Accessibility links

დონალდ ტრამპი: თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ისტორიული შეხვედრის შემდეგ ესაუბრა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს, გრეტა ვან სასტერენს.

გრეტა ვან სასტერენი: რამ გაგაოცათ კიმ ჯონ ინში?

დონალდ ტრამპი: მართლაც, შთამბეჭდავი პიროვნებაა! მხიარულია, ძალიან გონიერი, საუცხოო მომლაპარაკებელი. უყვარს თავისი ხალხი - იმის თქმა არ მინდა, რომ ამით გაოცებული ვარ, მაგრამ უყვარს თავისი ხალხი. და, ჩემი აზრით, დასაბამი მივეცით არაჩვეულებრივ შეთანხმებას. მოვახდენთ ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციას. ეს დაუყოვნებლივ დაიწყება და ხდება კიდევ ბევრი რამ, მათ შორის არის (კორეის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების) ნეშტების დაბრუნება. იცით, ჩართული ხარ ჩრდილოეთ კორეის საკითხში ... მაგრამ ნეშტების გადმოცემა, გრეტა, ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ადამიანისათვის! ისინი მირეკავენ, წერილებს მწერენ: გთხოვთ, შეგიძლიათ ამის გაკეთებაო? და ის დათანხმდა ამის გაკეთებაზე, ომში დაღუპული ათასობით ადამიანის გადმოცემაზე - ეს დიდი მიღწევაა!

ცხადია, დენუკლეარიზაციაზე საუბარს დავუთმეთ დროის 90 პროცენტი, მაგრამ შევეხეთ ბევრ სხვა საკითხსაც, მათ შორის ვახსენეთ ადამიანის უფლებები. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნეშტების გადმოცემა - ჩვენ ის დოკუმენტშიც შევიტანეთ, შევძელით დოკუმენტში მისი შეტანა...
დონალდ ტრამპი

გრეტა ვან სასტერენი: შეხვედრის დროს თქვენ წამოჭერით ადამიანის უფლებების საკითხი და როგორი იყო მისი რეაქცია?

დონალდ ტრამპი: ძალიან კარგი. ცხადია, დენუკლეარიზაციაზე საუბარს დავუთმეთ დროის 90 პროცენტი, მაგრამ შევეხეთ ბევრ სხვა საკითხსაც, მათ შორის ვახსენეთ ადამიანის უფლებები. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ნეშტების გადმოცემა - ჩვენ ის დოკუმენტშიც შევიტანეთ, შევძელით დოკუმენტში მისი შეტანა. დოკუმენტში ბევრი კარგი რამაა, რასაც ვერავინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მოხდებოდა“.

გრეტა ვან სასტერენი: მითხარით ცოტა რამ კულუარებზე. წაუყენეთ რაიმე ულტიმატუმი? ან მან თუ წამოგიყენათ ულტიმატუმი? როგორი იყო პროცესი?

დონალდ ტრამპი: არა, ულტიმატუმი არა. ჩვენ, სამი თვეა, კონტაქტები გვაქვს და კონტაქტები გვაქვს ჩვენი სხვადასხვა წარმომადგენლის მეშვეობით. მათ შორის არის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც, მართლაც, ფანტასტიკურად იმუშავა. ასე რომ, კარგა ხანია, კონტაქტები გვაქვს და როცა დღეს შევხვდით ერთმანეთს, თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. იცით, დღე-ღამეზე მეტია არ მიძინია, ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკება, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ის დასაბამს აძლევს პროცესს. იცით, ეს შესაძლოა დამთავრებულიყო ომით, შესაძლოა დამთავრებულიყო მრავალი მილიონი ადამიანის მსხვერპლით - ჩრდილოეთ კორეას კარგად იცნობთ, სეულში 28 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს შესაძლოა დამთავრებულიყო მილიონობით ადამიანის დაღუპვით, მაგრამ ჩვენ ამას დავამთავრებთ შეთანხმებით.

გრეტა ვან სასტერენი: რას იტყვით ჩვენს ჯარისკაცებზე? დარჩებიან სამხრეთ კორეაში?

დონალდ ტრამპი: კი, დარჩებიან. ამის შესახებ არც კი გვისაუბრია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო მანევრებში, რომლებიც ძალიან ძვირია. ისინი, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ძალიან პროვოკაციულია. და მინდა ამის გაკეთება და, ვფიქრობ, მათ ეს ძალიან უხარიათ, რადგან (სამხედრო წვრთნები) ასეთი პროვოკაციულია. მაგრამ თან უზარმაზარი თანხა ხმარდება მათ ჩატარებას. ამას აღარ გავაკეთებთ, სანამ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, ვიჩენთ რა კეთილ ნებას“.

ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გრეტა ვან სასტერენი: რამ დასვა კიმ ჩენ ინი მაგიდასთან, ათობით წელი იარაღის ჟღარუნის შემდეგ?

დონალდ ტრამპი: სინამდვილეში, არა მგონია, მაინცდამაინც დიდი ყოფილიყო იარაღის ჟღარუნი, ჩემამდე არა მგონია... მათი პოზიცია ძირითადად იყო დუმილი - არ უნდოდათ ამის შესახებ ლაპარაკი და ასე არ უნდა იქცეოდე. და, ჩემი აზრით, თავდაპირველი რიტორიკა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გულახდილად რომ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მეჯავრებოდა ამის კეთება და მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეგონა, რომ არასწორად ვიქცეოდი, ვფიქრობ, რომ ამის გარეშე აქ არ ვიქნებოდით. ვფიქრობ, აგრეთვე, რომ მას მართლაც სურს შეთანხმების დადება, სურს რაღაცის გაკეთება“.

გრეტა ვან სასტერენი: მაგრამ რატომ?

დონალდ ტრამპი: „იმიტომ, რომ იცის - ჩვენს სიტყვას საქმეც მოჰყვება. არა მგონია, რომ წინათ ამას გრძნობდა. ვფიქრობ, წინათ ... იცით, სხვანაირი ხალხი იყო, საქმე არ გამოდიოდა. ახლა მან იცის, რომ ჩვენ გვსურს საქმის გაკეთება, უნდა გავაკეთოთ ეს საქმე და გავაკეთებთ კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღიდან ძალიან მკაცრად ვლაპარაკობდით ჩრდილოეთ კორეის შესახებ. მაგრამ ვფიქრობ, დღეს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც გაცილებით, გაცილებით უფრო დიდია და უფრო მრავლისმომცველი, ვიდრე ხალხს ეგონა. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა“.

გრეტა ვან სასტერენი: როგორ ფიქრობთ, რა იფიქრა თქვენზე, როცა წავიდა?

ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ჩრილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, მოვეწონე და მეც მომწონს. მესმის, როგორი იყო წარსული და იცით, ნურავინ მეტყვის, რომ უხეში ტიპია. უხეში ტიპი უნდა იყოს, ან ვთქვათ, რომ არის უხეში ადამიანი, მაგრამ ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ. ჭკვიანია, უყვარს თავისი ხალხი, უყვარს თავისი ქვეყანა. ბევრი კარგი რამ სურს და ამას ამიტომ აკეთებს“.

გრეტა ვან სასტერენი: მაგრამ ხალხი შიმშილით დახოცა. ხალხს სასტიკად ეპყრობა. და მაინც უყვარს თავისი ხალხი?

დონალდ ტრამპი: აკეთებს იმას, რასაც ხედავდა, რომ აკეთებენ, თუ ასე შეხედავთ! მაგრამ მე უნდა ვიმოქმედო იმის მიხედვით, თუ რა ხდება დღეს, რა ხდებოდა გუშინ და რამდენიმე კვირის წინ, რადგან ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო. გავიმეორებ, რომ ამ რიტორიკისა და სანქციების გარეშე... სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო - სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, სანამ დავინახავთ, რომ ეს უნდა მოხდეს. ახლაც კარგად ვხედავთ, რომ ეს მოხდება, მაგრამ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ მართლაც დაიწყებენ ან მოახდენენ ბირთვული იარაღის დემონტაჟს.

კეთილი. ვფიქრობ, რომ გყავთ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ, სურს სწორი ნაბიჯი გადადგას თქვენთვის და ჩვენ, მართლაც, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ შორის განსაკუთრებული ქიმია იყო - ალბათ, იცით, რას ვგულისხმობ „ქიმიაში“...
დონალდ ტრამპი

გრეტა ვან სასტერენი: რახან ეს არის „ამერიკის ხმა“, მას მოუსმენენ ჩრდილოეთ კორეაში, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. რისი თქმა გსურთ პირდაპირ ჩრდილოეთკორეელებითვის?

დონალდ ტრამპი: კეთილი. ვფიქრობ, რომ გყავთ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ, სურს სწორი ნაბიჯი გადადგას თქვენთვის და ჩვენ, მართლაც, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ შორის განსაკუთრებული ქიმია იყო - ალბათ, იცით, რას ვგულისხმობ „ქიმიაში“. ის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცნობ ადამიანებს, რომლებთანაც, რაც უნდა ქნა, ასეთი კავშირის შეგრძნება არ გეუფლება. ჩვენ თავიდანვე გვქონდა და ამაზე ვილაპარაკე. ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეას ბევრი საუცხოო რამ მოელის.

გრეტა ვან სასტერენი: ბატონო პრეზიდენტო, მიხარია თქვენთან შეხვედრა, თან ვაშინგტონიდან ასე შორს.

დონალდ ტრამპი: მართლაც ასეა. დიდი დროა გასული. იმედია, რაღაც მომენტში დაძინებასაც შევძლებ, ცოტა დასვენებას.

გრეტა ვან სასტერენი: კეთილი მგზავრობა.

დონალდ ტრამპი: გმადლობთ, გრეტა! ჩემთვის დიდი პატივია.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG