Accessibility links

site logo site logo

საჰაერო საბაგირო შიდასაქალაქო ტრანსპორტად და მისი განახლების მოლოდინი ჭიათურაში


საბაგირო გზა ჭიათურაში

ჭიათურა საქართველოს რეგიონებში ერთადერთი ქალაქია, სადაც საჰაერო საბაგირო შიდასაქალაქო ტრანსპორტად გამოიყენება. მთაგორიანი რელიეფის მქონე ჭიათურაში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 20-ზე მეტი სამგზავრო და სატვირთო საბაგირო გზა ფუნქციონირებდა, დღეს კი ქალაქის ცენტრს მაღაროებთან, სხვადასხვა უბანსა და სოფლებთან 10 საბაგირო ხაზი აკავშირებს. მესამე წელია, აღარ ფუნქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი - გამარჯვების სკვერში მდებარე - სამგზავრო საბაგირო, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ ქუჩას სამ სხვადასხვა ადგილთან აკავშირებდა.

ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ ძველი საბაგირო ექსპლუატაციის ვადის გასვლისა და ამორტიზების გამო 2016 წელს დაანგრიეს და მის ადგილას ფრანგულმა კომპანიამ თანამედროვე კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მშენებლობის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, რაც ჭიათურელთა უკმაყოფილებას იწვევს. რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, საბაგირო გზით ქალაქის ცენტრიდან საავადმყოფომდე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებამდე რამდენიმე წუთში მიდიოდნენ, საავტომობილო გზით კი დიდი დრო სჭირდებათ და განსაკუთრებულ სირთულეებს ზამთარში აწყდებიან.

თანამედროვე კონსტრუქციის მშენებლობა
თანამედროვე კონსტრუქციის მშენებლობა

„ქალაქში ბევრი ხალხი კი აღარ ცხოვრობს, მაგრამ ვინც ცხოვრობს, ყველა სარგებლობს საბაგიროთი. ის რომ არ არის, მიკროავტობუსებით გვიწევს მგზავრობა, რომლებიც საათში ერთხელ გადიან. საბაგირო ძალიან საჭიროა ამ მაღალმთიან რეგიონში. საავადმყოფოში წამსვლელი ყველა მგზავრი საბაგიროთი მიდიოდა. გზა რთულია მოსახვევების გამო და ზამთარში ყინვის დროს შეიძლება პაციენტი იქამდე ვერც ავიდეს“, - ამბობს ჭიათურაში მცხოვრები ლალი კუპატაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა ნადირაძის, განცხადებით, საჰაერო საბაგირო გზის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემოდგომამდე გადაიდო. მერის ინფორმაციით, ახალი სამგზავრო გონდოლები სამი მიმართულებით - საავადმყოფოს, სანატორიუმისა და ნაგუთის დასახლებისკენ - რამდენიმე თვეში იმოძრავებს. პაატა ნადირაძისავე ცნობით, საბაგიროს აშენებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით. მერის განცხადებით, ევროპული ტიპის თანამედროვე საბაგირო გზის მოსაწყობად, რომლის საერთო სიგრძე 3 500 მეტრამდეა, 40 მილიონი ევროა გამოყოფილი. საჰაერო საბაგიროზე განთავსდება 20 მგზავრზე გათვლილი 8 გონდოლა:

საბაგირო გზა ჭიათურაში
საბაგირო გზა ჭიათურაში

„მსგავსი საბაგირო გზა პირველად შენდება ჭიათურაში. იგი ფრანგულმა კომპანიამ დააპროექტა. გზის სიგრძე, ჯამში, 3 428 მ-ია. ამჟამად ერთ-ერთ ხაზზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები. შეჩერდა ხოლმე მშენებლობა, ვადებში ვერ ჩაეტიენ, მაგრამ დღეს აქტიურად მიმდინარეობს და ფაქტია, რომ დასასრულისკენ მიდის“.

ჭიათურელებსახალი საბაგიროს მშენებლობის გარდა მოქმედის განახლება და გონდოლების შეცვლა სურთ.1954 წელს აშენებული პირველი სამგზავრო საბაგირო გზა ქალაქის ცენტრსა და პერევის სამრეწველო უბანს7 ადამიანზე გათვლილი გონდოლით აკავშირებს და დილის რვის ნახევრიდან ღამის პირველ საათამდე მუშაობს. იმავე სადგურიდან მეორე საბაგირო გზა, სახელწოდებით „საშევარდნო“, 1966 წელსაა აგებული. გზის სიგრძე 250 მეტრია და გონდოლას მგზავრები თითქმის 200 მეტრზე2 წუთში აჰყავს.როგორც საბაგიროთი მოსარგებლეები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ საბაგირო რამდენჯერმე გარემონტდა, მაინც ხშირია მისი გაჩერება სხვადასხვა მიზეზით, რაც მეტად სახიფათოა. ჭიათურელები ამბობენ, რომსაბაგიროთი ხშირად სარგებლობენ ტურისტებიც, რომლებიც სწორედ საბაგიროს სანახავად ჩამოდიან:

„ძველებური ნაშენები რომ არის, ეს უფრო აინტერესებთ. ზემოთ ადიან და სურათებს უღებენ ქალაქს და ძალიან მოსწონთ“.

საბაგირო გზა ჭიათურაში
საბაგირო გზა ჭიათურაში

„ეს საბაგირო ძველია, მაგრამ მაინც ყველას ემსახურება, უფასოა და ყოველ ათ წუთში გადის. 7 მგზავრი გადაჰყავს თითო ჯერზე. ალბათ, გამოცვლიან დროთა განმავლობაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ნორმალურად, მაგრამ არ მუშაობს. ეს ორი გზა სარემონტოა და ამით სარგებლობენ მაღაროს მუშები, იქ მცხოვრებლებიც და ტურისტებიც, რომლებიც სულ არიან ხოლმე. მათ აინტერესებთ, საბაგიროს მიჰყვებიან, მოჰყვებიან. უნდათ სიმაღლიდან გადმოხედვა, საიდანაც ხელის გულივით ჩანს ჩვენი ქალაქი. აი, რომ იმგზავრებ საბაგიროთი, მაშინ მიხვდები. ზოგს ეშინია კიდევაც. უსაფრთხო არ არის. ბევრჯერ გაჩერდა, საათობით დგას და ხელოვნურად ჩამოჰყავთ ან აჰყავთ გონდოლა. 4 საათი რომ ჰაერში ხარ გაკიდებული და შიშით რომ გული გისკდება, ეს უსაფრთხო როგორ არის? კარგა ხანია, ასეა ეს ორი გზა აქ“.

„უკეთესი კარგი იქნებოდა, განახლება სჭირდება საბაგიროს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ჭიათურელმა რესპონდენტებმა,

სამგზავრო საბაგიროს უსაფრთხოების შესახებ რადიო თავისუფლების რესპონდენტების მიერ გამოთქმულ ეჭვს არ ეთანხმება ქალაქის მერი პაატა ნადირაძე. მისი განცხადებით, ქალაქში მოქმედი 10 სამგზავრო საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაშია და კომპანია მათ უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავს:

„თუ ვიზუალურად შევხედავთ, არავითარი პრობლემა არ არის, თუმცა სადგურების შენობები ძველია და რეკონსტრუქცია სჭირდება და მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს. მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოებას, საბაგიროებს სისტემატურად ამოწმებს შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი. ფაქტი ერთია, რომ საბაგიროები ყურადღების ქვეშ არის“.

საბაგირო გზა ჭიათურაში
საბაგირო გზა ჭიათურაში

ჭიათურის მერის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი სამგზავრო საჰაერო საბაგიროებით დაინტერესდა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელი „ევროპა ნოსტრა“. პაატა ნადირაძის განცხადებით, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“ 12 ფინალისტს შორისაა, რითიც საერთაშორისო საზოგადოებამ საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი აღიარება უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებით დაპროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალების მობილიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის დასაჩქარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG