Accessibility links

სომხეთის მოვლენები საერთაშორისო პრესაში


აქციის მონაწილეები და პოლიცია ერევანში, 22 აპრილი

საერთაშორისო პრესა ეხმაურება სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, ქუჩაში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად, ქვეყნის ვეტერანი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის, გადადგომას. ბევრ კითხვას შორის, რომლებსაც ჟურნალისტები სვამენ, არის ის, თუ რამდენად გაითვალისწინა სარგსიანმა ამ გადაწყვეტილებით ხალხის ნება და იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება მოსკოვიდან ნაკარნახევი.

სარგსიანის დამხობა არ ეხება გეოპოლიტიკას. ყველაზე ფართო გაგებით, ეს არის ნიშანი, რომ პოსტსაბჭოთა რეჟიმები არც იმდენად მყარია, როგორც დისტანციიდან ჩანს, და რეგიონის ძველი რეჟიმები სრულიად შესაძლებელია მშვიდობიანად დაემხოს, გარედან ნებისმიერი ჩარევის გარეშე...
„ფორინ პოლისი“

23 აპრილს სომხეთს სარედაქციო წერილი მიუძღვნა „ვაშინგტონ პოსტმა“, სათაურით „სომხებმა დარტყმა მიაყენეს პუტინის პოლიტიკურ მოდელს“. სტატიაში ვკითხულობთ: „ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად გამოიწვევს ბატონი სარგსიანის წასვლა რეალურ ცვლილებას სომხეთის მთავრობაში ან მის მაამებლურ პოზიციაში რუსეთის მიმართ. მანიპულირებული არჩევნების გამოისობით, მმართველ პარტიას პარლამენტში გადამწყვეტი უმრავლესობა აქვს, ხოლო გასული კვირის გამოსვლების ლიდერი, ვეტერანი დისიდენტი ნიკოლ პაშინიანი 105-დან მხოლოდ ცხრა ადგილს ფლობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, სახალხო ამბოხება წარმოადგენს დარტყმას იმ ავტორიტარულ პოლიტიკურ მოდელზე, რომელსაც ბატონი პუტინი უჭერს მხარს და რომელიც გავრცელდა არა მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე მყოფ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებზე, არამედ თურქეთზეც, სადაც მმართველი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმედოვნებს, რომ ივნისში დაასრულებს გადასვლას პრემიერ-მინისტრობიდან ძლევამოსილ პრეზიდენტობაზე“.

23 აპრილს „ფორინ პოლისიში“ გამოაქვეყნა წერილი კავკასიის პოლიტიკის ანალიტიკოსმა ტომ დე ვაალმა. სტატია მან ასე დაასათაურა: „ზოგჯერ სომხური პროტესტი, უბრალოდ, სომხური პროტესტია“. სტატიაში ვკითხულობთ: „როცა რუსეთის მოკავშირე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ლიდერს ქუჩის დემონსტრაციებით ამხობენ, ანალიტიკოსები ვაშინგტონიდან მოსკოვამდე იმაზე უფრო სწრაფად გამოდიან გეოპოლიტიკური დასკვნებით, ვიდრე სახელ ‘ჯორჯ სოროსს’ წარმოთქვამდეთ. მაგრამ ზოგჯერ - როგორც სომხეთში ამ ბოლო დღეებში -მთავრობის დამხობის მიზნით მიმდინარე პროტესტი მხოლოდ მთავრობის დამხობის მიზნით მიმდინარე პროტესტია. ... არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ [სარგსიანის გადადგომას] სომხეთის საზღვრებს მიღმაც ექნება გეოპოლიტიკური შედეგები. და ეს პროცესები არც რუსეთის დასუსტებად ან რუსეთის პოტენციური ჩარევის საბაბად უნდა აღვიქვათ. სარგსიანის დამხობა არ ეხება გეოპოლიტიკას. ყველაზე ფართო გაგებით, ეს არის ნიშანი, რომ პოსტსაბჭოთა რეჟიმები არც იმდენად მყარია, როგორც დისტანციიდან ჩანს, და რეგიონის ძველი რეჟიმები სრულიად შესაძლებელია მშვიდობიანად დაემხოს, გარედან ნებისმიერი ჩარევის გარეშე“.

ერევანი სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ
ერევანი სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ

თურქეთში გამომავალი მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი „ჯუმჰურიეთი“ 24 აპრილის ნომერში წერს, რომ სომხეთში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ხელი ურევია და ამის დასტურად მოაქვს ის ფაქტი, რომ მზარდ პროტესტს ჯარისკაცებიც შეუერთდნენ: „სომხეთის არმიას მკაცრად აკონტროლებს რუსეთი და ნაკლებად სავარაუდოა მან რაიმე ნაბიჯი გადადგას რუსეთის ნებართვის გარეშე. მაშინ, როცა ქუჩებში ზეწოლა მატულობდა, სარგსიანი პირველ ეტაპზე რუსეთის გავლენას აფარებდა თავს, შემდეგ კი გადადგა, რადგან ის იქცა ქვეყნის დესტაბილიზაციის უდიდეს ფაქტორად“.

რუსული „ეხო მოსკვი“ 23 აპრილს აქვეყნებს ჟურნალისტ ანტონ ორეხის სტატიას, რომელშიც ის აქებს სარგსიანს გადადგომის გადაწყვეტილებისთვის: „სარგსიანი კარგი ადამიანია და რომ შევხვედროდი, ხელს ჩამოვართმევდი, რადგან მას ჰქონდა არჩევანი გადადგომასა და ძალის გამოყენებას შორის. ძალაუფლება ჩრდილავს ხოლმე ლიდერის უნარს მიიღოს გადაწყვეტილება. სარგსიანმა ეს ხაზი არ გადაკვეთა, რაც ნიშნავს, რომ მასში კარგი უფრო მეტია, ვიდრე ცუდი. რა თქმა უნდა, არც ცუდის ნაკლებობაა - სხვა შემთხვევაში მის წინააღმდეგ 160,000 მოქალაქე არ გამოვიდოდა მხოლოდ სამი მილიონი მოსახლის ქვეყანაში. ის, თუ რა ხდება სომხეთში, ჩვენი საქმე დიდად არ არის, მაგრამ რუსეთთან ბევრი პარალელი მაინც იკვეთება. იქ ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრობენ და სომხეთი ერთ-ერთია რუსეთის მცირერიცხოვანი მოკავშირეებიდან, რუსეთში კი ხელისუფლებას არაფერი აშინებს ქუჩის საპროტესტო აქციებზე მეტად“.

ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი
ოპოზიციონერი პარლამენტარი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პროცესებს ეხმაურება ლიტვაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ლიეტუვოს ჟინიოსიც“, რომელიც 24 აპრილის ნომერში წერს: „არ შეიძლება სომხეთში შექმნილი ვითარების შედარება შვედეთში სოციალ-დემოკრატების ხანგრძლივ მმართველობასა ან მერკელის მმართველობასთან, მერკელისა,რომელიც გერმანიის კანცლერი მეოთხედ გახდა. დემოკრატიულ სახელმწიფოებში არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია ასეთი უზარმაზარი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს უწყებებზე, სასამართლოსა და მედიაზე და პარალელურად დარჩეს შეუვალი კრიტიკის მიმართ და შეინარჩუნოს ფართო პოპულარობა. ... ეს მარტო იმ ქვეყნებშია შესაძლებელი, სადაც დემოკრატია და კანონის უზენაესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და არჩევნები უბრალო ფორმალობაა. მაგალითად, მოსკოვია ანალოგიურ გზაზე“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG