Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 მაისს 


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 593

გარდაცვლილი - 9

გამოჯანმრთელებული - 223

კარანტინში - 4830

სტაციონარში - 521

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შაბათ-კვირას 9-მდე გაიზარდა. მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ბრონქული ასთმა ჰქონდა მძიმე მიმდინარეობით, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. პაციენტს კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ქვეყანაში ვირუსის 589 რეგისტრირებული შემთხვევაა. ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარია. ინფიცირების შემთხვევის გამო სათნოების სახლის 180 ბენეფიციარს გამოკვლევა ჩაუტარდება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.

ამჟამად მსოფლიოში ვირუსის შემთხვევები 3 მილიონ 300 ათასს აჭარბებს. ეპიცენტრი ისევ აშშ-ში რჩება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იზრდება. რუსეთში ზედიზედ მეორე დღე-ღამეა, სარეკორდოდ მაღალია კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა.

3 მაისს ოპერატიული შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკანასკნელ დღე-ღამეში დაფიქსირდა ინფიცირების 10633 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში COVID-19-ით გარდაიცვალა 58 ადამიანი. გარდაცვალილთა საერთო რაოდენობაა 1280, რუსეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კი - 134687 ადამიანი.

წაიკითხე მეტი.

დაიწყო მეშვიდე კვირა შიდა გავრცელებიდან - რას ნიშნავს ეს?

დღეს მეშვიდე კვირა დაიწყო მას მერე, რაც საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში გააკეთა. მისი განმარტებით, ახლა ქვეყანა შუა პიკში იმყოფება.

„ჩვენ პიკში უკვე შესული ვართ, შიდა გავრცელების შემთხვევიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა არის პიკი. ჩვენი შიდა გავრცელება დაფიქსირდა 22 მარტს, ასე რომ, უკვე შევდივართ მეშვიდე კვირაში. ყველა ქვეყანაში, სადაც კორონავირუსის ინფექცია ვითარდება, დაახლოებით ეს სცენარი განვითარდა. ძალიან ბევრი და კარგი, დროული ღონისძიებებით მაქსიმალურად შევაკავეთ ქვეყანაში ინფექციის გავრცელება. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვქონდეს დუნე მატება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე დაამატა, რომ საქართველოში შემთხვევების ასეულებით ზრდას არ ელის.

საოკუპაციო ძალებმა გატაცებული ცოლ-ქმარი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ ორი კვირის წინ დაკავებული, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან.

მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ცხინვალის კარანტინში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდია.

„ჯარიმა არ გადაგვიხდია. ორკვირიანი ვადა გავიდა კარანტინის და გამოუშვეს. ახლა სახლში არიან დათა პაპასთან ოკუპირებულ მხარეს, აქეთ ვერ გადმოვლენ. თუ გადმოვლენ, უკან ვეღარ დაბრუნდებიან, შემდეგ უკვე პატიმრობა ემუქრებათ. ვიცით, რომ ორივე კარგადაა“, - ამბობს დაკავებულის და თამთა ადიკაშვილი.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ორი კვირის წინ დააკავეს. მათ საკარანტინო რეჟიმი ჯერ ოკუპირებულ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გაიარეს.

წაიკითხე მეტი.

მიზანი: ხალხი რომ ერთმანეთს გადაემტეროს, შეთქმულების თეორიები რომ დაიჯეროს

ფეისბუკის მიერ 30 აპრილს წაშლილი გვერდების ქსელი (News-Front) რუსეთის პროპაგანდისა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას საქართველოშიც ცდილობდა - ISFED-ის კვლევამ გამოავლინა სქემა, რომელიც ხალხის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

ფეისბუკის მიერ დაბლოკილი გვერდის - „ნიუს-ფრონტ საქართველოს“ (News-Front Georgia) ადმინისტრატორი - კონსტანტინე ჩიკვილაძე ნაცნობ-მეგობრებთან დაკავშირებას 30 აპრილს „დამხმარე პროფილის“ საშუალებით ცდილობდა. ის წუხდა, რომ ფეისბუკმა მას პირადი ანგარიშიც დაუბლოკა.

ამ ფაქტის სავარაუდო მიზეზს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ახალ კვლევაში ვხვდებით. საქმე ის არის, რომ კონსტანტინე ჩიკვილაძის მიერ მართული ფეისბუკგვერდი („ნიუს-ფრონტ საქართველო“) რუსეთის პროპაგანდას ემსახურებოდა და ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ, პოლარიზაციის გამაღრმავებელ ინფორმაციას ავრცელებდა.

წაიკითხე მეტი.

  • ასრულებს თუ არა ეკლესია თავის დანიშნულებას დღეს და როგორ ასრულებდა თავის დანიშნულებას საბჭოთა წლებში, როცა ეკლესიაში ბასილ კობახიძე მივიდა?
  • ვის ემორჩილებოდა საპატრიარქო?
  • ბასილ კობახიძის ამბავი - ყოფილი მღვდელი საქართველოს საპატრიარქოს უახლესი ისტორიის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG