Accessibility links

სომხეთი - კოვიდით დაავადებულთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს


სომხეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება საგანგაშო მასშტაბს აღწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადების 230 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ერთი დღით ადრე 351 შემთხვევა დაფიქსირდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა, რომ COVID 19-ს არასერიოზულად მიუდგნენ და ამიტომაც ახლა დიდი პრობლემის წინაშე დგანან.

„თუ არ „გადავტეხეთ“ ეს ტემპი, 29 მაისს უკვე დაავადების 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს - 20 000“, - განაცხადა მან და იქვე განმარტა, რომ შესაბამისად გაიზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც, რადგან რეანიმაციის განყოფილებები ავადმყოფებს ვეღარ აუვა.

„ყოველდღიურად ათობით და შესაძლოა ასობით გარდაცვალების შემთხვევა გვქონდეს. ეს ნიშნავს, რომ იძულებული გავხდებით უმკაცრესი ზომები მივიღოთ“, - თქვა პრემიერმა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ალინა ნიკოგოსიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა არის ის, რომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ერთბაშად ბევრი ადამიანი შეამოწმეს.

მთლიანად ტესტირება 43 041 ადამიანს ჩაუტარდა, დაავადება გამოუვლინდა 5 271-ს, აქედან 67 გარდაიცვალა, 2 419 კი გამოჯანმრთელდა.

ტესტირების გარდა, სომხეთში 18 მაისს მთელი რიგი საგანგებო ზომები მოიხსნა და შესაბამისად ხელისუფლება შიშობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ შემცირდება.

საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს ამოქმედდა. დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალა ღონისძიებები, სადაც 20 კაცზე მეტის შეკრება იყო მოსალოდნელი. თუმცა, 4 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი, რომლებიც ბიზნესსა და გადაადგილებას ეხებოდა, გაუქმდა, 18 მაისს კი გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და კვების ობიექტები. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა მგზავრები ვალდებულები არიან, ნიღაბი ატარონ. ნიღბის ტარება სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებშიც.

COVID-19-ით ინფიცირებულების დრამატული მატება სომხეთში პირველად 1 მაისს დაფიქსირდა - 134 ადამიანი, შემდეგ მოვლენები ასე ვითარდებოდა: 7 მაისი - 163 ახალი შემთხვევა, 14 მაისი -180, 17 მაისი -239, 19 მაისი - 351, 20 მაისი -230.

ერთბაშად 45 შემთხვევა დაფიქსირდა ინტერნატში, სადაც მოხუცები ცხოვრობენ. დაავადებულთაგან 28 დაწესებულების თანამშრომელი იყო.

საავადმყოფოების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა იმ პაციენტებს, რომლებშიც COVID-19 უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სახლებში უმკურნალონ. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ მათ ქალაქის პოლიკლინიკები და სოფლის ამბულატორიები მიხედავენ.

თუმცა, მთავრობა ემზადება უკიდურესი შემთხვევისთვისაც. ერევანში სპორტული კომპლექსი ავადმყოფების მისაღებად გადააკეთეს. თვის დასაწყისში არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარით სომხეთში ახალი კორონავირუსით ნახევარი მილიონი ადამიანი დაინფიცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG