Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახდეპის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში არსებული ვითარების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ და შრომით უფლებებს, როგორც ჩამოყალიბებულია უნივერსალურ დეკლარაციასა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებში.

მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ზოგიერთი შემთხვევის გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობის თვალსაზრისით...

საქართველოს შესახებ თავში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები იყო სიცოცხლის უკანონო ან განურჩეველი წართმევა რუსეთისა და დე ფაქტო მმართველების მხრიდან საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანთა განურჩეველი დაკავება მთავრობის, რუსეთისა და დე ფაქტო მმართველების მხრიდან; სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი პრობლემები, ასევე გამოძიებები და აღძრული საქმეები, რომლებიც ფართოდ იყო აღქმული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო შეჭრა პირად სივრცეში, გაუმართლებელი საპოლიციო ძალა ჟურნალისტთა წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ჩარევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში, მათ შორის გაუმართლებელი საპოლიციო ძალის გამოყენება დემონსტრანტთა მიმართ და ძალადობის ან მუქარის შემცველი დანაშაულები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი პირების მიმართ.

„მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის ზოგიერთი შემთხვევის გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობის თვალსაზრისით, გაუმართლებელი საპოლიციო ძალის გამოყენებაზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ 20-21 ივნისის დემონსტრაციებზე და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცებასა და [სხვა ქვეყნისთვის] გადაცემაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე თავში განხილულია 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მოტანილია ეუთოს შეფასება, კერძოდ, რომ პირველი რაუნდი ჩატარდა კონკურენტულად და პროფესიულად, მეორე რაუნდი კი შემაშფოთებელი იყო - მათ შორის კონკურენტთა შორის უთანასწორო პირობების, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სამაგიეროს გადახდის შიშის თვალსაზრისით.

მოსამართლეები მოწყვლადნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რომელიც მომდინარეობდა როგორც სასამართლო სისტემის წიაღიდან, ისე გარედან.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დე ფაქტო მმართველები დარჩნენ ცენტრალური მთავრობის კონტროლის მიღმა და მათ რუსეთის ძალები უჭერდნენ მხარს. მოქმედებაში დარჩა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რუსეთის მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. შეზღუდული წვდომის გამო, სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მწირი იყო, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ცნობები დარღვევების შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ნათქვამია ასევე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველები ზღუდავდნენ ადამიანების - განსაკუთრებით, ეთნიკური ქართველების - უფლებებს ხმა მიეცათ არჩევნებში ან სხვა ფორმით მიეღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში.

საქართველოს საერთო სურათის შეჯამებას მოსდევს რამდენიმე ქვეთავი სხვადასხვა სფეროს შესახებ. პიროვნების ხელშეუხებლობის შესახებ ქვეთავი მოიცავს თავისუფლებას განურჩეველი ან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისგან, სადაც ნახსენებია 2017 წელს კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში პანკისში 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წელს არ გავრცელებულა ცნობები მთავრობის უწყებების ჩარევით ადამიანთა უგზო-უკვლოდ გაქრობის შესახებ, თუმცა აღნიშნულია, რომ წინ არ წასულა 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმის გამოძიება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში გენერალური პროკურორის ოფისში სახალხო დამცველისგან შევიდა 92 წერილი, რომლებიც იუწყებოდა არასათანადო და არაადამიანურ მოპყრობას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის მუშაკებისგან.

ანგარიში ეხება ციხეებში არსებულ ვითარებასაც - „ციხეებში და დაკავების იზოლატორებში პირობები ადეკვატურია, თუმცა ზოგიერთ ძველ ობიექტს აკლია ვენტილაცია, ბუნებრივი შუქი, მინიმალური საცხოვრებელი სივრცე და ადეკვატური ჯანდაცვა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ციხეებში არსებული პირობები ქრონიკულად ჩამოუვარდება სტანდარტს“.

სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა ან არაეფექტურად მართავდა შეკრების თავისუფლებას.


ამავე ქვეთავში ლაპარაკია სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. „კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუმცა დარჩა ინდიკატორები ჩარევაზე ამ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. მოსამართლეები მოწყვლადნი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის წინაშე, რომელიც მომდინარეობდა როგორც სასამართლო სისტემის წიაღიდან, ისე გარედან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც ლაპარაკია ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებაზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნით, მათ შორის თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და მედიის მფლობელების მიმართ.

სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ ქვეთავში ნათქვამია, რომ მთავრობა დროდადრო ადეკვატურად არ იცავდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიისთვის. „წლის განმავლობაში ჟურნალისტები, ენჯიოები და საერთაშორისო თანამეგობრობა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ მედიის პლურალიზმის კუთხით შექმნილი ვითარების გამო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ცალკე მონაკვეთი ეძღვნება შეკრების თავისუფლების კუთხით გამოკვეთილ პრობლემებს: „კონსტიტუცია და კანონი ძირითადად ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოხატავდნენ შეშფოთებას კანონში გათვალისწინებული პირობების გამო, მათ შორის მოთხოვნისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა ხუთი დღით ადრე უნდა შეატყობინონ ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო სივრცეში შეკრების შესახებ, რაც ზღუდავს სპონტანურ დემონსტრაციებს. სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ პოლიცია ზოგჯერ ზღუდავდა ან არაეფექტურად მართავდა შეკრების თავისუფლებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG