Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრულმასშტაბიანი ომის საშიშროება ახლო აღმოსავლეთში - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 მაისს


მწვავე დაპირისპირება ისრაელსა და პალესტინას შორის გრძელდება

12 მაისის საღამოს ჰამასის ექსტრემისტებმა ღაზის სექტორიდან ისევ განაგრძეს რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით. ამას წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები პალესტინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც გუშინ რიგით მესამე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით ესკალაციის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 50-ზე მეტი პალესტინელი, მათგან 14 ბავშვია. დაშავდა რამდენიმე ასეული ადამიანი.

ისრაელის არმიამ 12 მაისს ღაზაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის შენობები დაბომბა. იერიშის ობიექტები არიან ჰამასის ლიდერები. ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს თანახმად დაჯგუფების მოკლულ წევრებს შორის ღაზის ბრიგადის მეთაურიცაა.

რაც შეეხება პალესტინის შეტევებს, ისრაელის არმიის ინფორმაციით ბოლო დღეების განმავლობაში ღაზის სექტორიდან 1500-მდე რაკეტა გაეშვა მათი მისამართით. ისრაელის ცას ამ დრომდე მნიშვნელოვნად იცავს რკინის გუმბათის სახელით ცნობილი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც სარაკეტო იერიშებს ცაში იგერიებს, თუმცა მიუხედავად ამისა მსხვერპლი ისრაელის მხარესაცაა. გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია.

საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებით გამოდის, შეწყდეს მომაკვდინებელი კონფლიქტი ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის ღაზის სექტორში იმ საშიშროების ფონზე, რომ დაპირისპირება შეიძლება გადაიზარდოს „სრულმასშტაბიან“ კონფლიქტში.

„სრულმასშტაბიან ომის ვუახლოვდებით,“ განაცხადა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხებში გაეროს წარგზავნილმა, ტონ უენესლანდმა, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოწოდება გამოთქვა, „გაორმაგდეს ძალისხმევა სიმშვიდის აღსადგენად“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შეთანხმების სასიცოცხლო მნიშვნელობა და ევროკავშირის დახმარების პირობა

“19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – განაცხადა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პროცესში ჩართულმა შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა 12 მაისს გამართული ონლაინდისკუსიის მსვლელობისას.

მისი განცხადებით 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების ("შარლ მიშელის შეთანხმების") შესრულების პროცესში საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ძალების გაერთიანება მოეთხოვებათ, რადგან ძლიერი სასამართლო და საარჩევნო სისტემები აუცილებელი პირობაა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ამ კუთხით, მოკლევადიან პერსპექტივაში გადასაწყვეტ საკითხებს შორის კრისტიან დანიელსონი (20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული) ამნისტიის კანონის დამტკიცებას ასახელებს.

"შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული ამნისტია ჯერ ისევ ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად რჩება არა მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რიგებში და მათ მომხრე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორისაც.

წაიკითხე მეტი.

დღეს სრულდება პარლამენტის ორკვირიანი შესვენება

საკანონმდებლო ორგანო თითქმის ორკვირიანი არდადეგების შემდეგ მუშაობის პროცესს უბრუნდება. დღეს მოხდება ბიუროზე 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის ორი კანონპროექტის წარდგენაც.

ამნისტიის შესახებ კანონის მისაღებად ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კანონპროექტების თავისი ვერსია შეიმუშავა.

„ქართული ოცნების“ დოკუმენტის მიხედვით ამნისტია უპირობოდ შეეხება ყველას, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცველებს. ოპოზიციის დოკუმენტში კი სამართალდამცველების ამნისტიის წინაპირობად დაზარალებულების თანხმობაა ჩამატებული.

ორივე დოკუმენტს აერთიანებს ის, რომ ამნისტია არ ვრცელდება ისეთ მუხლებზე, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 05 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.

ქვეყანაში "კომენდანტის საათი" 28 ნოემბრიდან მოქმედებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, არსებული რეგულაციის შემსუბუქების შესაძლებლობა განხილულ იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 27 პაციენტი.

COVID სიახლეები:

რა ბედი ელის ვიქტორ მედვედჩუკს

უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ეჭვმიტანილად გამოაცხადა პრორუსულად განწყობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი და მისი თანამოაზრე, აგრეთვე უმაღლესი რადის დეპუტატი, ტარას კოზაკი.

„ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული მედვედჩუკი და ამავე გაერთიანების წევრი ტელემაგნატი ტარას კოზაკი ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს ღალატში და ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია „უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების“ ძირის გამოთხრასა და რუსეთისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

ორივე ბრალდება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და, უკრაინის პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას მოეპოვება უტყუარი ფაქტები ამ ბრალდების სასამართლოზე დასამტკიცებლად.

თუმცა ასე არ ფიქრობს ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 მაისს თავად გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში და „აბსურდი“ უწოდა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

რა ინფორმაციის გაცემაშია მედვედჩუკი ეჭვმიტანილი და რას ამბობს კრემლი? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ეძებს თუ არა გამოძიება ტრეფიკინგის კვალს ასსელის საქმეში - სად არის მურატი?

თანამშრომლობენ თუ არა ყაზახეთისა და საქართველოს საგამოძიებო უწყებები 26 წლის ასსელ აიტპაევას გარდაცვალების საქმეზე, რომელიც 5 მაისს, თბილისში, კედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს? აპირებს თუ არა ყაზახური მხარე ოჯახის მიერ, ასსელის გაუპატიურებაში დადანაშაულებული ყაზახეთის მოქალაქის, მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემას, როგორც ამას გარდაცვლილი ქალის ოჯახი მოითხოვს? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით, არც ოჯახს აქვს, არც ოჯახის ადვოკატს და არც ყაზახ და ქართველ ჟურნალისტებს.

რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიურო 12 მაისს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ყაზახი ქალის გარდაცვალების საქმეში, ყაზახეთის მხარის მონაწილეობის შესახებ კითხვა დაუსვა, თუმცა, როგორც ჩვენი ყაზახი კორესპონდენტი გვეუბნება, საგარეო საქმეთა სამინისტროში მათ მოკლე პასუხი გასცეს: „გამოძიებას საქართველო აწარმოებს. ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთდება“.

სწორედ 36 წლის მურატ მეირბეკოვს ასახელებს ქალიშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ასსელის დედა. ქალი ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ხოლო ამ დანაშაულებრივ სქემაში სწორედ მისმა სიძემ, მურატ მეირბეკოვმა ჩართო.

ოჯახის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ტრეფიკინგის მიმართულებითაც. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები იკვლევენ იმ კომპანიის საქმიანობის დეტალებს, რომელშიც ასსელი მუშაობდა.

ადვოკატი ამბობს, რომ 10 მაისს, საქართველოში, შვილის გარდაცვალების საქმის მასალების გასაცნობად ჩამოსულმა დედამ, გამოკითხვის ოქმში პირდაპირ მიუთითა, რომ მისი შვილი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო.

წაიკითხე მეტი.

სოფიკო შვარცი 23 წელია ისრაელში ცხოვრობს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრობს ისრაელსა და პალესტინელების შორის დაპირისპირებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG