Accessibility links

site logo site logo

საჩივარი ბოლო მომენტში


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სასამართლოს გზით დაუპირისპირდა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ კაცს, იგორ კოლომოისკის, რომელიც გარდა იმისა, რომ პოროშენკოს სტაჟიან და ანგარიშგასაწევ მოწინააღმდეგედ ითვლება, ზურგს უმაგრებს ლიდერს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ვლადიმირ ზელენსკის.

წინასაარჩევნო ვნებათაღელვა

თუ ვინმეს სურს ყურადღების გადატანა ყველაზე მწვავე პრობლემებიდან, რომლებიც უკრაინელებს წინასაარჩევნოდ აწუხებთ, არჩევანი დიდია: იქნება ეს პრეზიდენტობის კანდიდატთა ურთიერთბრალდებები ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ, ცნობები საარჩევნო კამპანიის საეჭვო წყაროებით დაფინანსებაზე, თუ სკანდალი ფარული მოსმენების გარშემო.

ახლა კი საარჩევნო კამპანიამ სასამართლომდეც მიაღწია: არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის გუნდმა გამოაცხადა, რომ უჩივის ტელეარხ 1+1“-ს - მედიასაშუალებას, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, იგორ კოლომოისკის, ეკუთვნის. პოროშენკოს გუნდი მას ბრალად სდებს პრეზიდენტის შესახებ „სისტემატურად სიცრუისა“ და „დეზინფორმაციის“ გავრცელებას, რათა შური იძიოს ტელეარხის ნაციონალიზაციის გეგმისათვის.

ვის ეშინია ნაციონალიზაციის?

იგორ კოლომოისკიმ უკვე გამოსცადა, რას მოასწავებს ასეთი გეგმა: მას ეკუთვნოდა უკრაინაში კრედიტების გამცემი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტი, „პრივატბანკი“, რომელიც 2016 წელს დაექვემდებარა ნაციონალიზაციას. კოლომოისკისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა „1+1“-ზე კონტროლის დაკარგვაც. ტელეარხის ეთერში გადის უაღრესად პოპულარული იუმორისტული შოუ, რომლის ვარსკვლავიც, კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, პრეზიდენტს განასახიერებს.

ტელეარხის ხელმძღვანელობამ პიარ-აქციად მონათლა პოროშენკოს საარჩევნო გუნდის სარჩელი - პრეზიდენტის ბრძოლად პოლიტიკური სიკვდილისაგან თავის გადასარჩენად. „1+1“-ში აცხადებენ, რომ ფაქტებს ეფუძნება ყველა საინფორმაციო გამოშვება, რომელიც იქ მზადდება. თავის მხრივ, ტელეარხი „ჟურნალისტური ნორმების“ დარღვევასა და პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს „პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებულ მედიას“. პრეზიდენტს ეკუთვნის „მეხუთე არხი“, რომელიც გამოირჩევა კოლომოისკის, ისევე როგორც ზელენსკის მიმართ კრიტიკული პოზიციით.

მსახიობი, როგორც პრეზიდენტი

ამ კვირაში საზოგადოებრივი აზრის სამმა დამოუკიდებელმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ვლადიმირ ზელენსკი პოპულარობით სარგებლობს არამარტო პრეზიდენტის როლის შესრულებისას: ის დამაჯერებლად ლიდერობს პრეზიდენტობის, მთლიანობაში, 39 კანდიდატს შორის. პოროშენკო მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან.

ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, გამარჯვებულის ვინაობას ვერ გამოავლენს 31 მარტის კენჭისყრა, რადგან ვერავინ მოიპოვებს ხმების ნახევარზე მეტს. თუ მართლაც ასე მოხდა, 21 აპრილს გაიმართება არჩევნების მეორე ტური პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატების მონაწილეობით.

ინტერნეტის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინაში ოთხიდან სამი ადამიანი ძირითადად მაინც ტელევიზიიდან იღებს ინფორმაციას. ამდენად, გასაკვირი არ არის ოლიგარქების ძლიერი ინტერესი: ხუთი მათგანი აკონტროლებს ქვეყნის წამყვან ტელეარხებს.

„დუმილის ძალიან ხმაურიანი დღე“

„1+1“-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის გუნდის სარჩელსა და ბრალდებებს ემატება კრიტიკული შეფასებები 30 მარტის ტელეპროგრამაში შეტანილი გადაცემების გამო.

უკრაინის კანონით, კენჭისყრის წინა დღე „დუმილის დღედ“ ითვლება, საარჩევნო კამპანია დასრულებული უნდა იყოს. არადა, „1+1“-ის პროგრამაში ჩართულია ზელენსკის იუმორისტული შოუ, ისევე როგორც დოკუმენტური ფილმი, რომლის ტექსტსაც ზელენსკი კითხულობს. ძნელი წარმოსადგენია შემთხვევითი იყოს, რომ დოკუმენტურ ფილმში გვევლინება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი - კაცი, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე მსახიობი იყო, რის გამოც უკრაინაში ხშირად ავლებენ პარალელს მასა და ზელენსკის შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG