Accessibility links

ტრამპის ყოფილი ადვოკატი მის წინააღმდეგ კონგრესში იძლევა ჩვენებას


მაიკლ კოენი, დონალდ ტრამპი

მაიკლ კოენი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი, 27 თებერვალს კონგრესს აძლევს ჩვენებას, რომელიც ტრამპის ბიზნესსაქმიანობის ბევრ ასპექტს გამოააშკარავებს.

მაშინ, როცა კოენი ჩვენებას აძლევს, თავად ტრამპი ამერიკიდან შორს, ვიეტნამში მართავს შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

პრეზიდენტმა ტვიტერით დაწერა, რომ კოენი ტყუის, რადგან თავისი პატიმრობის ვადის შემცირება სურს. კოენი ტრამპმა 2018 წლის მაისში დაითხოვა.

საკუთრივ მოსმენის გამართვამდე გავრცელდა კოენის გამოსვლის ტექსტი, რომელშიც კოენი ამბობს, რომ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობის პერიოდშიც ხელმძღვანელობდა მოსკოვში უძრავი ქონების პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა, თითქოს რუსეთში ბიზნესინტერესები არ ჰქონდა.

კოენი ტრამპს უწოდებს „რასისტს“ და „თვალთმაქცს“ და აცხადებს, რომ დოკუმენტებით გაამყარებს პრეზიდენტის შესახებ თავის განცხადებებს.

სავარაუდოდ, მოსმენაზე არ შეეხებიან უშუალოდ ტრამპის კავშირებს რუსეთთან - რასაც საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი იძიებს.

თავად ტრამპი, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა, უარყოფს მას, მის კამპანიას, მის გარემოცვასა და მოსკოვს შორის რაიმე კავშირს. მიულერის გამოძიებას მან ბევრჯერ უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“.

ბატონი კოენი ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი იყო, რომელიც (სამწუხაროდ) მე წარმომადგენდა. მას სხვა კლიენტებიც ჰყავდა... მას ცუდი საქციელები აქვს ჩადენილი, ტრამპთან კავშირის გარეშე. ის ცრუობს, რათა პატიმრობის ვადა შეიმციროს...
დონალდ ტრამპი

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ წინასწარ არ იცოდა 2016 წლის 22 ივლისს "ვიკილიკსის" დოკუმენტების გამოქვეყნების შესახებ. დოკუმენტები დემოკრატიული პარტიის იმეილებს მოიცავდა და მათმა გამოქვეყნებამ ზიანი მიაყენა კლინტონის კამპანიას.

წინასწარ მომზადებულ განცხადებებში კოენი ამბობს, რომ 2016 წლის ივლისში ის ტრამპის ოფისში იყო, როცა ტრამპს - მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატს - მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, როჯერ სტოუნმა დაურეკა.

კოენის თქმით, სტოუნმა ტრამპს უთხრა, რომ ის-ის იყო ელაპარაკა "ვიკილიქსის" დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს, რომელმაც უთხრა, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდებოდა ბევრი ელექტრონული წერილი, რითიც ზიანი მიადგებოდა კლინტონის კამპანიას.

ტრამპი იყო „საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც იცოდა, რომ როჯერ სტოუნი ჯულიან ასანჟს ელეპარაკებოდა "ვიკილიქსის" მიერ დემოკრატთა იმეილების გამოქვეყნებაზე“, - ამბობს კოენი გამოსვლის ტექსტში და დასძენს: „ბევრჯერ მკითხეს, იცოდა თუ არა ბატონმა ტრამპმა ჰაკერების მიერ მოპოვებული იმეილების გამოქვეყნებაზე წინასწარ. პასუხია - დიახ, იცოდა“.

ერთ დროს კოენი ამტკიცებდა, რომ ტრამპის ერთგული იყო და ამბობდა, მისთვის „ტყვიასაც გადაეფარებოდა“. ახლა მან თავი დამნაშავედ აღიარა ფედერალური საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაში, რაც მოიცავდა ე.წ. „გასაჩუმებელი თანხების“ გადახდას ორი ქალისთვის, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ.

კოენმა თავი დამნაშავედ აღიარა კონგრესისთვის სიცრუის თქმაში სხვა საქმესთან დაკავშირებით - განაცხადა, რომ მოსკოვში ცათამბჯენის აშენების შესახებ ტრამპის ორგანიზაციასა და რუს დეველოპერებს შორის მიმდინარეობდა გაცილებით უფრო მასშტაბური მოლაპარაკებები, ვიდრე მანამდე იყო ცნობილი.

მრცხვენია, რომ ვარჩიე ბატონი ტრამპის არალეგიტიმურ მოქმედებებში მონაწილეობა, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი სინდისისთვის მომესმინა...
მაიკ კოენი

გამოსვლის ტექსტში კოენი ამბობს, რომ ტრამპს მისთვის სიცრუის თქმა პირდაპირ არ დაუვალებია - „მაგრამ თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა, რომ რუსეთში ბიზნესი არ არსებობდა, შემდეგ ამერიკელი ხალხის წინაშე გადიოდა და მათ იმავე სიცრუეს ეუბნებოდა“.

„თავისებურად, ის მეუბნებოდა, იცრუეო“ - ამბობს კოენი. მისი თქმით, ტრამპის ადვოკატებმა „გადასინჯეს და რედაქტირება გაუკეთეს“ განცხადებას, რომელშიც კოენი არასწორად ამბობდა, რომ მოსკოვში "ტრამპ ტაუერის" აშენების წინადადება 2016 წლის იანვარში გაჩერდა.

კოენი ახლა ამბობს, რომ პროცესი შემდეგაც გაგრძელდა. „მკაფიოდ რომ ვთქვა: ბატონმა ტრამპმა იცოდა და ხელმძღვანელობდა მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებს მთელი კამპანიის განმავლობაში და ამის შესახებ ცრუობდა“.

„მრცხვენია, რომ ვარჩიე ბატონი ტრამპის არალეგიტიმურ მოქმედებებში მონაწილეობა, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი სინდისისთვის მომესმინა“, - თქვა კოენმა კონგრესში გამოსვლისას.

ვიეტნამში მყოფმა ტრამპმა ტვიტერით უარყო კოენის განცხადებები და მას სიცრუეში დასდო ბრალი. „ბატონი კოენი ჩემი ერთ-ერთი ადვოკატი იყო, რომელიც (სამწუხაროდ) მე წარმომადგენდა. მას სხვა კლიენტებიც ჰყავდა... მას ცუდი საქციელები აქვს ჩადენილი, ტრამპთან კავშირის გარეშე. ის ცრუობს, რათა პატიმრობის ვადა შეიმციროს" - წერს პრეზიდენტი.

კოენის სამწლიანი პატიმრობის ვადა - რომელიც მის მიერ დანაშაულთა აღიარებას ეფუძნება - მაისში უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG