Accessibility links

site logo site logo

სომეხი ტრანსგენდერი ქალის ემოციური სიტყვა სომხეთის პარლამენტში


სომხეთის ფეისბუკსა და სხვადასხვა სომხურ ბლოგებზე დღემდე აქტუალურია ტრანსგენდერი ქალის, ლილიტ მარტიროსიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში, სადაც მან ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობაზე ილაპარაკა.

ასეთი რამ სომხეთის ისტორიაში პირველად მოხდა - 5 აპრილს, ადამიანის უფლებების თემაზე გამართული საპარლამენტო მოსმენის დროს, ლილიტმა მიმართა სომხეთის პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ, სომხეთში, მსგავსი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.

სომხეთის ფეისბუკსივრცეშიც, განსჯის მთავარი თემა იყო არა იმდენად ლილიტ მარტიროსიანის სიტყვის შინაარსი, რომელიც ძალიან გაბედულ ტექსტად შეფასდა, არამედ, თავად ფაქტი, რომ ტრანსგენდერ ქალს მიეცა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება.

ლილიტ მარტიროსიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ის, როგორც ტრანსგენდერი ქალი, თავის თავში აერთიანებს სომხეთის ტრანსგენდერი თემის ყველა ნაწამებ, მოტაცებულ, მოკლულ, დაჭრილ, სხვადასხვაგვარი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ, გაძარცვულ, ყველანაირი დისკრიმინაციის მსხვერპლ, მორალურად გატეხილ, უმუშევარ სომეხ ტრანსგენდერ ადამიანს.

მისი სიტყვებით, სომხეთში, 2018 წლიდან დღემდე ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობის 283 ფაქტია მომხდარი.

„მაგრამ არ ვიცი რა უფრო საშიშია - თვისთავად ეს რიცხვი თუ ის, რომ ამ შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილია რეგისტრირებული პოლიციის მიერ... პრობლემაა ისიც, რომ ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლია ის ხალხიც, ვინც ჩვენს უფლებებს იცავს“, - ლილიტ მარტიროსიანმა მოუწოდა პარლამენტარებსაც და ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებსაც, მონაწილეობა მიიღონ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებაში და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვაში:

„დაფიქრდით ამაზე, ბატონები“, - თქვა მან.

ლილიტ მარტიროსიანის გამოსვლას პარლამენტში ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნაირა ზოჰრაბიანმა, მის სიტყვას „აღმაშფოთებელი“ და მისი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიმართ „უპატივცემულო“ უწოდა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფმა აქტივისტებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG