Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, ბრალი წარედგინა


სასულიერო პირს, რომელიც ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება, ბრალი წარედგინა.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შსს-ში, ხუთი შვილის დედის მიმართ, ყოფილი მეუღლის, სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე, ბრალი წარედგინა ლაშა ჩიქოვანს.

სასულიერო პირს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ხუთი შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. როგორც მან რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: „დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“.

მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირის მიმართ 2014 წლიდან დღემდე, 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული და მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის 15 ნოემბერს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ნინო გორგოშიძე ამბობს, რომ მუქარა ყოფილი ქმრისგან არ წყდება.

სასულიერო პირის მიმართ 15 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 126-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას. 8 იანვარს, რადიო თავისუფლებას შსს-ში განუმარტეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და იმ მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც მხარეებმა გამოძიებას მიაწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG