Accessibility links

სპუტნიკი: “ობიექტივი” რუსულ მაუწყებლობაზე უარს არ იტყვის


ტელეკომპანია “ობიექტივის” მენეჯერმა, ზვიად ავალიანმა “სპუტნიკ-საქართველოსთან” ინტერვიუში თქვა, რომ არხი რუსულ ენაზე აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის მაუწყებლობს და ამას მომავალშიც გააგრძელებს, მიუხედავად იმ სანქციებისა, რომელიც ტელეარხს რუსულად მაუწყებლობის გამო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დააკისრა. 10 იანვრის ინტერვიუში ავალიანი ამბობს, რომ საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით ახლა პოლიტიკური გადაცემები არხზე თითქმის არ გადის, მაგრამ მათი აღდგენის შემდეგ რუსულენოვანი გადაცემებიც აღდგება.

მედიის განვითარების ფონდმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას „ობიექტივის“ ეთერში რუსულენოვანი გადაცემების შესახებ საჩივრით 2019 წლის დეკემბერში მიმართა. 9 იანვარს მარეგულირებელმა კომისიამ არხი გააფრთხილა და ბადიდან რუსულენოვანი გადაცემების დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 381-ე მუხლის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საერთო-ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს. საქართველოს სახელმწიფო ენა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური.

მედიის განვითარების ფონდი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ “ობიექტივის” მენეჯერი ზვიად ავალიანი, ამავდროულად, მარეგულირებელი კომისიის ახალი პლატფორმის “მედიაკრიტიკის” ავტორია. ზვიად ავალიანს “მედიაკრიტიკაზე” 2019 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული აქვს რეცენზია, სათაურით “რას ნიშნავს პრორუსული მედია?”, რომელშიც ავტორი საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას “კუდიანებზე ნადირობას” ადარებს, რომლის მიზანიც განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების მარგინალიზაციაა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი მედიაკრიტიკის პლატფორმა 2019 წლის მიწურულს აამოქმედდა. ​ამ პლატფორმაზე ზვიად ავალიანს სამი ბლოგი აქვს გამოქვეყნებული. მათგან ერთი მედიაკრიტიკის საჭიროებას ეხება, მეორე კი "მთავარი არხის" სარედაქციო პოლიტიკას განიხილავს.

„მითების დეტექტორი“ მომხმარებელს ახსენებს იმასაც, რომ "ზვიად ავალიანს “ობიექტივის” ეთერში არაერთხელ გაუჟღერებია ისეთი გზავნილები, რომლებიც NATO-ს მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება. ავალიანი იმეორებს “პატრიოტთა ალიანსის” დღის წესრიგს სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG