Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესიაშვილი მოზარდის გატაცებაზე: რუსეთმა, მგონი, ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ


საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მოზარდის, ალეკო შიუკაშვილის სწრაფად გათავისუფლების იმედს გამოთქვამს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, რუსეთს ესმის, რომ საქართველო მარტო არ არის.

„რუსეთი აგრძელებს მავთულხლართების გაბმას, ადამიანის უფლებების უხეშ შელახვას, ადამიანების გატაცებას, რაც არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია, მიმართული საერთაშორისო სამართლის, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საქართველო არ არის მარტო, მას გვერდში უდგას დასავლეთი. მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ ყველა ასეთ მძიმე ფაქტზე ვმუშაობთ როგორც ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე - მაქსიმალურად ვრთავთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას. რუსეთმა, მე მგონი, ისწავლა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ჩვენს გარშემო არიან ძალიან ძლიერი და ერთგული სახელმწიფოები და ლიდერები. მე იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ყმაწვილის გათავისუფლება მალე მოხდება“, - განაცხადა სესიაშვილმა 23 თებერვალს, იუნკრების ხსოვნის დღისადმი პარლამენტში გამართული ღონისძიების ფარგლებში.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის ტყეში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოზარდი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი - ასეთ ინფორმაციას ფლობენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშის შესაგროვებლად თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, ხოლო შიუკაშვილი (მარტში გახდება 17 წლის) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ჯერ ოკუპირებულ ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, ხოლო იქიდან - დე ფაქტო უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

„ჩემი ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ტყეში, სადაც საოკუპაციო ხაზია გავლებული, შეშის მოსაპოვებლად იყო გადასული. ბიჭი სოციალურად დაუცველია“, - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა სოფელ კირბალში, დავით ცერცვაძემ.

ალეკო შიუკაშვილი 22 თებერვალს გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 23 თებერვალს დილით დაადასტურეს.

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG