Accessibility links

logo-print logo-print

ტეფტი: ბლინკენს 2008 წელს საქართველოსთვის დახმარების მობილიზებაში კრიტიკული როლი ჰქონდა


საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი

ავტორები: დანილა გალპეროვიჩი, ია მეურმიშვილი (ამერიკის ხმა)

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენი დაასახელა. ბლინკენი ჯო ბაიდენთან წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც ბაიდენის სენატორობის ასევე ვიცე-პრეზიდენტობის დროს.

ბლინკენი სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი და ჯერ სენატორის და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ამ ამპლუაში, ბლინკენი ბაიდენთან ერთად ხშირად მოგზაურობდა და მნიშვნელოვანი მიმართვების დროს, მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტებს სწორედ ის ამზადებდა.

„ამერიკის ხმა“ აშშ-ის ვეტერან დიპლომატს და საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს ჯონ ტეფტს ტონი ბლინკენზე ესაუბრა. ტეფტი ამერიკის ერთადერთი დიპლომატია, რომელმაც ელჩის თანამდებობაზე ლიეტუვასთან ერთად, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში იმსახურა. ის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე რუსეთის საქართველოში შეჭრის, უკრაინაში მაიდნის რევოლუციის, ხოლო მოსკოვში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაინიშნა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტეფტს ბლინკენთან ხშირი შეხება ჰქონდა.

“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო, როცა საქართველოში ელჩი ვიყავი 2008 წელს. მაშინ ჯო ბაიდენი ერთ-ერთი პირველი სენატორი იყო, რომელიც საქართველოში [ომის დროს] ჩამოვიდა. სწორედ ჯო ბაიდენი იყო ადამიანი, რომელმაც ეგრეთ წოდებული, „მილიარდ დოლარიანი პაკეტის“ სახელით ცნობილი დახმარების მობილიზებას უხელმძღვანელა. ამ პაკეტის მიზანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა იყო იმისთვის, რომ [ომის შემდეგ] ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯონ ტეფტმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დახმარების პაკეტის მობილიზებაში ტონი ბლინკენს საკვანძო როლი ჰქონდა.

„მისი როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა.“

ბლინკენი ჯო ბაიდენთან ერთად საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა - პირველად 2008 წლის 17 აგვისტოს და შემდეგ თითქმის ერთი წლის თავზე, 2009 წლის ივლისში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლში.

ტეფტი იხსენებს, რომ ამ ვიზიტის დროს მან ტონი ბლინკენთან ახლოს იმუშავა და მასთან ერთად დაწერა გამოსვლის ტექსტი, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.

ემოციურ სიტყვაში მაშინ ბაიდენმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, საწინააღმდეგო რჩევების მიუხედავად, ის საქართველოში ჩავიდა.

„მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს დაპირებას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი", განაცხადა მაშინ ბაიდენმა.

ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვას“ ცდილობდა, რაც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში დაიწყო. ამ ნაბიჯმა როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში მაშინ შეშფოთება გამოიწვია. ბლინკენის რეკომენდაციით, ბაიდენმა საკუთარ სიტყვაში ამ წუხილზეც ისაუბრა.

„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.

ამ და სხვა მიმართვების გათვალისწინებით, რომელთა ტექსტების პირველი ვერსიაც ბლინკენმა ბაიდენს დაუწერა, ტეფტი ამბობს, რომ მომავალი პირველი დიპლომატი „სიტყვით გამოსვლის უბადლო“ ექსპერტია. ტეფტი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ვინმემ გამოსვლის ტექსტი მოუმზადოს ისეთი მაღალი რაგნის თანამდებობის პირს, როგორიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტია, მას დეტალურად უნდა ესმოდეს თემის ნიუანსები და ზუსტად იცოდეს ის, თუ რისი თქმა სურს სიტყვის წარმომთქმელს და როგორ დააწინაურებს ეს ამერიკის საგარეო პოლიტიკას.

ტეფტი ამბობს, რომ ბლინკენს არა მხოლოდ ეს უნარები აქვს, არამედ მას სენატში მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობის და ოპონენტებთან მოლაპარაკებების კარგი გამოცდილება აქვს.

ბაიდენთან ერთად საქართველოსთვის დახმარების პაკეტის გამოყოფაზე მისი რესპუბლიკელი კოლეგა სენატორი რიჩარდ ლუგარიც აქტიურად მუშაობდა. ბაიდენმა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ლუგარი მას შემდეგ შეცვალა, რაც რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა დაკარგეს. ტეფტს საქართველოს დახმარების პაკეტზე მუშაობა ამ ორპარტიული თანამშრომლობის მაგალითად მოჰყავს.

„ორივე მათგანი უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ იმაში, რომ როგორც სენატორებს აღმასრულებელი მთავრობისთვის ბიძგი მიეცათ დახმარების პაკეტის შემუშავებაში, არამედ იმაშიც, რომ სენატში ამ პაკეტის მიმართ ორივე პარტიაში მხარდაჭერა შეემუშავებინათ. ეს პერიოდი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უდიდესი შემოქმედებითობით და წინდახედულობით გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ტონის კარგად ესმის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა,“ თქვა ჯონ ტეფტმა.

მისივე თქმით, ტონი ბლინკენი არის ადამიანი, რომელსაც „ღრმა ფესვები აქვს“ დიპლომატიასა და ამერიკის ღირებულებებში. ტეფტს სჯერა, რომ ბლინკენი, როგორც ამერიკის მომავალი პირველი დიპლომატი აცნობიერებს, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო მან „შემოქმედებითი და ახალი გზები უნდა გამონახოს“ ამერიკის ინტერესებისა და მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად.

მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატის ნომინაციის დასამტკიცებლად სენატისთვის წარდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG