Accessibility links

სახალხო დამცველი: 2019 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა


სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ლგბტ+ პირთა დაცვისთვის და ძირითადად უმოქმედ რჩება მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს. ომბუდსმენი თვლის, რომ ლგბტ+ თემის წევრებს განსაკუთრებით უჭირთ გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის გართულებულია შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

სახალხო დამცველი თვლის, რომ 2019 წელს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშად და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტად გამოყენებაა, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG