Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტლანა ალექსიევიჩი „ჩერნობილზე“: მთავარია ხალხმა უყუროს და იფიქროს


გამოჩენილი ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი აქებს სატელევიზიო სერიალ „ჩერნობილს“, რომელიც ნაწილობრივ ეყრდნობა მის წიგნს, „ჩერნობილის ლოცვას“.

ამერიკულ საკაბელო სატელევიზიო ქსელ HBO-ს სერიალი ასახავს 1986 წლის აპრილში საბჭოთა კავშირში, უკრაინაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ მძიმე ავარიასა და მის შედეგებს.

სვეტლანა ალექსიევიჩი
სვეტლანა ალექსიევიჩი

ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სერიალმა მასზე „ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება“ მოახდინა. მწერლის აზრით, ფილმისთვის ნაპოვნია ესთეტიკა, რომელიც სწვდება „თანამედროვე ცნობიერებას“.

„მასში არის რაღაც შიშიც, ფიქრიც და სილამაზეც, რაც ყოველთვის მაღელვებდა: როცა საქმე გაქვს არა აშკარა ბოროტებასთან, არამედ ყელაფერი ერთმანეთშია არეული. თუნდაც ომი ავიღოთ - ღამით ძალიან ლამაზია. მინახავს, გრადს რომ ისვრიან ცაში, რა ლამაზია. ლამაზია, მაგრამ სიკვდილი მოაქვს“.

ინტერვიუში ალექსიევიჩმა გაიხსენა თავისივე გამონათქვამი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შესახებ, რომ ეს იყო „აპოკალიფსის რეპეტიცია“.

მწერლის დაკვირვებით, კატასტროფამ 1986 წელსა და მომდევნო პერიოდში „რაღაცნაირად, გვერდით ჩაუარა“ კულტურას, ხელოვნებას, ახლა კი მეტს ფიქრობენ მის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

„ჩერნობილის, ფუკუშიმის შემდეგ სავსებით ნათელია, რომ პატარა დედამიწაზე ვცხოვრობთ, რომ ეს ყველაფერი არის საერთო, რომ საუბარია ადამიანსა და ბუნებაზე, ადამიანსა და კოსმოსზე და არა იმაზე, რომ არსებობენ რუსები, ბელორუსები, ამერიკელები“.

ალექსიევიჩის აზრით, მთავარია ადამიანებმა ფილმს უყურონ და იფიქრონ, „რადგან ჩვენ უკვე შევაბიჯეთ ამ სამყაროში, ამ საფრთხეებში მოგვიწევს ცხოვრება“.

„ჩერნობილის ლოცვაზე“ მუშაობისას ალექსიევიჩი ესაუბრა 500-მდე თვითმხილველს, მათ შორის მეხანძრეებს, „ლიკვიდატორებს“, პოლიტიკოსებს, ექიმებს, ფიზიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს.

წიგნი 1997 წელს გამოქვეყნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG