Accessibility links

ტერი მილერი: რუსეთის მთავრობამ უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას და უკან დაიხიოს


ინტერვიუ ტერი მილერთან
please wait

No media source currently available

0:00 0:04:56 0:00

„როცა ადამიანებს საშუალებას აძლევ, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, ბევრად უკეთეს შედეგებს მიიღებ“, - ამბობს ელჩი ტერი მილერი, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მთავარი გამოცემის - „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ რედაქტორი.

ტერი მილერი, ამერიკელი დიპლომატი, დღეს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ორი კვლევითი ცენტრის - „მონაცემთა ანალიზის“ და „ვაჭრობისა და ეკონომიკის“ ცენტრების ხელმძღვანელია.

ის იყო აშშ-ის ელჩი გაეროში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ეკონომიკისა და გლობალურ საკითხებში.

„კერძო სექტორი არის ზრდის უპირატესი წარმმართველი. ეკონომიკური თავისუფლების იდეა არის იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ ხელი არ შეუშალოს კერძო სექტორს ეკონომიკურ აქტივობაში“, - აცხადებს ტერი მილერი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. გთავაზობთ მის მოსაზრებებს საქართველოს ეკონომიკის, მთავრობის როლის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ:

„რუსეთის მთავრობამ უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას“

მეჩვენება, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საჰაერო მგზავრობის აკრძალვაზე ერთგვარი გადაჭარბებული რეაქცია იყო იმაზე, რაც აქ მოხდა. ბევრი მიზეზია ასე ვიფიქრო. მე არ ვარ საქართველოს პოლიტიკის ექსპერტი, მაგრამ, როგორც მესმის, საქართველოში მიმდინარე პროტესტს არაერთი მიზეზი აქვს. რუსეთის მთავრობამ, როგორც ჩანს, ეს ძალიან პირადულად მიიღო და, ჩემი აზრით, გამოიყენა ძალიან პროვოკაციული ზომა საქართველოს ხალხის მიმართ. არა მგონია, ეს იყოს ძალიან მეგობრული მოპყრობა მეზობელ ქვეყანასთან. იმედს ვიტოვებ, რუსეთის მთავრობა გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაფერთან ერთად ქართველების გარდა რუსეთის ხალხსაც აზარალებს, ვისაც აქ ჩამოსვლა და შვებულების გატარება სურს. მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა რუსეთის მთავრობამ უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას და უკან დაიხიოს.

რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გზა - „ეძებეთ სხვა ბაზრები“

ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან შეიძლება იყოს უდიდესი უპირატესობა საქართველოსთვის. რუსეთი დიდი ქვეყანაა, აქვს რესურსები, სიმდიდრე. ეს არის დიდი ბაზარი ქართული პროდუქტისთვის. ასე იყო ისტორიულად და უნდა გაგრძელდეს მომავალში. ასე რომ, მე მხარს არ დავუჭერდი ამ ურთიერთობების შეწყვეტას ან შეზღუდვას, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეძებოს სხვა ბაზრები, რომ მოახდინოს როგორც იმპორტის ისე ექსპორტის წყაროებისა და ბაზრების დივერსიფიკაცია. ასე რომ, მოდით, იყოს საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული მსოფლიოსთან, რაც ნიშნავს უფრო გლობალურ პერსპექტივას, მაგრამ ეს თავისთავად არ გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტას.

ვის რისი კეთება შეუძლია ეკონომიკის ზრდისთვის?

ვფიქრობ, მთავრობას ლიმიტირებული როლი აქვს რისი გაკეთებაც შეუძლია. ყველა მოქალაქისთვის ნამდვილად გჭირდებათ განათლება, რაც არის ეკონომიკური აქტივობის საბაზისო საწყისი წერტილი. მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო სისტემა იყოს ინკლუზიური, ეფექტიანი და საგარეო სივრცეებზე ორიენტირებული: მაგალითად, ყველა მოქალაქისთვის მისაწვდომი უნდა იყოს ენების სწავლება. ასეთი ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. წმინდად ეკონომიკურ აქტივობას რაც შეეხება, კერძო სექტორია, სადაც მიიღებთ ინვესტიციებს ახალი ფორმის საწარმოებსა და ახალი ტიპის ეკონომიკურ აქტივობებში, რითაც შეიქმნება სამუშაო ადგილები, ან გაუმჯობესდება არსებული სამუშაო ადგილები. სწორედ აქედან მოვა ზრდა და შემოსავალი.

არც ერთი გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა

ვფიქრობ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მთავრობამ იმოქმედოს პატიოსნად, წესიერად და ყველაფერთან ერთად - გამჭვირვალედ. სამთავრობო პროცესი უნდა იყოს ღია, თვალსაჩინო. არ უნდა იყოს მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა. ასეთი ტიპის დემოკრატიაში ადამიანები უნდა ხედავდნენ, რას აკეთებენ მათი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ გზით ადამიანებს შორის იქნება სამართლიანობისა და თანასწორობის განცდა.

სამთავრობო ხარჯების ზრდა აფერხებს განვითარებას

ჩემი აზრით, გადასახადების შემცირება ყოველთვის შესაძლებელია. საქართველოს საკმაოდ კარგი საგადასახადო სისტემა აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. სინამდვილეში, საქართველოს სისტემა ცოტათი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ის, რომელიც აშშ-შია. ხელისუფლების მიდგომა უნდა იყოს - არ ამოიღონ კერძო სექტორიდან იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე სრულიად აუცილებელია მთავრობის მიერ განსახორციელებელი აქტივობებისთვის, როგორებიცაა უპირველესად: თავდაცვის სისტემა, შეიძლება გარკვეული ინფრასტრუქტურული ხარჯები, საგანმანათლებლო ხარჯები - ამ ტიპის ხარჯებისთვის. როცა მთავრობა სცდება ამ სახის აქტივობებს და სჭირდებათ მეტი საგადასახადო შემოსავლები, ეს აჩერებს კერძო სექტორს და აფერხებს განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG