Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისტემის ნგრევა ანუ დაუჯერებელი ამბავი


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

ყოველი მიტინგი, აქცია, საერთო ეროვნული თუ ვიწრო-პოლიტიკური აღტკინება, რომელსაც მე მოვესწარი, დავესწარი და ,მიუხედავად იმისა, რომ ხალხით გარშემორტყმულს, არ შემეძლო აზროვნების აქტის განხორციელება, საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას ირაციონალური, უსისტემო და მხოლოდ გრძნობითი ხმაურიანი შეძახილებით ვეზიარებოდი, იწყებოდა და მთავრდებოდა სიტყვებით - სისტემა უნდა დაინგრეს! მიუხედავად იმისა, რომ ძახილის ნიშანი ვერბალური კონსტრუქტის შემადგენელი არ არის, იგი ყველას ესმოდა და მომავალშიც გაიგონებს! რადგან "სისტემა უნდა დაინგრეს!" - ამ ნიშნის გარეშე არ არსებობს.

თუმცა, ყვირილისგან გამოფიტული, ენერგიადაცლილი და ემოციებგანდევნილი ადამიანი, სახლში, დივანზე წამოწოლილი, ინტერნეტისა და ტელევიზიის კომუნიკაციებგათიშული, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ყველა ძახილის ნიშანს აქრობს და იწყებს ფიქრს, რა არის სისტემა? ანუ, არის თუ არა იგივეობრივი განსაზღვრებანი სისტემა "ჭეშმარიტად" და სისტემა "სახალხოდ".

რა შეიძლება იყოს სისტემის, უფრო კონკრეტულად, პოლიტიკური სისტემის ძირითადი ელემენტი, რომელზედაც დაშენებულია ქვესისტემათა ინსტიტუციონალიზებული სახეობანი, როგორებიცაა - პარლამენტი, პოლიცია, ციხე, სკოლა, ჯარი, სამედიცინო დაწესებულება, უნივერსიტეტი, სასამართლო და მრავალი?

უნდა დავუჯეროთ თუ არა მიშელ ფუკოს, რომელიც საყოველთაოდ გაცხადებული "სიკეთისმომტანი" ინსტიტუციების ქვეშ ხედავს იდეურ საზრისს, ზედამხედველობის, დისციპლინირებისა და დასჯის მოტივებზე აგებულს, თუ გავიზიაროთ იურგენ ჰაბერმასის მოსაზრება, რომელიც საზოგადოების დეზინტეგრაციის საფუძველს უკავშირებს არასწორ კომუნიკაციურ პროცესებს, ანუ ინფორმაციის, შეტყობინებისა და გაგების ხელოვნურად დამახინჯებულ კავშირებს ადამიანთა, და ,უფრო ზოგადად, კონკრეტულ ქვესისტემათა შორის (სადაც საზოგადოება გაგებულია ყოვლისმომცველ, ინტეგრაციულ სისტემად); მაგალითის სახით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, კომუნიკაციური "ურთიერთობანი" საბჭოთა კავშირში პოლიტიკისა და ხელოვნების ქვესისტემათა შორის, სადაც ერთი რადიკალურად განსხვავებული "კულტურული ფენომენი" დომინირებდა მეორეზე. აღნიშნულის კარგი ილუსტრაციაა ალექსანდრე დეინეკას, საბჭოთა ფერმწერისა და გრაფიკოსის, 1935 წელს შესრულებული ნახატი -"კოლექტივის მუშა ველოსიპედზე" (Collective Farm Worker On A Bicycle)", სადაც ახალგაზრდა, ძლიერი და ,დიდი ალბათობით, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი (თუნდაც ბედნიერი) ქალი მუშათა კლასიდან, წითელ კაბასა და თეთრ სპორტულ ფეხსაცმელში (ბოტასებში) გამოწყობილი, მართავს ველოსიპედს, ხოლო უკან მოჩანს მწვანე მდელოები, დამუშავებული მინდვრები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მომუშავე სატვირთო მანქანა.

ან, იქნებ ჯობდეს, იმ დემონსტრანტებს დავუჯეროთ, რომლებიც მაღლა, ხან ცისკენ და ხან ხალხისკენ აღმართული თუ მიმართული შეკრული მუშტებით, მჭექარე ხმებითა და გაბრაზებული სახეებით, საუბრობენ ყველა პრობლემაზე : ძალადობრივ რეჟიმზე, ქალთა ჩაგვრაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, გაუსაძლის სამუშაო პირობებზე, სარალიძეზე, დენის ტარიფის მატებაზე, ლგბტქ(ი) პრაიდზე, ლგბტქ(ი) პრაიდის ანტიპრაიდზე (კონტრ), გამსახურდიაზე, კანის კინოფესტივალზე, ელონ მასკზე და კაიაკატაზე, ხოლო გამოსვლას, ზოგჯერ თეატრალურს, ამთავრებენ სიტყვებით "გადადგეს დირექტორი... ბუღალტერი... მარკშეიდერი...მდივანი...იროდიონი"; ჩვენ ყველანი კი ვართ "სოსოები", ანუ ადამიანები, რომლებიც ვაზროვნებთ, ვიღწვით, ვწვალობთ. საპასუხოდ კი არსებული "ძალადობრივი სისტემისგან" ვიღებთ ნეგატივს, სიკეთის უარყოფას. იგი ნაცარტუტად, არარად აქცევს ჩვენს შრომას, ხოლო შრომა მიმართულია "ევროპაში შესვლისაკენ", უკეთესი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ, გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკურ-ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური რეალობის შექმნისაკენ, სტატისტიკის შეცვლისაკენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ყოველ წელს ბევრი მუშა უნდა დაიღუპოს.

სისტემის ნგრევა, თუ იგი ჰიპოთეტური და ილუზორული არ არის, უნდა დაეფუძნოს არა "ა პრიორი" პიროვნებათა განდევნასა და მათი უკეთესებით ჩანაცვლებას, არამედ იდეას საკუთარი თავის, როგორც სოციალური წესრიგის, პოლიტიკისა და ,ზოგადად, კულტურის მაკონსტრუირებელ სუბიექტად წარმოდგენის შესახებ. პიროვნებების მტრობა არის პიროვნებების მტრობა და ის კონსტრუქციის საფუძველს ვერ დაანგრევს - ფილმის ბოლოს ინგრევა შენობა, ხოლო ჩვენ მოტივირებული ვართ მხოლოდ "ვაჟა ზაზაევიჩის" მოშორებაზე.

ხოლო სისტემა ,ვფიქრობ, უნდა დაანგრიოს "თითქმის ყველამ" და არა ბევრმა, ან 50% +1-მა. (სისტემის ნგრევა ნიშნავს ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე თანხმობას და მასში არ იგულისხმება ვიწრო-პოლიტიკური პრეფერენციები).ნარატივი პოლიტიკისგან დისტანცირებულობის შესახებ - "მე პოლიტიკა არ მეხება" ალოგიკურია, რადგან როდესაც ვიღვიძებთ და ფანჯრიდან ვიხედებით, ვხედავთ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს - იგი გაუმართავი ურბანული პოლიტიკის შედეგია. როდესაც სააბაზანოში შევდივართ და კბილებს ვიხეხავთ უვარგისი პასტითა და ჯაგრისით - იგი ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. როდესაც გარეთ გავდივართ და ხეებისგან დაცლილ სივრცეში მოხუცი ავტობუსების გამონაბოლქვს ვსუნთქავთ - იგი გაუაზრებელი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგია. როდესაც ცუდ სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ვსწავლობთ - იგი არასწორი განათლების პოლიტიკის შედეგია. როდესაც ჯანდაცვის სისტემა არ გვიფინანსებს სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს - იგი უვარგისი სოციალური პოლიტიკის შედეგია. ყველაფერი პოლიტიკაა და პოლიტიკა არ ტეხავს; პირიქით, "უპოლიტიკობა" გვტეხავს.

რაც შეეხება სისტემის ნგრევას აქციებზე : დღევანდელი მიტინგური სისტემა უფრო მეტად წარმომიდგენია, როგორც "უსისტემობა", სადაც, მართალია, სპონტანური გააზრების საფუძველზე სოციალური მუხტის პოზიტიური ენერგია არსებობს, თუმცა ორგანიზაციული ნაკლოვანება - გადაწყვეტილების მიღების ფორმები, პრაგმატული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა ნაკლებია. ანუ, ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ "ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლო" ისევე მიუღებელია რუსთაველის გამზირზე 7:00 საათიდან უსასრულობამდე, როგორც 1989-ში.

დღეს 2019 -ია, ხვალაც ასე იქნება და ზეგაც. 30 წლის წინ იყო 1989. 30 წელი ძალიან ბევრი დღეა. ბევრი საიმისოდ, რომ "თითქმის ყველამ" ისწავლოს შეცდომებზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG