Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ძველი პოლიტიკიდან ახალ პოლიტიკაზე გადასვლის კრიზისია


ავტორი: რატი აბულაძე

საქართველო იმყოფება ძველი პოლიტიკიდან ახალ პოლიტიკაზე გადასვლის კრიზისში, რომლის დაძლევის რესურსი მხოლოდ ლოზუნგების დონეზეა.

პოლიტიკურ ენაზე, ქვეყნები ძველი პოლიტიკით ასოცირდება არაეფექტურ მმართველობასთან და ქაოსურ მდგომარეობასთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

  • ბიუროკრატიის მოუქნელი და ხისტი მექანიზმები;
  • გარიგებების დადება „ბურუსით მოცულ“ ოთახებში;
  • რეფორმების და ამბიციური რესურსებისადმი მმართველობითი შიში;
  • ყველგან ელიტური წრის აჩრდილი;
  • შესრულების დაბალი კულტურა. ცვლილებების არაპროგნოზირებადი და გაურკვეველი შედეგები;
  • აღშფოთებული ბიზნესი, „გაჩანაგებული“ საშუალო კლასი და გაღარიბებული საზოგადოება.

ქართულ პოლიტიკურ ველზე ერთის მხრივ გვყავს „წყნარი ძველები“ - ლოზუნგებით, შეჩვეული ურთიერთობებით, დაბლაგვებული მიდგომებითა და აპრობირებული ტექნოლოგიებით. ხოლო მეორეს მხრივ კი „ხმაურიანი ახლები“, ინოვაციური იდეებითა და სტატეგიული ხედვებით. აღსანიშნია, რომ აღნიშნულ მოცემულობაში:

  • ძველი კლასი ფლობს ეკონომიკურ ძალაუფლებასა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს,ხოლო საზოგადოება კი - სიღარიბეს, ეკონომიკურ პრობლემებს, უმუშევრობასა და უკმაყოფილებას;
  • ძველი კლასის პარტიები არ აჩვენებს ახალი პოლიტიკის ჩანასახებს. მათი პოლიტიკური ტექნოლოგიები და მიდგომები ვერ უმკლავდება ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რეგიონულ გამოწვევებსა და განგრძობად ოკუპაციას;
  • ძველპრაგმატული პოლიტიკა უფრო ორიენტირებულია სოციალურ მახასიათებლებსა და ამომრჩევლების ზემოქმედებაზე, ვიდრე ნაციონალურ პრობლემებზე - სიღარიბის აღმოფხვრისა და ტერიოტორიების დაბრუნების პრაქტიკულ ნაბიჯებზე;
  • გამოწვევების ფონზე, ძველი კლასი ენერგიულად ილაშქრებს ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ამბიციური შეფასებების წინააღმდეგ, აკნინებს აკადემიურ და საზოგადოებრივ აზრს, ვერ ავითარებს აკადემიური სექტორის იდეებს, ვერ ახდენს მათ მიერ წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი იდეებისა და რეკომენდაციების ხორცშესხმას;
  • მართალია ძველი კლასის პოლიტიკა ცდილობს რეპროდუქტიულობას, თუმცა ახალი პოლიტიკური რესურსის გარეშე კონტრასტის მიღწევა შეუძლებელია. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ არსებითად მოძველებულია მათი პოლიტიკური ტექნოლოგიები, ლოზუნგები, მიდგომები, სიმბოლოები, ურთიერთობები და ქცევის ასპექტები;

აღსანიშნია, რომ ახალი პოლიტიკა არ გულისხმობს ნებისმიერ ახალ სახეს, ჩინისა და თანამდებობის მქონე პირს. ჩინი და თანამდებობა კი არ ქმნის პოლიტიკას, არამედ კომპეტენცია, აკადემიური და ორატორული უნარი ქმნის პოლიტიკას.

ახალი პოლიტიკა არის ხელისუფლებაში მოსვლის სწაფვა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, და არა საკუთარი მიზნებისათვის. ამ მისიისთვის, პოლიტიკაში მომსვლელი თითოეული პირი უნდა ფლობდეს სოციალური სტრუქტურის შესაბამის სტრატეგიას, პოლიტიკურ ინდივიდუალობას და ორატორობის ნიჭს.

ხაზგასასმელია, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ახალი პოლიტიკური სტილის მქონე პირები უნდა გამოირჩეოდნენ ინდივიდუალობით, თამამი რეფორმების გატარების მისწრაფებით, ამბიციური ხედვებით, ახალი სტანდარტებით, სტრატეგიული გეგმებით, არაორდინალური ეპოქის შესაბამისი მიდგომებითა და კომპეტენციებით.

დამაიმედებელია, რომ ქართული საზოგადოების აქტიური პირები ფლობენ საზოგადოების მხარდაჭერას, ეკონომიკური პრობლემების დაძლევის რესურსსა და დარგის განვითარების უნარს, რაც ნიშნავს, რომ ფლობენ ქვეყნის განვითარების დიდ პოტენციალს. თუმცა არ ფლობენ მმართველობით და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რითაც ძველი პოლიტიკური კლასი სარგებლობს.

ამიტომ, აღვნიშნავ, რომ ელიტური წრის აჩრდილი, როგორც საკადრო პოლიტიკაში ჩანს ისე, რომ საზოგადოების ეკონომიკურ აქტივიზაციაშიც ჩანდეს, ამდენი ეკონომიკური პრობლემა არ იქნებოდა.

არსებითია აღინიშნოს, რომ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი პოლიტიკური სუბიექტების წარმოქმნასა და სიცოცხლისუნარინობის პროცესს, ხოლო მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა გააჩნია საარჩევნო სისტემას, როგორც პროცედურულ საკითხს. დღეს, ქვეყანაში უფრო მეტი აქცენტი კეთდება საარჩევნო სისტემის ფორმის განხილვაზე და უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ახალი რესურსით გაძლიერებას.

საკითხის შეჯამების საფუძველზე აღვნიშნავ, რომ:

  • სახელმწიფოებრივად მომგებიანი იქნება, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს ახალი პოლიტიკური სუბიექტების წარმოჩენის პროცესზე, ვიდრე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე;
  • პოლიტიკა კი არ უნდა გვთავაზობდეს დეპუტატებს, არამედ დეპუტატობის მანდატისთვის მებრძოლი პირები უნდა გვთავაზობდეს პოლიტიკას(სტრატეგიულ გეგმებს, დარგის განვითარების პროგრამებს, პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ მიდგომებს);
  • სწორედ ახალი პოლიტიკური კლასის შექმნის საფუძველშია ქართული პოლიტიკის რეორგანიზება, გლობალური როლის ზრდა, რევოლუცია ეკონომიკაში, საქართველოს თითოეული მოქალაქისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა;
  • დაბოლოს, მხოლოდ ახალი პოლიტიკური პოლუსის შექმნით იქნება მიღწეული საქართველოს სრული განახლება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG