Accessibility links

სინანულის შეუძლებლობა


"რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი..." - ამ სიტყებით იწყებს ტექსტს (და ასრულებს ცხოვრებას) დავით IV აღმაშენებელი, გამარჯვებული მეფე, რომელმაც თავისი არსებობის შეჯამებად აქცია სინანულის იდეა.

როცა დავით აღმაშენებელს ახსენებენ, ალბათ, ყველაზე ნაკლებად იხსენებენ მის მიერ შექმნილ უაღრესად პირად, მმართველის მიერ ფსალმუნის თარგზე აგებულ სევდით, თვითჩაღრმავებულობით და მელანქოლიით აღსავსე ტექსტს, მეფის ბოლო აღსარებას - "გალობანი სინანულისანი", რადგან, არსებითად, არც არასდროს და, მით უმეტეს ახლა, დღევანდელ ეპოქაში, არავის ესმის, რატომ უნდა ითხოვოს ვინმესგან პატიება წარმატებულმა პოლიტიკოსმა - სინანული ხომ სისუსტის ნიშანია, ბოდიშებს ხომ მხოლოდ წაგებულები იხდიან?

სინანულის შეუძლებლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00
Direct link

"გალობანი სინანულისანი" მონანიების ტექსტია, განწმენდის და ტრანსფორმაციის მოლოდინით განმსჭვალული სურვილი, რომ მეფეს შეუნდონ, აპატიონ და შეუსმინონ, რაც რეალურად დიდ და გააზრებულ ბოდიშს ნიშნავს, სიტყვას, რომელსაც ვერაფრით დააცდენინებ დავით აღმაშენებელთან მიუღწევლად პატარა, მაგრამ მასზე ასმაგად პატივმოყვარე მოქმედ ბელადებს...

ლამისაა სიშტერემდე მისული გულუბრყვილობაა, რომ ბოდიშს ან სინანულს ელოდო რომელიმე თანამედროვე პრაგმატიკოს-ავტოკრატისგან, მაგრამ ნუთუ ისევ და ისევ ეპოქებშია განსხვავება და არა პიროვნულ მახასიათებლებში, როცა ალბათ სწორედ დავით აღმაშენებელივით მკაფიო უნდა იყო, რომ სინანულის გამოხატვა-გამოთქმის სიმამაცე გქონდეს და არა იმის შიში, რომ თუკი ბოდიშს მოიხდი და მეტ-ნაკლებად მაინც შეეცდები შენი წარსულის რეფლექსირებას, მაშინვე სუსტად და საწყლად მიგიჩნევენ?!

მართლაც, ვის ვადარებთ, მაგრამ მოგისმენიათ კი ოდესმე სსრკ-ს ბოლო ჟამის რომელიმე ცეკას მდივნის სინანული, ვთქვათ, 9 აპრილის ტრაგედიის გამო?

მოგისმენიათ საქართველოს რომელიმე პრეზიდენტის მობოდიშება რაიმეზე, რაც მათ დროს მომხდარა (გეგონება, ესა თუ ის დრამა სხვის დროს ხდებოდა და არა სწორედ მათ დროს)?

როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებიდან ვინმე ოდესმე სინანულს გამოხატავს გასული წლის 20 ივნისის გამო?

თუმცა, ალბათ, არც სინანულის გამოხატვა იქნება შეუძლებელი, თუკი ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი ტაქტიკურ ტრიუკად გამოიყენებს საჩვენებელ სინანულს... დროისა და გულების მოგების მცირეხნიანი მიზნით.

აგერ, რამდენიმე დღის წინ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი\პრემიერი გამოვიდა ციხიდან და, ცხადია, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია სინანულის შესახებ, თითქოს მხოლოდ წარმატებებები ყოფილიყო მის პოლიტიკურ წარსულში და არა მორალური (მორალურ-პოლიტიკური) პრობლემები (თუ არა დანაშაულებანი)?

რატომ უჭირთ პოლიტიკოსებს შეცდომების აღიარება და, მით უფრო, სინანული ამ შეცდომების გამო?

ამ დროს, რამხელა ძალა აქვს ზოგადად გულწრფელ და არა თვალთმაქცურ ბოდიშს... არა მხოლოდ წარსულისთვის, არამედ მომავლისათვის.

თუმცა ალბათ მართლაც დავით IV-ის ძალა უნდა გქონდეს, რომ ამის თქმა შეძლო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG