიის ალპებში. ერთი სასწავლო წელი ამ სკოლაში სრული პაკეტი ჯდება 65 ათასი შვეიცარიული ფრანკი (იხ. ტარიფი .pdf).

ს. სტეტინას ერთ-ერთი სოცქსელის სკრინშოტი
ს. სტეტინას ერთ-ერთი სოცქსელის სკრინშოტი

ს. სტეტინას ფეისბუკის ანგარიშის თანახმად, ახლა გოგონა სხვა სკოლაში, College Champittet-ში, სწავლობს, ლოზანაში. ამ სკოლაში სწავლის ღირებულება 24 300-დან 31 900-ს ფრანკამდეა იმის მიხედვით, თუ რომელ კლასშია მოწაფე. და თუ საცხოვრებლადაც იქ რჩება, მაშინ, დამატებით, წლიურად 54 500 ფრანკია გადასახადი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიშუსტინებს არ აქვთ უძრავი ქონება ჟენევის ტბაზე, პრემიერის დისშვილის იქ სწავლა ჯდება არა უმცირეს 80 ათასი ფრანკისა.

College Champittet, ლოზანაში, სასწავლებლის ვებგვერდის სკრინშოტი
College Champittet, ლოზანაში, სასწავლებლის ვებგვერდის სკრინშოტი

„როსნეფტის“ პანსიონატი სარდინიაზე

კიდევ უფრო საინტერესოა ფოტოგრაფიები, რომლებიც ს. სტეტინამ „ВКонтакте-ში“ 2015 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნა. ერთ ფოტოზე ის გადაღებულია კერძო თვითმფრინავის ბორტზე, სხვა სურათებზე კი პლაჟზე ისვენებს ან მანქანაში ზის თავისზე აშკარად უმცროს ბიჭუნასთან ერთად.

ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი
ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი
ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი
ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი

წარწერა ნაყინის ჭიქაზე (Sardegna), რომელიც პრემიერის დისშვილს უჭირავს ხელში, გვამცნობს, რომ ეს ფოტოალბომი იტალიის კუნძულ სარდინიაზე მოგზაურობას ასახავს. კუნძული ერთობ პოპულარულია რუს ოლიგარქებსა და ჩინოვნიკებს შორის. კერძო თვითმფრინავის ინტერიერის მიხედვით კი რადიო თავისუფლება ვარაუდობს, რომ ეს „Bombardier-ი - მისი მოდელი Challenger 850 - უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ მოდელს ასეთი ინტერიერით ხშირად უკეთებენ რუსულ საიტებზე რეკლამას. ეს რომ Bombardier-ია, ვიცით, თუმცა ვერ დავადგინეთ, ვისი საკუთრებაა თვითმფრინავი, რომლითაც ს. სტეტინა მგზავრობდა.

ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი
ს. სტეტინას სოცქსელის სკრინშოტი

რაც გაირკვა, ისაა, რომ, „როიტერსის“ თანახმად, იმავე ზაფხულში სარდინიაზე სამჯერ ჩაფრინდა „როსნეფტის“ კუთვნილი თვითმფრინავიBombardier Global 6000“ და იმავე დროს, როცა იქ მიშუსტინის დისშვილი ისვენებდა, კუნძულზე იყო იგორ სეჩინის ყოფილი ცოლი, ოლგა სეჩინა.

ვერაფერს გეტყვით ამჯერად იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს სეჩინასა და მაშინ საგადასახადო უწყების ხელმძღვანელის, მიშუსტინის, დისშვილის სტუმრობა სარდინიაში, მაგრამ გაირკვა, სად ისვენებდა ეს უკანასკნელი და დადგინდა ეს ნაყინის ჭიქით, რომელიც ხელში უჭირავს გოგონას. ეს უნდა იყოს კურორტი ფორტე ვილაჯი, (Forte Village), კალიარიდან 45 კილომეტრში. ფორტე ვილაჯში არაერთი ხუთვარსკვლავიანი და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო და ვილაა. საშუალოდ, თუ სასტუმროში ოთახს მინიმუმ ერთი კვირით დაიქირავებთ, 1500-2000 ევრო ჯდება ერთი ღამით იქ ყოფნა.

Forte Village-ის ვებსაიტის სკრინშოტი.
Forte Village-ის ვებსაიტის სკრინშოტი.

კურორტის საიტი რუსულ ენაზეც არსებობს და ამას თავისი მიზეზი აქვს: 2014 წლის შემოდგომაზე ის შეიძინა მეწარმემ რუსეთიდან, მუსა ბაჟაევმა, რომელიც „ფორბსის“ სიაში 2019 წელს 157-ე ადგილზე იყო. იტალიის მედია ამტკიცებს, რომ ფორტე ვილაჯის შესყიდვისას ბაჟაევს მეტოქეობას უწევდა „გაზპრომი“. გარიგებას ბაჟაევი დაყაბულდა, რადგან კურორტზე „როსნეფტის“ თანამშრომლების მიზიდვას მოელოდა. კურორტიდან 20 კილომეტრშია ევროპის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, SARAS-ი. 2013 წელს „როსნეფტმა“ ქარხნის 20-პროცენტიანი წილი შეიძინა მფლობელის, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის, მორატისაგან. 2017 წელს „როსნეფტმა“ განაცხადა, რომ სურს იტალიურ აქტივებზე უარი თქვას და მიზეზად ეკონომიკური სანქციები მოიყვანა.

ვლადიმირ პუტინისა და მუსა ბაჟაევის შეხვედრა კრემლში. 18 ნოემბერი 2019 წ.
ვლადიმირ პუტინისა და მუსა ბაჟაევის შეხვედრა კრემლში. 18 ნოემბერი 2019 წ.

რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ ტურისტული ზონა ბაჟაევმა 180 მილიონ ევროდ შეიძინა. 2014 წელს მან სარდინიაზე კურორტი იყიდა და უკვე 2015 წლის ზაფხულში იქ კერძო თვითმფრინავით დასასვენებლად ჩადის საგადასახადო უწყების ხელმძღვანელის, მიშუსტინის, ოჯახი. ვინ არის ს. სტეტინასთან ერთად სურათზე გამოსახული, ვერ დადგინდა, მაგრამ რადიო თავისუფლება ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის უმცროსი ვაჟი, რომელიც, დაახლოებით, სურათზე გამოსახული ბიჭუნას ასაკისაა. ს. სტეტინას ამ ასაკის სხვა ძმები არ ჰყავს.

ამასთან, „ფორბსის“ თანახმად, მუსა ბაჟაევი ფლობს Bombardier Global Express XRS-ს, ანუ მოდელს, რომელიც ემსგავსება Bombardier Challenger 850-ს.

რუსი ჟურნალისტები ადრე აღნიშნავდნენ, რომ მიხაილ მიშუსტინის ოჯახს მჭიდრო კავშირი აქვს „როსნეფტის“ მაღალი რანგის მენეჯერებთან. Transparency International-ის რუსული განყოფილების წარმომადგენელი ილია შუმანოვი და ჟურნალისტი ანასტასია გორშკოვა აღნიშნავდნენ, რომ მიშუსტინი მონაწილეობდა სოფელ უბორში, თავისი სახლის მახლობლად მდებარე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის აღდგენაში. ამ პროექტის განხორციელებისთვის შექმნილი ფონდის დამფუძნებელთა შორისაა ნატალია სტეტინა და რუსეთის გადასახადების აკრეფის ყოფილი მინისტრი, ახლა „როსნეფტის“ მმართველობის წევრი, გენადი ბუკაევი. სტეტინა კავშირშია ასევე ანდრეი ბოკარევთან, ურალის სამთომეტალურგიული კომპანიის თანამფლობელთან: სტეტინა და ბოკარევი განათლების, ქველმოქმედებისა და სპორტის ფონდის, „პრომისის“, და ოდინცოვოს ჰოკეის კლუბის, „სპორტიმას“, თანადამაარსებლები არიან. ამ კლუბში თამაშობდა ახლანდელი პრემიერ-მინისტრი. ბოკარევი ახლოს იცნობს იგორ სეჩინს, ისინი კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოში (მისი წევრი თვითონ მიშუსტინიც არის) შედიან და ერთად ნადირობენ.

სტუმრები ძვირად ღირებული კურორტისა, რომლის „როსნეფტის“ „პანსიონატად“ გადაქცევას ფიქრობდა მისი მფლობელი, იყვნენ ნათესავები არა უბრალოდ საგადასახადო უწყების ხელმძღვანელისა, არამედ პირისა, რომელიც ახლო კავშირშია ამ კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერებთან. და ამავე დროს, მათთან ერთად სარდინიაზე ისვენებდა „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის, ოჯახი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG