Accessibility links

სკეიტბორდი და პირბადე


ავტორი: ლელა არაბული

აიშე ვარ, დიასახლისი, შაბათის ამბავს გიყვებით, აპრილის ბოლო შაბათის ამბავს.

უამინდობის გამო დაგროვილი ცისფერი თეთრეულის გაფენას შევუდექი, ხრიალით გავწიე პირველი თოკი, შხუილით დავუშვი მეორე შალითა, ისიც ხრიალით მივაბჯინე პირველს...მზე აცხუნებდა კბენითაც და მორიდებითაც, ბოლო შაბათი იყო იმ ორკვირიანი ცხოვრების, მანქანები რომ აღარ არსებობდენენ, შაშვი რომ მგალობელი იყო, ზღვის ნიჟარაში ჩაგუბებული სიჩუმე რომ ცხელ სხივად ჩაგვეღვარა სულში და ვიღაცამ ცხენი რომ შეკაზმა... და გავახრიალე ბოლო ზეწარი და ეკლესიებიდან მონაბერი გალობის ხმა გავიგონე, მთელი შეგნებით და სენტიმენტისთვის არ ვიგონებ... მე ვფენდი თეთრეულს, მაცხუნებდა მზე, მანქანის ხმა კიდევ ორი დღე არ იქნებოდა და გალობის ოქროსფერი მადლი ტრიალებდა ზღაპრულად დამცხრალ თბილისში.

მოკლე ნაბიჯი მაღაზიამდე, გარეცხილი პირბადე, რეზინის რძისფერი ხელთათმანი და საყიდელი პროდუქტების ჩამოწერილი სია ჯიბეში...

ეს ის ბოლო შაბათი იყო, მანქანები რომ აღარ არსებობდნენ.

ცარიელ ქუჩას ავუყევი (ადრე მანქანების ლავა რომ მოედინებოდა), მოსახვევში ასე 13-14 წლის ბიჭი დავინახე, დაღმართზე დასაშვებად ემზადებოდა, თავის სკეიტბორდს ქუჩის შუაში გავლებულ თეთრ ხაზს უსწორებდა, თითქოს გასაფრენად ფრთებს შლიდა, ფრთები არც სჭირდებოდა... განიერ ქუჩაზე თეთრ ხაზს ჩაემუხლა, ერთხელ მსუბუქად შეხტა და წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა - თავისუფლებით, აწყვეტით, თავდავიწყებით, ლეწვით, ადუღებული სისხლით, ამაყად, კეთილად, მთელი შეგნებით, გაშლილი... შლეგ, დამანგრეველ ტალღად მოანგრევდა თბილისის ერთ ცარიელ დაღმართს 14 წლის ბიჭი

14 წლის ბიჭი

ბიჭი პირბადით

კი, ეს ის ბოლო შაბათი იყო

გვიან შემოდგომაზე ჩვეულ ადგილს ვესტუმრეთ, ვიწრო, ასფალტირებული გზა მოვიტოვეთ და სოფლის გზას შევუყევით, შვილებმა ყვირილი დაიწყეს - თეთრი ვირი შავი ჩოჩორით მოცანცარებდა სოფლის გზაზე, თეთრი ვირი არც მე მენახა და ეს შავი ჩოჩორი საიდან... შევუყევით სოფლის ვიწრო გზას, გზის სივიწროვე მანქანით სწრაფად გავლის საშუალებას არ გვაძლევდა, მივუყვებოდით და ვუყურებდი გზის აქეთ-იქით აწურულ, მიტოვებულ, შერცხვენილ სახლებს - ზოგან კედელჩამონგრეულს, ზოგან მხოლოდ საძირკველს, ზოგან სახლების გაშიშვლებულ კედლებზე ნასურათების ჩრდილებს ან მიკრული „კაფელის“ სიშიშვლეს, მივუყვებოდი და გამოშიგნული სახლების სასაფლაოს ბოლო არ უჩანდა, სოფლის ბოლო სახლს მივადექით - მკვდარ თუ ცოცხალ ქანდაკებას, უფანჯრო, უკარო სახლში უზარმაზარი ხე ჩასახლებულიყო, მსხვილ ტოტებს გამოენგრიათ სახლის დარაბები, ცოცხალი, მსხვილი ფესვი კარის ზღურბლზე ესვენა, ხის წვერს კი აემტვრია ძველი სახურავი და ცამდე მიბჯენას ცოტა აკლდა.

იდგა ძველი სახლი ჯვარცმასავით. ხე სუნთქავდა შიგნით

მზის სხივებზე შებმული ჰამაკი

მსახიობს მიწა უყიდია, ვენახი და ყვავილები გაუხარებია. სურათი ვნახე ვენახის ნორჩი

ლერწების და მზის სხივებისგან მოქსოვილი ჰამაკის - თბილისურად, გარუჯვის თანხლებით

მაგარია

მადლიანი კახეთი

ქართული ყურძნის ძველი ჯიშები - მცვივანი, ჩიტისთვალა, ხიხვი, თეთრი ბუდეშური.

ქალაქელმა ბიჭებმა მამაპაპისეულ მიწაზე ვაზი ჩაყარეს, ადგილებს წნელი შემოავლეს, მიტოვებული ძველი მარნის კარი შეაღეს და სიცოცხლე ჩაწურეს ძველ ქვევრებში, ხის საუკუნოვან

საწნახელში, თიხის ბოცაში...

გაბერილი ბოკალის კედლებზე (უფ, როგორ მომწონს) ღვინის მოტარება, მიდგაფუნება მძიმე ყველის, შოთი პურის და კაცის ხელით დამჟავებული ნივრის თანხლებით.

სიცოცხლე ხომ ღირს ამად

იცი, კიდევ რა, იმ სახლებს თითქოს რცხვენოდათ, ქალაქში მათი პატრონები კი ფიქრობდნენ - არ გაქვს - ვაი, გაქვს და უიო.

ჩირდილისხეობა. ხევსურეთი.

მხატვარმა ხევსურებმა გზა გაკვალეს კიდევ უფრო მთაში, წინაპრისეულ ქოხებს ხელი გადაუსვეს, ანუგეშეს, სახურავებზე გვარები მოხატეს, ადამიანებს ციდან რომ წაეკითხათ და სახლების წინ მოლბერტები დადგეს, ერთი კი არა, რამდენიმე, ყველა მსურველს რომ შეძლებოდა დახატვა... ყველა ხატავდა ღრუბლებს მთების დაბლა.

მანგლისი. ზაფხული

ძაღლი სკვერში გამოვიყვანე, მარტო ვიყავი სკვერში, უზარმაზარი, ლაღი ხეების სიმწვანეში ჩავიკარგე, საიმედოდ ჩაბეტონებულ რკინის მაგიდაზე მოვკალათდი და უცბად ხეზე მიკრულ ხელით დაწერილ განცხადებას მოვკარი თვალი, მივუახლოვდი:

იყიდება გირჩის მურაბა და ფიჭვის მტვერი შევხვდი ახალგაზრდა ქალს, სავსეს და ჩალისფერთმიანს, ძმიშვილს ეფოფინებოდა, საკუთარი არ ჰყავდა... კი, რთულია, დროს უნდა დაედარო, წვიმა მტერიაო, ქალების საქმეა, ნამცეცი საკმარისია, მანგლისში რომ ფიჭვია, ეგეთი არსად არ არის, მეცნიერებმა თქვესო...იტალიიდან ჩამოვედი, ამ საქმეს მივხედავ, ეს კვირა კარგი ამინდებია გამოცხადებული.

რეზინის ხელთათმანები პროდუქტების სიასთან ერთად ურნაში მოვისროლეე... გავხედე - პატარა ბიჭი განიერ დაღმართს სკეიტბორდს ატოლებდა, ემზადებოდა... ემზადებოდა შლეგად, აწყვეტილად( ფრთები არც სჭირდებოდა) ემზადებოდა მზესთან, მზესთან შესაწირად...

ბიჭი 14 წლის

ბიჭი პირბადით

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG