Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ეკლესიის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის


ავტორი: ოთო ფარეიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კარგა ხნის წინ დაკარგა ინტერესი ყოფილი ვასალი ქვეყნების მიმართ, როგორებიც, მაგალითად, პოლონეთი და ბალტიის რეგიონია, უკრაინას ის დღემდე თავის შემადგენელ ნაწილად თვლის.

უკრაინაზე გავლენის შენარჩუნებას რუსეთი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ყირიმის ანექსია იყო, რომელიც არამხოლოდ უშუალოდ ნახევარკუნძულის მითვისებას, არამედ უკრაინის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჩახშობას და საბჭოთა ბორკილების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

ყირიმი - ყირიმად, მაგრამ უკრაინის შემობრუნება რუსეთმა ვერ შეძლო:

  • 2014 წლის მაიდნის მოვლენების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად შემცირდა. ინდოეთი უკრაინული აგრარული კულტურის ერთ-ერთ მთავარ ბაზრად გადაიქცა
  • იმის პარალელურად, რომ 2015 წლიდან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენა არ განხორციელებულა, 2017 წლიდან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, უკრაინელებმა ევროპისკენ მასიურად აიღეს გეზი, რაც საბჭოთა იზოლაციისა და პოსტ-საბჭოური შეზღუდვების შემდეგ დიდი შვება იყო
  • თუ აქამდე რუსეთი დასაქმების ძირითად არეალს წარმოადგენდა, ახლა უკრაინელები პოლონეთისკენ იხედებიან
  • 2014 წლის შემდეგ, პრო-რუსული განცხადებები პოლიტიკურ თვითმკვლელობად ითვლება

მნიშვნელოვნადაა შემსუბუქებული რუსული ე.წ. რბილი ძალის გავლენაც:

  • ონლაინ სივრცეში არსებული რუსული სოციალური ქსელების აშკარა დომინაცია სახელმწიფო შეზღუდვებისა თუ მოსახლეობის სენტიმენტების გამო ნელ-ნელა შესუსტდა და გაქრა
  • რუსმა მომღელებმა და კინო ვარსკვლავებმა ერთბაშად დაკარგეს პოპულარობა, რამაც კულტურული მსგავსებების ნელი, მაგრამ შეუქცევადი ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს

მძიმე დღეში აღმოჩნდა რუსული რბილი ძალის კიდევ ერთი, სავარაუდოდ, უკანასკნელი ინსტრუმენტი - მართლმადიდებელი ეკლესია. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურმა გასული კვირის ოთხშაბათს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ღიად თქვა, რომ კრემლი ეკლესიას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს. მსგავსი რიტორიკა მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ ავტოკეფალიის მიღებაზე დაიწყო საუბარი.

ფილარეტის ბოლოდროინდელ მისწრაფებებს, რუსეთში მძიმე რეაქცია მოჰყვა: გარდა იმისა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სქიზმით იმუქრებოდნენ, უკრაინის პატრიარქზე თავდასხმა განხორციელდა; ხოლო ვლადიმერ პუტინის მიერ ‘პატრიოტებად’ შერაცხულმა ჰაკერებმა უკრაინის საპატრიარქოს სერვერებზე კიბერ-შეტევა მიიტანეს. აქვე უნდა აღინიშნოს, სქიზმა თუ ვინმეს ხელს არ აძლევს, პირველ რიგში თავად მუქარის გამჟღერებელი რუსეთია, რადგან ეს იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიასა და ფილარეტს შორის უთანხმოება 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც მან მოსკოველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამას უკრაინული საპატრიარქოს სამ ნაწილად გაყოფა და ფილარეტის მოსკოვის საპატრიარქოდან მოკვეთა მოჰყვა.

რა შეიძლება გამოიწვიოს ავტოკეფალიის მინიჭებამ? პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკითხით არამხოლოდ უკრაინელები, არამედ კონსტანტინოპოლისა და საბერძნეთის საპატრიარქოები არიან დაინტერესელბულნი: კათოლიკურ ეკლესიასთან და, ზოგადად, დასავლეთთან დაახლოების არაერთი მცდელობა ბევრჯერ გამხდარა რუსეთის საპატრიარქოს მიერ უკმაყოფილებისა და ღია აგრესიის მიზეზი. შეტევის მთავარი ადრესატი სწორედ კონსნტანტინოპოლის პატრიარქი - ბართლომე I ხდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ორი ეკლესია აქტიურად დაუჭერს მხარს უკრაინელების ევროპიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანესს ნაბიჯს.

მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე უკრაინელების უმეტესი ნაწილი რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მრევლია, გაძლიერებული ნაციონალისტური სენტიმენტების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ავტოკეფალიის მინიჭებას უკრაინელებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება მოჰყვება.

კიევის საპატრიარქოს ავტოკეფალიაზე საუბრისას ორი ასპექტი უნდა გამოვყოთ - პოლიტიკური და გეოპოლიტიკური.

პირველ რიგში, კრემლს მუდამ აღელვებდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა რუსულ რეალობაზე. ე.წ. ფერადი რევოლუციები და დემოკრატიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები რუსეთისთვის პოტენციური საფრთხე აღმოჩნდა. ე.წ. ‘დომინოს ეფექტის’ აღმოსაფხვრელად, მოსახლეობის მხრიდან მცირე უკმაყოფილებაც კი, არათუ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, დარბევებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავებით და შემდგომ მათი დემონიზაციით სრულდებოდა. უკრაინული ეკლესიის დასავლურ რელსებზე გადასვლა რუსი მრევლისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაში, რუსეთის საპატრიარქო მართლმადიდებლურ სამყაროში ლიდერის მრავალწლიან როლს დაკარგავს, რაც ძირეულად შეარყევს რუსეთის, როგორც კონსერვატული ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, რუსეთი დაკარგავს თავის ისტორიულ პრეტენზიას უკრაინის მიწებზე, რომლებსაც რუსეთის საპატრიარქო 1685 წლიდან საკუთარ ტერიტორიად მოიხსენიებს. 2007 წელს, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შექმნილი ფონდი - Русский Мир რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ქვეშ გაერთიანება ისახავდა მიზნად, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი უნდა გამხდარიყო. ავტოკეფალიის საკითხის დადებითად გადაწყვეტა კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსული კონტროლის დამყარება შორეული პერსპექტივიდანაც კი ქრება.

რთულია პროგნოზირება, თუ რას მოიმოქმედებს კრემლი უკრაინის ეკლესიაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში? გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ უკრაინაზე საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, მოსკოვი არასდროს მორიდებია დიდი ფასის გადახდას: ყირიმის მოვლენებს შეეწირა რუსეთის მცდელობა - ურთიერთობა დაელაგებინა დასავლეთთან.

ავტოკეფალიის გამოცხადების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ რუსეთმა უკრაინაში არეულობის შეტანა სცადოს. ასეთი ვარაუდის საფუძველს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირის - მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებაც იძლევა, რომელმაც მკვეთრი ნეგატიური შეფასების გარდა, ისიც კი თქვა, რუსეთის მიერ რამდენიმე უკრაინულ ტაძარზე კონტროლის დაკარგვა სისხლისღვრას გამოიწვევსო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG