Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო კრიტიკული ფაზის მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 მარტს


COVID-19-ის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 75

გამოჯანმრთელებული - 10

კარანტინში - 4055

სტაციონარში - 252

საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელების წინა კრიტიკულ ფაზაში კიდევ 10 დღე იქნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი პროგნოზით დაახლოებით 10 დღის მერე გადავა ქვეყანა კრიტიკულ ფაზაში. მან დაამატა, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა თვითიზოლაციაა.

ამჟამად კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 75-ია. ყოველდღიურად მატულობს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 10 პაციენტი კი უკვე გაეწერა. ექიმების პროგნოზით რამდენიმე დღეში ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკა გამყრელიძის გამოწერაც გახდება შესაძლებელი.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად ეპიდემიის რუკაზე კი ისევ აპენინის ნახევარკუნძულია მონიშნული. იტალიაში გუშინ 683 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა იქ 7 500-ს აჭარბებს. კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევა კი 74 000-ს სცდება.

ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიის შემდეგ უკვე ესპანეთმაც გადაასწრო. იქ 3 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ახალი კროონავირუსის შედეგად. საგანგებო მდგომარეობა გავრცელდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მკაცრი საკარანტინო რეჟიმია ჩეხეთის რესპუბლიკაშიც, სადაც გუშინ სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსი არ ცნობს ტიტულებს. COVID-19 დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

წაიკითხე მეტი.

თბილისში ვენიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ელოდებიან

დღეს შესრულდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში 300 მოქალაქე უკვე დაბრუნდა. ისინი კარანტინში არიან. რეისები შესრულდება მომდევნო დღეებშიც, მაგალითად 31 მარტს ამსტერდამიდან ჩამოფრინდებიან საქართველოს მოქალაქეები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, ნებისმიერი კლასის სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად დაცული უნდა იყოს.

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

რა მოარჩენს სიძულვილით მიყენებულ ჭრილობებს?

„მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!“ - ბოლო ორ დღეში ქართული ფეისბუკსივრცე ამ შინაარსის პოსტებით აჭრელდა.

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები იძულებულები გახდნენ ასე გამკლავებოდნენ სიძულვილის ტალღას, რომელიც მათ მიმართ მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, შიდა გავრცელების საფრთხე შეიქმნა, ხოლო მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა.

სიძულვილის ტალღა იმდენად მტკივნეული და რთულად მოსანელებელი აღმოჩნდა, თან კორონავირუსის გამო ისედაც გამძაფრებული შიშის და ჩაკეტილი ზონის პირობებში, რომ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს ე.წ. ფეისბუკგამოწვევა ქართულ ენაზე. ამით ისინი მხარდაჭერას ითხოვენ და ყველას მოუწოდებენ სიძულვილისგან, ქსენოფობიური განწყობების გამოვლენის თავშეკავებისკენ.

წაიკითხე მეტი.

ქმარი ანუ პაციენტი #13

5 მარტი იყო, ხუთშაბათი, შუადღე, ქმარმა სამსახურიდან რომ დაურეკა, დღეს სახლში ვეღარ მოვალ, მეგობარს, რომელიც ორშაბათს ვნახე, კორონავირუსი აღმოაჩნდა, ახლო კონტაქტად ვითვლები და თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეო.

მას შემდეგ, 20 დღე გავიდა. მიკა ძიძიგურის ქმარი ჯერ ისევ ინფექციურ საავადმყოფოში წევს. კორონავირუსი 8 მარტს დაუდასტურდა.

რამდენიმე დღის წინ, ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მართალია მცირედ, მაგრამ მაინც აღმოჩნდა მის სინჯში. მესამე ტესტს, სავარაუდოდ, ორ დღეში აუღებენ და თუკი ექიმები საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ის გამოჯანმრთელდა, საავადმყოფოდან გაწერენ. თუმცა, ორი კვირის განმავლობაში კვლავ თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა.

პირველი შეგრძნება, რაც გამიჩნდა, სრული მოულოდნელობა იყო. მართალია კორონავირუსის პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირებული იყო საქართველოში და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ვირუსი შესაძლოა, ჩვენც შეგვხებოდა, შეიძლებოდა მეც კი შემხვედროდა და თითქოს ამისთვის მზადაც ვიყავი, მაინც ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. მოწმენდილ ცაზე, არსაიდან რომ არ ელი, ისე დაგვეცა თავზე. შემდეგ ენით აღუწერელი შიში დამეუფლა. შიში, რომ ბავშვებს არ გადასდებოდათ, - ასე აღწერს მიკა ძიძიგური თავის პირველ ემოციებს ნინო თარხნიშვილთან ინტერვიუში. როგორ გაიარა ოჯახმა ძალიან გრძელი 14 დღე, წაიკითხე აქ.

ინტერვიუ საპატიმროდან გათავისუფლებულ ბესიკ თამლიანთან.

  • ის გაბრაზებულია, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს - 4 აპრილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა და გათავისუფლება ისედაც მიწევდა, ხელისუფლებამ ამით ქულების დაწერა სცადა, მაგრამ არ გამოუვაო. 20 ივნისის მოვლენების გამო ის 2-ჯერ იყო დაკავებული.
  • ბესიკ თამლიანი ამზადებს სარჩელს იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებდა და უდანაშაულო ადამიანებიც ამ მიზნის გამო მოხვდნენ ციხეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG