Accessibility links

site logo site logo

საქართველო კორონავირუსის მორიგი ტალღის პირისპირ - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 ივლისს


საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარი „დელტა“ შტამია

გუშინ საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის მორიგი პიკი დადასტურდა - 3666 ახალი შემთხვევა. ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი ე.წ. დელტა შტამის კორონავირუსს ებრძვის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მეორე კვირაა ქვეყანაში „დელტა პლუსის“ შტამიც დადასტურდა, რომელიც კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მეოთხე ტალღა - რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება, უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მესამე. მიუხედავად ამისა, შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში არ იგეგმება. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე რეგულაციების აღსრულება უნდა გამკაცრდეს. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი წვეულებებზე წასვლისგან და ნაცვლად ამისა, მიმართონ აცრის ცენტრებს ვაქცინაციისთვის.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"მთავარი არხის" სარეკლამო კომპანიაში საგადასახადო სამსახური შევიდა

"მთავარი არხის" გაყიდვების კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა, მოგვიანებით კი შემოსავლების სამსახურმაც დაადასტურა.

„ეს იდენტურია ჩვენთან შემოსვლის. იქ რომ რამე დააყადაღონ, ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა“, - განმარტავს ნიკა გვარამია. მან საგამოძიებო მოქმედებების დაწყება არჩევნების გაყალბებას დაუკავშირა.

ტელეკომპანიის გაყიდვების კომპანიაში დაწყებული შემოწმების შესახებ შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით“.

15 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სამ ტელეკომპანიაში [„მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი] შავი ფული ტრიალებს და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

წაიკითხე მეტი.

ბათუმში დაიწყო ვაქცინაცია ორ სავაჭრო ცენტრში

27 ივლისიდან ბათუმში „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშია შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულების გარეთ სავაჭრო ცენტრებში „ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო კუთხეში ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ იმუნიზაციაში ჩართვა.

ამცრელი ჯგუფები დაკომპლექტებულია სამედიცინო პერსონალით და სავაჭრო ცენტრებში იმუნიზაციის პუნქტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით განთავსდა. აჭარაში დღემდე 45 ათასამდე მოქალაქე აიცრა.

წაიკითხე მეტი.

გაუჩინარება ბელარუსიდან საქართველოს გავლით?

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსიდან გაუჩინარდა ავიადისპეტჩერი ოლეჰ გალეგოვი, რომელმაც 23 მაისს მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რასაც დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.

თუ ის მოახერხებს ევროპაში უსაფრთხოდ გადასვლას, რასაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის ბევრი ოპონენტი ცდილობს, ავიადისპეტჩერი ოლეჰ გალეგოვი შეიძლება გახდეს „ოქროს მოწმე“ იმ საქმეში, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO იძიებს.

გამოცემა Наша Ніва-ს ბელარუსის აერონავიგაციის სამსახურის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ გალეგოვი მოულოდნელად გაუჩინარდა, ტელეფონი გათიშა და სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები წაშალა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ არ გამორიცხა, რომ ოლეჰ გალეგოვი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ნათესავები ჰყავს.

საქართველოში წასვლის ვარაუდს გალეგოვის წარმომავლობის გარდა ისიც აძლიერებს, რომ ბოლო ხანს საქართველო იქცა ერთგვარ სატრანზიტო პუნქტად არაერთი ბელარუსი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტისთვის, რომლებიც მისი გავლით ცდილობენ უსაფრთხო ევროპაში მოხვედრას.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

რაზეა წიგნი “შეიყვარე შენი თავი” - რადიო თავისუფლება ნოველებს გაეცნო

კოსმეტიკის კომპანია „ბოდი შოპმა” გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ახალი წიგნი გამოვა - „შეიყვარე შენი თავი”. პოსტში კომპანია ჰყვებოდა, რომ 13 რეალური ქალის ისტორიაზე დაფუძნებული წიგნის მიზანი ქალების გაძლიერებაა. პოსტში ჩამოთვლილი იყო ის ექვსი კაცი მწერალი, რომლებმაც ამ ისტორიებზე დაფუძნებით ნოველები დაწერეს. „ბოდი შოპში” გვითხრეს, რომ ტექსტების ავტორებმა მცირე ანაზღაურება მიიღეს. ქალებს, რომლებმაც მწერლებს ისტორიები გაუზიარეს, ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ბოდი შოპის” პოსტს, საიდანაც ირკვეოდა, რომ ქალების ისტორიებზე წიგნი კაცმა ავტორებმა დაწერეს, ფეისბუკში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ქალების შესახებ კაცების დაწერილ წიგნს აკრიტიკებს, მეორე კი მწერალი კაცების შრომას იცავს.

კომპანიის მიერ ქალების გაძლიერებაზე დაწერილ ფეისბუკპოსტში ცნობილი კაცი მწერლები იყვნენ ნახსენები, ქალების ვინაობის შესახებ კი არაფერი ეწერა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ წიგნში მხოლოდ კაცები წერდნენ ქალების შესახებ. კომპანიამ პოსტი მალევე წაშალა, თუმცა უკვე გვიანი იყო.

„ბრენდი იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ირინა ადეიშვილმა, - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ცამეტი გოგოს ისტორია, რაც იყო ამოსავალი წერტილი ამ პროექტის. ძალიან გვინდა, რომ ეს გოგოები დარჩნენ ისევ მთავარ გმირებად“.

რა წერია წიგნში და რამ გამოიწვია საზოგადოების უარყოფითი რეაქცია? წაიკითხე ვრცლად თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG