Accessibility links

logo-print logo-print

ტურისტები ბაკურიანს ტოვებენ


ბაკურიანში, წყლით მომარაგების პრობლემის გამო, ტურისტები სასტუმროს ჯავშნებს აუქმებენ, კურორტზე მყოფი დამსვენებლები კი იქაურობას ვადაზე ადრე ტოვებენ.

უკვე ექვსი დღეა, კურორტის 20-მდე სასტუმრო წყლის გარეშეა დარჩენილი. პრობლემა აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩებზე და კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზეა შექმნილი. სასტუმრო „პანორამის“ ადმინისტრატორი გიორგი გუმბერიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს, რადგან დამსვენებლებმა სასტუმრო ყველაზე პიკურ პერიოდში დატოვეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. კომპანიაში პრობლემას ამინდს აბრალებენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, ეკატერინე გალდავას, თქმით: ​,,ბაკურიანში არცთუ ისე მძიმე მდგომარეობაა, 80 %- წყალი აქვს, 20%-ს შეფერხებით მიეწოდება. წნევის ვარდნებია ხოლმე, ძალიან დაცემულია წნევის მოცულობა, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ. გეგმა გვაქვს, რომლითაც მას გავზრდით. ჩვენ არ ველოდებოდით, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასეთი ვარდნა იქნებოდა და მოხმარება ამრიგად იქნებოდა გაზრდილი. განვახორციელებთ ამ გეგმას. ვიმედოვნებთ, რომ წნევებსაც დავიჭერთ, რეზერვუარის დონესაც ავამაღლებთ და იმ 20%-საც მოვუგვარებთ წყლის პრობლემას. დღევანდელ დღეს წყლის ავზებით და სახანძრო მანქანებით ვახორციელებთ მოსახლეობის ავზების შევსებასა და წყლის დარიგებას“.

ამ დროისთვის ბაკურიანი ტექნიკური მოხმარებისთვის წყლით ბორჯომისა და ახალციხის სახანძრო მანქანებით მარაგდება. საკურორტო ზონებში კომპანია პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რის გამოც, შესაძლოა, საქართველოში წელს ზამთრის სეზონს საფრთხე შეექმნას. ბორჯომის ვიცე-მერი ბუბა ბერიძე ამბობს, რომ კურორტზე პრობლემა უნალექობამ, წნევის ვარდნამ და დამსვენებელთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კურორტზე დამატებით ახალი რეზერვუარის აგება დაიწყეს, მაგრამ კონტრაქტორის არაკეთილსინდისიერების გამო პროექტი ხარისხიანად ვერ განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG