Accessibility links

site logo site logo

საქართველო COVID-19-ის „დელტა“ შტამის პირისპირ - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ივნისს


„დელტა“ ანუ ინდური შტამი ძალას იკრებს - რას დაუპირისპირებს მას საქართველო და მსოფლიო

„დელტა“, იგივე „ორმაგი მუტანტი“, იგივე, „ინდური შტამი“, ოფიციალურად კი B.1.617.2 - კორონავირუსთან მებრძოლი მსოფლიოს ახალ თავსატეხად იქცა. 24 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის მუტირებული, დელტა შტამი, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, ის ე.წ. ტრადიციულ, უჰანურ შტამსა და ბრიტანულ, ე.წ. ალფა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და მძიმე პაციენტებისა და გარდაცვალების რიცხვის მატებას იწვევს.

24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში, დელტა შტამის ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი 20-ს აღწევს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ამავე მონაცემის შესახებ საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი 19 ივნისსაც. ამირან გამყრელიძის მტკიცებით, დელტა შტამის ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეალურად, დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში გაცილებით მაღალი უნდა იყოს:

„ჩვენ ვანგარიშობთ, რომ დღეს, დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და ის 10-დან 20%-მდე მერყეობს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს „ბრიტანულ შტამს“ და მოსალოდნელია, რომ ეს თანდათან საქართველოშიც მოხდეს. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დასაცავია“.

როგორ ებრძვის მსოფლიო „დელტა“ შტამს და რამდენად ეფექტურია მის წინააღმდეგ ის ვაქცინები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება? ვრცლად წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

რატომ აღმოჩნდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დეფიციტში? ამ საკითხს აუდიტი სწავლობს

რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი - ამას აუდიტის სამსახური დაადგენს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოკვლევა უკვე დაწყებულია. მისი სიტყვებით, ვაქცინები არსად გამქრალა, თუმცა ვაქცინაციის პროცესის ხარვეზების გარეშე გასაგრძელებლად საჭიროა აუდიტის რეკომენდაციები. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ აუდიტის მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, დადგება თუ არა რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხი ამ თემაზე.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინის არც ერთი დოზა „არც დაკარგულა და არც აღმოჩენილა“. მან ეს კომენტარი მედიასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, შესაბამისი კითხვის პასუხად.

„არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა, გიდასტურებთ, მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. გიდასტურებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. დღესაც გახლდნენ ჩვენთანაც პირველად. ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს, ეს არის ე.წ. ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დილით 10:00 საათზე პირველად იყო ჩვენთან“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

წაიკითხე მეტი.

სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად, „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს მარშის გაუქმებას

„თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად.

„სახელმწიფომ იცის დიდი ხანია, რომ ვაპირებთ ღირსების მარშის ჩატარებას და ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ჩვენი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და ჩვენი უსაფრთხოების დაცვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი ანა სუბელიანი.

„ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას აცხადებენ ანტი-ლგბტქ აქტივისტები და ორგანიზაციები, როგორიცაა - „ალტ-ინფო“, „მამულიშვილები“, „ჩოხოსანთა საზოგადოება“, „დავითიანი“, „ერი“, „ქართული იდეა“ და სხვები.

„ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ“, - აცხადებენ ისინი.

წაიკითხე მეტი.

პრემიერ-მინისტრი წლიური მოხსენებით პარლამენტში მიდის

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით მივა. ის დეპუტატებს გააცნობს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ სიახლეებს. ამ ფორმატში გათვალისწინებულია კითხვა-პასუხის რეჟიმიც.

თვის დასაწყისში პრემიერმა იგივე ანგარიში წერილობითი ფორმით წარუდგინა პარლამენტს. 151-გვერდიან დოკუმენტში საუბარია პანდემიის პერიოდში ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნებაზე, მოსახლეობისა და კერძო სექტორის დახმარებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოწვევების მიუხედავად ოთხი მიმართულებით პროგრესს ასახელებს, ესენია:

  • საგარეო პოლიტიკა;
  • უსაფრთხოება;
  • კონფლიქტის მოგვარება;
  • ადამიანის უფლებები.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

გია ბუღაძის ნახატები პარლამენტის მეფეთა დარბაზში პანელებით დაფარეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში, ბაგრატოვანთა (მეფეთა) დარბაზის კედლის მოხატულობას, რომელიც 2002 წელს ზურაბ ჟვანიას თხოვნით შეასრულა მხატვარმა გია ბუღაძემ, პანელები აქვს აფარებული და თითქმის მთლიანად დაფარულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს პარლამენტში, ნახატების დაფარვის გადაწყვეტილება მისი დაცვის მოტივით იქნა მიღებული, ვინაიდან ამ დარბაზში ხშირად ტარდებოდა შეხვედრები და არსებობდა ნახატების დაზიანების საფრთხე.

„ამ ოთახში ხშირად ტარდება სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა და ნახატების დაცვის მიზნით აქვს აფარებული ქსოვილის შემცველი დამცავი პანელი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამსახურში აყვანამდე - რა გავიგე გასაუბრებებზე სიარულით და რა გავაკეთოთ, თუ ჩვენი უფლებები ირღვევა

გათხოვილი ხარ?
სადაური ხარ?
პირადობის ნომერი მითხარი!
ხვალვე რატომ ვერ დაიწყებ მუშაობას?!

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ კითხვა-მოთხოვნიდან, რომელიც შეიძლება გასაუბრებაზე დამსაქმებლებისგან მოისმინოთ. აი, თვითონ კი, სამსახურის მაძიებელთა კითხვებზე პასუხი ნაკლებად სურთ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ანაზღაურება და სამუშაო საათებია.

ანა (სახელი შეცვლილია), რადიო თავისუფლებას დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდა. ის დიდი ხანია მომსახურების სფეროში მუშაობს. გვთხოვდა, რომ გასაუბრებებზე სამუშაოს მაძიებლების უფლებები გამოგვეკვლია. თავად რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა გადახდა, როცა არ იცოდა, როგორ ემოქმედა, რის უფლება ჰქონდა მას და დამსაქმებელს? მაგალითად, შეუძლია დამსაქმებელს, რომ პირველივე შეხვედრაზე პირადობის ნომერი მოგვთხოვოს? რამდენად მისაღებია, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც საქმესთან არაფერ შუაშია? ასევე ხშირად ჰქონია პრობლემა ანაზღაურების ოდენობის გამორკვევასთან - მომავალ უფროსებს აშკარად არ სიამოვნებდათ, თუ ანა ბონუსის დაზუსტებას მოითხოვდა. ზოგი დამსაქმებელი პირობებს არ აცნობდა, სანამ ტესტირებას არ გაივლიდა.

ანასთან საუბრის შემდეგ რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თამუნა ჩქარეულმა გადაწყვიტა, თავად მისულიყო რამდენიმე გასაუბრებაზე და გაერკვია, რა პირობებს სთავაზობენ და რა კითხვებს სვამენ დამსაქმებლები, შემდეგ კი იურისტისგან გაეგო, რა არის მისაღები და რა - არა. ექსპერიმენტის შედეგები წაიკითხე აქ.

დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს (ეს უკვე დიდი გამარჯვებაა ქართული კინოს ისტორიაში). თუმცა ფესტივალი პანდემიის გამო არ ჩატარდა. ახალგაზრდა რეჟისორი დათანხმდა, სურათი ეჩვენებინათ სექტემბერში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე. ესპანეთში დეამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა, მსგავსი არ ახსოვს სან-სებასტიანის კინოფორუმის ისტორიას - "დასაწყისი" ოთხი მთავარი პრიზით აღინიშნა. ქართულმა ფილმმა მოუგო დანიელი რეჟისორის ტომას ვიტენბერგის "თრობას", რომელიც წელს, ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა. გასული წლის ბოლოს "დასაწყისი" არაერთმა კრიტიკოსმა გაიხსენა, როგორც 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი.

რა უძღოდა წინ ამ აღიარებას? როგორ მოხვდა დეა ამერიკაში, სადაც კინოხელოვნებას კოლუმბიის უნივერსიტეტში დაეუფლა. როგორ გაიცნო "დასაწყისის" პროდიუსერი, თანამედროვეობის უდიდესი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რატომ დაინტერესდა "იეჰოვას მოწმეების" ცხოვრებით და საიდან გაჩნდა ფილმში ანტიკური "მედეას" სახე?

გოგი გვახარია და დეა კულუმბეგაშვილი საუბრობენ ახალი ქართული ფილმის ენაზე, სტილზე, გამომსახველობით საშუალებებზე. დეა იხსენებს თავის საყვარელ რეჟისორებს და სრულიად დარწმუნებულია, რომ არსებობს ე.წ. ქალური კინო, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური კინოსგან - ეს სრულიად სხვა ხედვაა, ისეთივე განსხვავებული, როგორიც ფილმი "დასაწყისი", რომელსაც პირველად უჩვენებენ საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG