Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „გავრილოვის სია“ შედგება


„ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, რომ დაიწყოს მუშაობა ე.წ. „გავრილოვის სიაზე“, რომელიც საქართველოს დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედ კონკრეტულ პირებს გააერთიანებს.

„გავრილოვის სიასთან“ დაკავშირებულ გეგმებზე 27 ივნისს ილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, სიაზე მუშაობის პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობასთან კონსულტაციით წარიმართება.

„დავიწყებთ მუშაობას როგორც პარლამენტში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ შედგეს ე.წ. „გავრილოვის სია“ იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, („გავრილოვის სია“) მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიაზე მუშაობის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, რა სამართლებრივი ფორმა მიეცემა ამ დოკუმენტს.

„გავრილოვის სია“ * იქნება ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებიც არიან პასუხისმგებელი, ერთი მხრივ, იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს; ანუ პირველ რიგში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი და მინისტრი გახარია, რომელიც დღემდე არ გადაუყენებიათ და გარდა ამისა, ჩამონათვალი იქნება იმ დეპუტატების, რომლებმაც გააგრძელეს გავრილოვის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება პარლამენტში და 26 ივნისს ხმა მისცეს ოპოზიციონერი დეპუტატისთვის (ნიკა მელიასთვის) იმუნიტეტის ჩამორთმევას“, - განმარტა სალომე სამადაშვილმა.

სერგეი გავრილოვი რუსეთის ფედერაციის დუმის კომუნისტი დეპუტატია, რომლის სახელსაც უკავშირდება თბილისში ბოლო დროს განვითარებული ხმაურიანი მოვლენები, რომლებსაც ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვი საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა, განგაში ატეხეს საპარლამენტო ოპოზიციის წამომადგენლებმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ - დაუშვებელი იყო სხდომის გაგრძელება. პროტესტი გამოხატეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლებმაც. სხდომა ჩაიშალა.

სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფო წესით დატოვეს საქართველო. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა.

დიდი სამოქალაქო მღელვარების ფონზე, 21 ივნისს პოსტიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ხოლო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატი დატოვა.

მანამდე, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო. საავადმყოფოში მოხვდა 240-მდე ადამიანი, 305 პირი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.

* სტატიის თავდაპირველ ვარიანტში არ იყო განმარტებული, სავარაუდოდ ვინ მოხვდება "გავრილოვის სიაში". ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG