Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო აკადემიამ პედაგოგი დასაჯა: კრიტიკა თუ ცილისწამება?


თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობის უფლება ჩამოერთვა გოჩა ბარნოვს. სასჯელი პედაგოგმა „სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების“ გამო დაიმსახურა.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული წერილობითი განცხადებით ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭო გოჩა ბარნოვს გულწრფელი სინანულის გამოხატვას სთხოვდა.

„სამეცნიერო საბჭომ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაადგინა, რომ ბ-ნ გოჩა ბარნოვს შეუწყდეს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას“, - წერია სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს განცხადებაში.

საბჭო ცილისწამებას უწოდებს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგის, გოჩა ბარნოვის გამონათქვამებს, რომლებშიც ის საპატრიარქოს, სინოდის, ეკლესიისა და სასულიერო აკადემიის ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას.

14 თებერვალს გამართულ სხდომაზე თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭო გოჩა ბარნოვს სინანულს მთელი რიგი განცხადებების გამო სთხოვდა.

  • „საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს... მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია“.
  • წმინდა სინოდის წევრები „ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ".
  • „საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ“.

ასევე, საბჭოს შეფასებით, „უაღრესად შემაშფოთებელი და გამოთქმის ფორმით ყოველგვარ ზღვარს გადასული, უტიფარი“ განცხადებაა გოჩა ბარნოვის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადება:

„თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედა ეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან.

ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული, და მაშასადამე, დედა ეკლესიის წიაღში, მეორენი კი, მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად“.

სასულიერო აკადემიის წერილობით განცხადებაში ჩამოწერილია სია სტუდენტებისა, რომლებმაც, საბჭოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ სწავლების კურსი „თბილისის სასულიერო აკადემიის ინიციატივით და შუამდგომლობით“ დაასრულეს.

თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭო საგანგებოდ აღნიშნავს, რომ პედაგოგის უფლებამოსილება გოჩა ბარნოვს არა განსხვავებული აზრის გამო, არამედ ცილისწამებათა მოუნანიებლობის გამო შეუჩერდა.

„საგანგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა, მიმართული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობის, საზოგადოების და თითოეული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG