Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სისტემა არ არის მზად, რომ დაგვიცვას!“ - მოკლულია აქტივისტი ქალი ელენა გრიგორევა


ელენა გრიგორევას პოლიცია აპატიმრებს აქციის დროს. 2019 წლის 17 აპრილი
ელენა გრიგორევას პოლიცია აპატიმრებს აქციის დროს. 2019 წლის 17 აპრილი

მოკლული ელენა გრიგორევას სხეული 21 ივლისის საღამოს გამვლელმა აღმოაჩინა პულკოვსკის ქუჩაზე, რომლის მახლობელ სახლშიც უფლებადამცველი ცხოვრობდა. მის სხეულზე აღმოჩნდა დანით მიყენებული 8 ჭრილობა და გაგუდვის კვალი. ელენა გრიგორევა პეტერბურგში დიდი ნოვგოროდიდან ჩავიდა საცხოვრებლად წელიწად-ნახევრის წინ. მშობლიურ ქალაქში მას დარჩა დედა და სრულწლოვანი ქალიშვილი.

წლევანდელი წლის დასაწყისში ელენამ პოლიციას მიმართა სექსუალური ძალადობის თაობაზე საჩივრით, მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი მიიღო. ინტერნეტგაზეთ „ფონტანკას“ ცნობით, პოლიციამ დაადასტურა, რომ ელენამ იჩივლა მისი მისამართით მუქარაზე, მაგრამ არც ერთი ეს საფრთხე არ ჩაითვალა სიცოცხლისათვის სახიფათოდ. პოლიციამ მიიჩნია, რომ მუქარები ყოფით ნიადაგზე ელენას ახლობლებისგან მოდიოდა.

„გარკვეული პირები მას პირდაპირ ქუჩაში, აქციების დროს ემუქრებოდნენ“

ელენას ხშირად ხედავდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „თანასწორობის“ თავმჯდომარე იური გავრიკოვი:

„ის მონაწილეობდა როგორც დიდი სატვირთო ავტომობილებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადების, ისე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, დებ ხაჩატურიანებისა თუ ლგბტ პირთა უფლებების მხარდამჭერ აქციებში. ის იყო შესამჩნევი სამოქალაქო აქტივისტი, მას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობდა. ახლოს არა, მაგრამ მეც ვიცნობდი მას სწორედ ქუჩის აქციებიდან. გარდა ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა დაკავებულთა დახმარების ჯგუფში - პოლიციის განყოფილებაში დაჰქონდა მათთვის წყალი, საჭმელი, ნებაყოფლობით უწევდა საინფორმაციო დახმარებას.

ელენა გრიგორევა
ელენა გრიგორევა

რაც მოხდა, რა თქმა უნდა, საშინელებაა.ლენას ხომ კონკრეტული პირები პირდაპირ ქუჩაში, აქციების დროს ემუქრებოდნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ იმოქმედებს გამოძიება - განიხილავს მკვლელობის მოტივად სიძულვილს, თუ ყველაფერს ყოფით დაპირისპირებამდე დაიყვანს, რათა არ გააფუჭოს სტატისტიკა ჩვენს ბედნიერ ქვეყანაში, სადაც პუტინი აცხადებს, რომ ლგბტ პირებს თანასწორად ეპყრობიან, სინამდვილეში კი კლავენ, ჩეხენ, მაგრამ პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ დროშებითა და პლაკატებით“.

„იგი გამუდმებით იღებდა მუქარებს ცნობილი ჰომოფობის, თიმურ ბულატოვისაგან“

ჰომოსექსუალთა და ლგბტ პირთა თანასწორობისათვის ალიანსის აქტივისტი ალექსეი ნაზაროვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ელენა გრიგორევა, მართალია, დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, მაგრამ სწორედ ამ გაზაფხულზე იყო, რომ ორმაგი ქამინგ აუთი მოახდინა - როგორც ადამიანმა, რომელიც ჰეპატიტის ვირუსით ცხოვრობს, და როგორც ბისექსუალმა ადამიანმა - და გამოსვლა დაიწყო ლგბტ აქციებზე.

„ის მონაწილეობდა ალიანსის აქციებში, ხოლო აპრილში იყო დუმილის დღეზე. შემდეგ ის ჩემთან ერთად გამოვიდა 1 მაისს, გამოვიდა 17 მაისს „ცისარტყელას ფლეშმობზე“.ამის გამო იგი გამუდმებით ღებულობდა მუქარებს ცნობილი ჰომოფობის, თიმურ ბულატოვისაგან. ღიად, საჯარო ადგილზე იგი ერთდროულად ლენასაც ემუქრებოდა და მეც..ამ მკვლელობას რაც შეეხება, არ ვიცი, რა იყო ამის მოტივი, მაგრამ არ გამოვრიცხავ სიძულვილის მოტივს, რადგან 8 ჭრილობა დანით და გაგუდვა - ასეთ რამეს სიყვარულით არ სჩადიან. თანაც, არსებობს ერთი აკრძალული საიტი - „ხერხი ლგბტ-ს წინააღმდეგ“. 1 ივლისს ამ საიტზე მათ გამოაცხადეს ახალი სეზონის დაწყება და გამოაქვეყნეს პოტენციურ მსხვერპლთა სია, რომელშიც აღმოჩნდნენ რუსეთის ლგბტ ქსელის ხელმძღვანელი იგორ კოჩეტკოვი და ლენა. იქ ნათქვამი იყო, რომ მათთვის უკვე მომზადებულია „სასტიკი საჩუქარი“. სამართალდამცველი ორგანოების ქმედებათა შეფასება ჯერ არ მინდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს დანაშაული გაიხსნება“.

23 ივლისს გაიმართა ელენა გრიგორევას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია
23 ივლისს გაიმართა ელენა გრიგორევას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია

საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ ცნობით, სამართალდამცავ ორგანოებში მიიჩნევენ, რომ ელენა გრიგორევა მოკლულია ყოფით ნიადაგზე, რადგან მკვლელობის დროს ის, თითქოს, ეზოში ოთხი მამაკაცისა და ერთი ქალის კომპანიაში სვამდა და მკვლელობა შეიძლებოდა მომხდარიყო წამოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე.

პოლიციას უფლებადამცველი აქტივისტის მკვლელობის საქმეზე ცხელ კვალზე დაყავებული ჰყავს ცენტრალური აზიის ერთი-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, მეეზოვე კაცი, რომელიც ელენას ეხმარებოდა სახლის საქმეებში, რის გამოც მეძებარმა ძაღლმა პოლიცია მის კვალზე მიიყვანა. ელენა გრიგორევას მეგობრები მიიჩნევენ, რომ დაკავებული არ უნდა იყოს ნამდვილი მკვლელი. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ აქტივისტი ქალის მკვლელობა ჩადენილია ან სიძულვილის ნიადაგზე, ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

23 ივლისის ღამეს პეტერბურგში, ნების მოედანზე, გაიმართა ელენა გრიგორევას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც ლგბტ საინიციატივო ჯგუფ „გამოსავლის“ მიერ იყო ორგანიზებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG