Accessibility links

"აქ ჩემი სახლია" - ganakhleba.ge დევნილთა მეხსიერების შესაგროვებლად


"აქ ჩემი სახლია" - ganakhleba.ge დევნილთა მეხსიერების შესაგროვებლად
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:55:00 0:00

„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა. დღეს სვეტლანა ჩხვიმიანმა მიაგნო გზას, როგორ მოუყაროს თავი აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილებთა მეხსიერებას. მან გვერდში ამოიყენა ასევე განახლებელი, შორენა გოროზია და ორივენი ერთად ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართონ საგანგებოდ შექმნილი ვებსაიტის ganakhleba.ge-ს გაფართოებაში. იდეის - „აქ ჩემი სახლია“ და ganaxleba.ge-ს ავტორი, სვეტლანა ჩხვიმიანი ყვება: „სოფელი განახლება ამჟამად აღარ არსებობს. გარდა იმისა, რომ არ არსებობს იქ დასახლება და მოსახლეობა - ტყედ არის ქცეული, იურიდიულადაც აღარ არსებობს და ქვია „აძიძაკუარა“. ეს არ არის ჩემთვის უმნიშვნელო თემა. ძალიან ფაქიზი თემაა და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ მე ნამდვილად განახლებელი ვარ და ამ ფიქრმა მიმიყვანა ამ პროექტამდე, რომელსაც ganakhleba.ge ქვია“. სვეტლანა ჩხვიმიანი ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ არ დაარქვა პროექტს განახლება, რომ მისი მშობლიური სოფელის სახელია, არამედ იმიტომაც, რომ ამ გზით ცდილობს ინფორმაციის განახლებას იმ მოცემულობით, რითაც დევნილებმა თავიანთი სახლები დატოვეს. შორენა გოროზია იხსენებს: „როგორც კი სვეტამ დამირეკა, არ დავფიქრებულვარ, ეგრევე დავთანხმდი. მანამდეც ვფიქრობდი აფხაზეთზე, მაგრამ ეს უკვე საქმე იყო. ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს საქართველოს წინაშე, სხვანაირად ვიტყვი - ჩემი შვილის წინაშე. ის ყოველთვის მეკითხება - დედიკო, საიდან ხარ? სულ განახლებასა და აფხაზეთს რომ იძახი, სად არის ეს აფხაზეთი და განახლება? 6 წლისაა ჩემი შვილი და უკვე მისვამს ამ კითხვებს“. სვეტლანა ჩხვიმიანი გვიხსნის, რომ ganakhleba.ge-ზე მთავარი რუკაა, რომელზეც შესაძლებელია ობიექტების დატანა: „ვერც სახლებს ვუწოდებთ, ვერც ობიექტებს. ბევრგან არც აღარაფერია დარჩენილი. ეს არის გზამკვლევი რუკა მომავალი თაობისთვის. ჩვენს თაობასაც არ აწყენს. ვსწავლობდი განახლებაში და სკოლა-სახლით შემოვიფარგლებდოი. სოხუმში ვარ რამდენჯერმე ნამყოფი. არ ვარ კომპეტენტური მთლიანად აფხაზეთის ან სამაჩაბლოს საკითხში. ჩვენ შევქმენით ჩონჩხი, სისტემა, რომელშიც შეიძლება ერთობლივი მუშაობა. მაგალითად, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. „გუგლის“ რუკა ავიღეთ სარჩულად. თითოეული სოფლის მონიშვნა ხდება კონტურულად. ინფორმაციის აღსადგენად ვეძებთ მაშინდელი სოფსაბჭოების თავმჯდომარეებს, სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს და ა.შ. და ისინი გვაწვდიან ინფორმაციას. ერთ ქუჩაზე ერთ წერტილს რომ მოვნიშნავთ, მერე ხომ იოლია იმის გაგება, გვერდით ვინ ცხოვრობდა? ისე გაწაფული მაქვს თვალი, კარგად ვარჩევ ობიექტებს მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ნასახლარია მხოლოდ, ძალიან ცუდად ჩანს ან ტყის მასივით არის დაფარული. ბევრს ამოცნობა არ შეუძლია. პირადად მივდივარ ხოლმე ოჯახში. ერთად მოვნიშნავთ ამ ობიექტებს და შემდეგ ინფორმაციას, რაც ამ ოჯახს თვითონ უნდა, რომ მომავალ თაობას დაუტოვონ: ვინ ცხოვრობდა, მამა-პაპა სად ჰყავთ დაკრძალული, რომელი წლიდან შეიძინეს ეს სახლი და ამით ვადასტურებთ, რომ აქ ჩემი სახლია და ვერც ერთი მხარე ვერ უარყოფს, რომ ეს რეალობაა, რომ მე იქ დავიბადე და გავიზარდე!“. როგორ დაიწყეს? შორენა გოროზია მოგვითხრობს: „დავიწყეთ იმით, რომ მოვიძიეთ სკოლა, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, ჩვენი მასწავლებლები. ამ პროექტმა მომცა ძალიან დიდი დადებითი ემოციები. ამდენი წლის უნახავი ხალხი, 25 წლის უნახავი პედაგოგები ვნახეთ. ყველას არ აქვს შემორჩენილი, მაგრამ ბევრმა გადმოიტანა მაშინ ფოტომასალა. თურმე, როცა გარბიხარ, პირველ რიგში ფოტო უნდა აიღო და თუ ფოტოების წაღებას მოახერხებ, არაჩვეულებრივი რაღაცაა. ღამეში 100 ფოტოს ვდებდი. დადებული არ იყო, ეგრევე მოდიოდა ემოცია. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს არ ჰქონდა მამის ან დედის ფოტო და მეზობლის არქივიდან გაზიარებულ ფოტოზე აღმოაჩენდა“. შორენა გოროზია ამბობს, რომ დევნილთა 90% გაურბის იმას, რისგანაც ტკივილი ადგება „შეიძლება არ დახიოს და გადაყაროს, მაგრამ იმ ფოტომასალას ისეთ ადგილას დადებს, რომ მხოლოდ ათასში ერთხელ შეხედოს. მე არ შევდივარ იმ 90%-ში. ყოველდღე ვუყურებ ფოტომასალას. ყოველდღე მინდა, რომ რაღაცით მაინც შევეხო და მინდა ხალხიც მეტს ლაპარაკობდეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG