Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხი: დაიძვრება თუ არა პროცესი პარლამენტში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 იანვარს


გადადებული კონსულტაციები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე დღეს უნდა გაიმართოს

26 იანვარს საპარლამენტო ფრაქციებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამომხატველ რეზოლუციაზე კონსულტაცია უნდა გამართონ. შეხვედრა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო და მიზეზად ტექნიკური საკითხები დასახელდა.

რეზოლუციის მისაღებად დროის ფაქტორი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. როგორც „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განმარტა, სასურველია რეზოლუცია კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის გახსნის დღესვე დადგეს, ამისთვის კი რეგისტრაციის ბოლო ვადა დღეს იწურება.

„შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო ხვალ დილისთვის გადაიდო. "ქართული ოცნება" პროცესში ფრთხილია! როგორც ჩანს, ყველა სიტყვას ამ რეზოლუციაში მნიშვნელობა ექნება, თუმცა მთავარია, რომ "ქართული ოცნება" არის მზად, ამ პროცესში ოპოზიციასთან ითანამშრომლოს და რეზოლუცია ერთობლივი პოზიციით მივიღოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

24 იანვარს დილით, საპარლამენტო ოპოზიციამ („ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მმართველი გუნდისგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და ღია მხარდაჭერის გამოხატვა მოითხოვა.

ამ დრომდე ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მიმართ რამდენიმე ტვიტსა და ცალკეულ განცხადებას მოიცავს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 იანვრის ბიუროს სხდომა უკრაინისადმი სოლიდარობის შემდეგი სიტყვებით გახსნა და თქვა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ხომ იცოდა, რომ არ ესმოდა, რატომ ურტყამდა? - პოლიციელის მიერ ნაცემი ბიჭის ამბავი

არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის ისნის მეტროში ცემისთვის ორი პოლიციელია პასუხისგებაში მიცემული. ვიდეოში, რომელიც ბიჭის მეგობრებმა გადაიღეს, ყველამ ნახა, როგორ სცემდა ყრუ მოზარდს ერთი პოლიციელი და „ალაპარაკებით“ ემუქრებოდა, მეორე კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მომხდარს.

გიორგი ჯოჯიშვილი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო და ვიდეო გადაიღო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პოლიციელმა ერთხელ მისცა შენიშვნა ბიჭს, რომ უმიზნოდ ნუ დადიოდა ესკალატორზე, მაგრამ რადგან მან ვერ გაიგო, შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

გვეუბნება, რომ ცემის დროს მათ არავინ მიშველებია.

იმ ღამით თვალჩალურჯებული ბიჭი სახლში მივიდა - მისი მამა ჟურნალისტებთან ჰყვება, რომ მისი შვილი თავის მეგობართან, ვაგზალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და ოჯახში კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიდის. სავარაუდოდ, ბავშვი არც სკოლაში დადის.

ბიჭს ყრუთა კავშირიდან მალევე შეხვდნენ და ამბავი გამოჰკითხეს. მან თქვა, რომ დიდი არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ესკალატორზე ზევით-ქვევით დადიოდა.

„გატეხილი არაფერი იყო, ლიანდაგებში არ ჩამხტარა, არავინ დაუზარალებია, როგორც ჩანს, თვალში არ მოუვიდათ. მაგრამ ეს არ არის გასაკვირი - ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რადგან მათ არ შეუძლიათ ლაპარაკი - არ შეუძლიათ აზროვნება“, - უთხრა ყრუთა კავშირის ხელმძღვანელმა, მაია მეტონიძემ რადიო თავისუფლებას.

პოლიციელის მიერ ნაცემი ბიჭის ამბავი წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უკრაინა ომის ზღვარზე - უფრო ძლიერი, შორს რუსეთისგან, ახლოს ნატოსთან

ამერიკამ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ მყოფ უკრაინას. ისინი მას ეხმარებიან როგორც შეიარაღებით, ასევე ფინანსურადაც.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს უპრეცედენტო მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს, რისთვისაც კიევი აშკარად მადლიერია. მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა უფრო მიუახლოვდა ალიანსს.

დასავლეთისგან უკრაინამ ამ დრომდე რამდენიმე ეტაპად მიიღო დახმარება:

  • 90 ტონა შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომელიც 22 იანვარს ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.
  • ამერიკიდან უკრაინაში 80 ტონა სამხედრო ტვირთის მესამე პარტია ჩავიდა.
  • დეკემბერში, აშშ-მ დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ ოქტომბერში უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 30 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი - „ჯაველინი", შესაბამისი საბრძოლო მასალებით.
  • დეკემბრის ბოლოს აშშ-მ უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარი გამოუყო. ამერიკული მედია იტყობინება, რომ ლაპარაკია - რადიო ლოკაციური სისტემებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზეც.

ამის ფონზე უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებაც უფრო გააქტიურდა. 25 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრისკენ მოუწოდებს.

როგორ გადავიდა დასავლეთისა და უკრაინის ურთიერთობა ახალ სიბრტყეში და სად არის ამ დროს საქართველო? ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ომიკრონი“ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული შტამი გახდა

საქართველოში „ომიკრონი“ კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ შტამად გადაიქცა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გამოვლენილი შემთხვევების 90% სწორედ ეს შტამია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ამირან გამყრელიძემ სიმპტომების არმქონე მოქალაქეებს მოუწოდა კორონავირუსის ტესტირების პუნქტები არ გადატვირთონ და 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდნენ.

"დღეს მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ამ ეტაპზე ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიებს... ​სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ და მერე იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დადგენილია... ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ისე ცირკულირებს "ომიკრონი", ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ. სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში გადავიდნენ იზოლაციაში", - თქვა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას მომავალი ორი კვირის განმავლობაში ვარაუდობენ.

წაიკითხე მეტი.

რუსეთმა ნავალნი და მისი მოკავშირეები "ტერორისტების" სიაში შეიყვანა

რუსეთმა პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და მისი რამდენიმე მოკავშირე შეიყვანა "ტერორისტების და ექსტრემისტების" სიაში.

ნავალნის და მისი ხუთი მოკავშირის - ლიუბოვ სობოლის, ვიაჩესლავ გიმადის, გეორგი ალბუროვის, ლილია ჩანიშევას და რუსლან შავედინოვის - სახელები როსინფომონიტორის სიაში 25 იანვარს გამოჩნდა. ამით ეს ჯგუფი სტატუსით გაუტოლდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ გაერთიანებებს და უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაგალითად თალიბანს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს.

რუსეთის კანონების თანახმად, სიაში შეყვანილი ინდივიდების საბანკო ანგარიშები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაყინული.

წაიკითხე მეტი.

ლონდონის პოლიცია გამოიძიებს "ლოკდაუნის" დროს დაუნინგ სტრიტზე გამართული სავარაუდო წვეულებების საქმეს

ლონდონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება კორონავირუსის "ლოკდაუნის" დროს, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეზიდენციასა და სამთავრობო დეპარტამენტებში გამართული წვეულებების შესახებ.

დედაქალაქის პოლიციის კომისარმა, კრესიდა დიკმა, 25 იანვარს განაცხადა, რომ სკოტლანდ-იარდი ახლა გამოიძიებს "რიგ მოვლენებს" მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე გამოჩნდა ახალი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯონსონმა დაარღვია თავის მიერ დაწესებული "ლოკდაუნის" რეგულაციები მოულოდნელ დაბადების დღის წვეულებაზე დასწრებით თავის რეზიდენციაში დაუნინგ სტრიტზე, 10 ნომერში, 2020 წლის ივნისში.

ეს ერთ-ერთია დაუნინგ სტრიტზე "ლოკდაუნის" სავარაუდო დარღვევათა გრძელ სიაში. მათ რიცხვს ეკუთვნის ასევე წვეულება სახელწოდებით, „სასმელი თვითონ მოიტანე“, რომელზეც, ჯონსონით თქმით, ის იმყოფებოდა, რადგან ეგონა, რომ ეს სამუშაო თავყრილობა იყო.

წაიკითხე მეტი.

„თქვენ არ იქნებით მარტო“ - როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში

აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ კი სწორედ უკრაინულმა გემებმა და ვერტმფრენებმა გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს.

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოფრინდა და მიტინგზე შეკრებილ ხალხს უთხრა: „თქვენ არასდროს იქნებით მარტონი!“

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იხსენებს წარმოშობით ქართველ გენერალს ანატოლი კამკამიძეს, რომელიც 1992 წელს, ომის დროს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ანატოლი კამკამიძეს ჯერ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, შემდეგ - საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის.

„შეიძლება ითქვას, რომ კამკამიძემ ჩაატარა 1993 წლის 16 მარტის წარმატებული ოპერაცია. ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ოპერაცია იყო სოხუმის დაცვის კუთხით”, - ამბობს აკია ბარბაქაძე.

უკრაინელები ქართულ ომებში - წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას სტატიაში.

თოზუ გულმამედლი ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში ეთნიკური უმცირესობებისთვის იბრძვის, აზერბაიჯანულ თემში კი - ქალთა უფლებების დასაცავად.

უსამართლობის მიმართ წინააღმდეგობა ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა ჩაგვრას სახელი მოგვიანებით დაარქვა - როცა 1+4 პროგრამის წყალობით თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG