Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელესერიალ The Grand Tour-ის ახალი ეპიზოდი საქართველოს ეძღვნება


22 მარტს გამოვიდა მსოფლიოში პოპულარული ბრიტანული საავტომობილო ტელესერიალის, The Grand Tour-ის მორიგი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს ეხება.

სერიალის მე-3 სეზონის მე-11 ეპიზოდში გადაცემის გმირები, ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი სამხრეთ კავკასიაში ჩადიან, რათა დაადგინონ, რომელია საუკეთესო მანქანა საიმისოდ, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ჩავიდეს მტკნარი წყლის თევზის საჭმელად.

სამი გმირი უმაღლესი კლასის სამი სხვადასხვა ავტომანქანით გადის ათასამდე კილომეტრს ბათუმიდან ბაქომდე. გზაში მათ მრავალი თავგადასავალი გადახდებათ, ისინი ნახულობენ ლამაზ ქალაქებსა და სოფლებს, ისტორიულ ადგილებს.

ერთ-ერთ მონაკვეთში ტელესერიალის გმირები მიდიან სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საზღვარზე და მავთულხლართების გადაღმა ესაუბრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილ ადგილობრივ მოსახლეს.

(კლარკსონი, მეი და ჰამონდი​ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში)

სერიალის მე-11 ეპიზოდის გადასაღებად ბრიტანული გადამღები ჯგუფი გასული წლის შემოდგომაზე ესტუმრა საქართველოს.

The Grand Tour არის დოკუმენტური ტელესერიალი, რომელიც წინასწარ გადაღებულ ელემენტებსაც შეიცავს. მისი ყურადღების ცენტრში დგას ავტომანქანა და ავტორბოლა. The Grand Tour-ის მე-3 სეზონი 18 იანვარს დაიწყო და ეპიზოდები კვირაში ერთხელ გამოდის. მას ავრცელებს საინტერნეტო სერვისი Amazon Prime Video.

კლარკსონი, მეი და ჰამონდი ადრე მონაწილეობდნენ BBC-ის მსგავსი ტიპის პოპულარულ ტელესერიალში Top Gear.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG