Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატოს წევრები სამხედრო ხარჯებს ზრდიან


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წელს ალიანსის ევროპელმა წევრებმა და კანადამ 4,6%-ით გაზარდეს თავდაცვის ხარჯები და ეს ხარჯების ზრდის ზედიზედ მეხუთე წელია.

სტოლტენბერგმა ეს განცხადება პარასკევს გააკეთა ნატოს მოახლოებული სამიტის წინ, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება დიდ ბრიტანეთში.

ვაშინგტონი თავის მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მეტი ხარჯები გაიღონ თავდაცვისთვის. გარდა ამისა, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის უთანხმოებაა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ირანი, რუსეთი და სირია.

სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულ ქვეყნებსა და კანადას 2016 წელთან შედარებით 130 მილიარდი დოლარით მეტი ექნებათ ინვესტირებული.

2024 წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 400 მილიარდამდე გაიზრდებაო, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა და დასძინა: „ეს უპრეცედენტო წინსვლაა და ეს ნატოს უფრო აძლიერებს“.

ნატოს 29 წევრი ქვეყნიდან ცხრა აკმაყოფილებს თავდაცვის ხარჯებისთვის დასახულ მოთხოვნას - საერთო შიდა პროდუქტის 2%-ს. სტოლტენბერგის თქმით, სამი წლის წინ ამ მოთხოვნას მხოლოდ სამი ქვეყანა აკმაყოფილებდა. მისი სიტყვებით, 2024 წლისთვის ალიანსის უმეტესი წევრი გეგმავს ამის გაკეთებას.

ნატოს ლიდერები 3 დეკემბერს ლონდონის ცენტრში გამართავენ შეხვედრას დასავლეთის სამხედრო ალიანსის 70 წლისთავის აღსანიშნავად, მომდევნო დღეს კი უოტფორდში გაემგზავრებიან ოფიციალური სხდომის ჩასატარებლად.

ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

სამიტისთვის მზადებას ჩრდილი მიაყენა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კრიტიკამ. მისი თქმით, ალიანსის შიგნით არ შეინიშნება პოლიტიკური და სტრატეგიული კოორდინაცია.

28 ნოემბერს მაკრონმა თქვა, რომ კვლავაც დგას თავის პოზიციაზე, რომელიც სამი კვირის წინ გამოხატა. მის მაშინდელ კომენტარს, რომ ნატო „ტვინის კვდომის“ მდგომარეობაში იმყოფება, მოკავშირეთა მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა რუსეთთან დიალოგის მოწოდებით და თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი არ არიან ნატოს მტრები. მისი თქმით, მტერია ტერორიზმი.

გარდა ამისა, მაკრონმა ნატოს წევრი თურქეთი გააკრიტიკა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ იერიშის გამო.
საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 29 ნოემბერს თქვა, რომ საფრანგეთის ლიდერმა „უნდა შეამოწმებინოს, თავად მისი ტვინი ხომ არ მოკვდა“ და მას „ახალბედა“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG