Accessibility links

"უფასო აბორტის" თემა ბულგარელი ბოშებისთვის მოულოდნელი არ არის


ბოშა გოგონა პატარა ძმასთან ერთად სოფელ ეკზარხ ანტიმოვოში.

ატანას ზახარიევი ყოველწლიურად ტოვებს ბუდაპეშტს და ბულგარეთში მიემგზავრება ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად. მისი თქმით, ბალკანეთის ამ ქვეყანაში ყოველწლიურად უარესდება ვითარება მისთვის და სხვა ბოშებისთვის.

ამიტომაც ევროპაში ბოშათა უფლებების ცენტრის ადვოკატირების სფეროს მუშაკს არ უკვირს ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლების რასისტული ან სიძულვილით აღსავსე განცხადებები. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე კრასიმირ კარაკაჩანოვი, რომელიც ე.წ. "ბოშათა საკითხის" გადასაწყვეტად გამოვიდა „ტრენინგის ცენტრებისა“ და ბოშა ქალებისთვის უფასო აბორტის წინადადებით.

ატანასი და სხვა უფლებადამცველები "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ" იმ განცხადებების შესახებ, რაც ბულგარეთის მთავრობის მხრიდან ისმის ბოშების მისამართით, განსაკუთრებით კი კარაკაჩანოვის ულტრამემარჯვენე ალიანსის, "გაერთიანებული პატრიოტების" მხრიდან. აქტივისტების აზრით, ეს ქმედებები არის ბულგარეთში არსებული კორუფციული სკანდალებისგან "ყურადღების გადატანის სტრატეგიის ნაწილი". ბულგარეთი 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი და მის შემადგენლობაში შემავალი უღარიბესი წევრია.

"სრულიად აღმაშფოთებელია, მაგრამ არა გასაკვირი. ბულგარეთი ნელ-ნელა, მაგრამ მეთოდურად ხდება ფაშისტური ქვეყანა, სადაც კარაკაჩანოვის მსგავსი ფსევდოპატრიოტები და პოპულისტები უფრო და უფრო მეტად იკრებენ ძალას,“ უთხრა ატანასმა რადიო თავისუფლებას.

"ასეთი სახის დოკუმენტები თუ საჯაროდ არ დაიგმობა [პრემიერ-მინისტრ ბოიკო] ბორისოვის კაბინეტის მიერ, რომელიც ჯერ-ჯერობით ჩუმად არის, მაშინ ჩნდება საშიშროება, რომ ბულგარეთის საზოგადოება კვლავ არასწორ გზავნილს მიიღებს. დუმილი თანხმობის ნიშანია და ის ფაშიზმსა და რასიზმს გავრცელების საშუალებას აძლევს. ბორისოვის კაბინეტი კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე, ვინაიდან ის უფლებას აძლევს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, თავიანთი დღის წესრიგი გაიტანონ."

ყურადღების გადატანა

ბულგარეთს ევროკავშირში ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის ბოშური მოსახლეობა, რომელიც 7,3-მილიონიანი ქვეყნის 5%-ს შეადგენს, თუმცა, ექსპერტების თქმით, ზუსტი რაოდენობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, რადგანაც ზუსტი აღრიცხვა არ ხდება.

მათი უმეტესობა ბულგარული საზოგადოების პერიფერიაზე ცხოვრობს, მათ უჭირთ სამუშაოს ან საცხოვრებლის შოვნა, რაც დანარჩენი მოსახლეობის უმრავლესობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს კი, უფლებადამცველთა თქმით, ბოშებს ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობისა და კონკრეტულად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების სამიზნედ ხდის.

კრასიმის კარაჩანოვი.
კრასიმის კარაჩანოვი.

ბულგარეთში ჰელსინკის კომიტეტის თავჯდომარე, კრასიმირ კანევი, მიიჩნევს, რომ კარაკაჩანოვი ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსია. ის შეშფოთებას გამოთქვამს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან რასისტული და სიძულვილით აღსავსე განცხადებების გახშირებისა და ბოშების „კოლექტიური დასჯის“ შემთხვევების ზრდის გამო.

ბულგარეთის პოლიტიკურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფიგურა, კარაკაჩანოვი, არის ბულგარეთის ნაციონალისტური მოძრაობის მეთაური, და ბორისოვის მმართველი კოალიციის წევრი.
თუმცა, პარტიის რეიტინგი ბოლო წლებში იკლებს მას მერე, რაც გამოაშკარავდა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ კარაკაჩანოვი და სხვები უკანონოდ ყიდდნენ ბულგარულ პასპორტებს უცხოელებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, სკანდალის შედეგად გაიზარდა მის მთავრობაზე ზეწოლა, რათა გააძლიეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირის თანახმად, ეს პრობლემები დღემდე შეინიშნება კავშირში ბულგარეთის გაწევრიანებიდან ათი წლის შემდეგაც.

კანევი ამ ინიციატივას უყურებს, როგორც კარაკაჩანოვის ფანდს, თავისი პარტიისთვის "რასისტების ხმები მიზიდოს" ევროპარლამენტის და მუნიციპალურ არჩევნებში.
"ეს [ინიციატივა] ერთი შეხედვით უწყინარია და შეიძლება უბრალო პროპაგანდად აღვიქვათ. მაგრამ ხშირად ეს ხალხი მართლაც იმას გულისხმობს, რასაც ამბობს," უთხრა კანევმა რადიო თავისუფლებას.

"უსამართლო სამიზნე"

"ასეთი სახის ინიციატივები, როცა ისინი სახალხო განხილვის საგანი ხდება, ამავე დროს ბოშებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელიც არის. მათ ასევე იყენებენ იმ ამაზრზენი ქმედებების გასამართლებლად, რაც დღეს ბოშების წინააღმდეგ ხდება, როგორიცაა, მაგალითად, მათი კოლექტიურად გამოსახლება ბინებიდან.“

ბულგარეთში ბოშების იძულებით გამოსახლებები დიდი ხანია, რაც განსჯის საგანია.
ბოშებში ფართოდაა გავრცელებული უკანონო დასახლებები, მაგრამ, კრიტიკოსთა თქმით, მათ უსამართლოდ ექცევიან გამოსახლების თაობაზე განკარგულების აღსრულების პროცესში.

თანაბარი შესაძლებლობების ინიციატივის ასოციაცია არის ბოშათა განვითარებისა და უფლებათა ჯგუფი, რომლის მიხედვითაც, 2012-2016 წლებში მუნიციპალიტეტების ორ მესამედში, ანუ 444-დან 399 შემთხვევაში, სახლის დანგრევის განკარგულება მიმართული იყო ბოშა ოჯახების წინააღმდეგ.

ბულგარელი ბოშა ქალი საკუთარი დანგრეული სახლის წინ.
ბულგარელი ბოშა ქალი საკუთარი დანგრეული სახლის წინ.

ამ თვის დასაწყისში კარაკაჩანოვის წინადადების ნაწილი, სახელწოდებით "ბოშათა არასოციალიზებული ეთნოსის ინტეგრაციის კონცეფია" ითვალისწინებს ბულგარეთში მცხოვრები ბოშების ე.წ. "პრივილიგირებული სტატუსის" შეცვლას. ამაში იგულისხმება ბოშებისთვის სოციალური შეღავათების გაუქმება და მშობიარობის შემზღუდველი სპეციალური გზები იმ ბოშა ქალებისთვის, ვისაც ორზე მეტი შვილი ჰყავს. ამასთანავე, განაცხადში შედის ბოშათა არასანქცირებული საცხოვრებლების დანგრევა და ე.წ. დროებითი "გეტოების" მოშორება.

ამ გეგმის მიხედვით, ბოშებისთვის შესაძლებელი იქნება საცხოვრებლად მიწის იმ ნაკვეთის ყიდვა, რომელზეც ცხოვრობენ, თუმცა ბევრი ამბობს, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც ასეთ ოჯახებს არ მოეპოვებათ საკმარისი სახსრები და შემოსავალი.

დისკრიმინაციული აისბერგის მწვერვალი

ასპარუჰ ანგელოვი დედაქალაქ სოფიიდან 300 კმ-ზე მდებარე ქალაქ სლივენის ბოშათა თემის წევრია, რომელსაც საკმარისად უნახავს ბოშათა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები.

ბულგარეთში ბოშათა მოსახლეობის მიხედვით სლივენი უდიდესი ქალაქია. 125 000 მოსახლიდან 20% ბოშაა, ბევრი მათგანი ნადეჟდას რაიონშია, რომელიც სიღარიბითა და სიბინძურით გამოირჩევა.
ადგილობრივები ვირთხებს „ფისო, ფისოს“ უძახიან მღრღნელების ზომის გამო.
ანგელოვის თქმით, კარაკაჩანოვი ანტიბოშური სენტიმენტების გასაძლიერებლად ფაქტების მაგივრად სტერეოტიპებით ოპერირებს.

"მისი პოლიტიკაა მხოლოდ ბოშებზე ლაპარაკი - თუ როგორი ცუდები არიან, უარს ამბობენ მუშაობაზე და სანაცვლოდ სოციალურ შეღევათებს იყენებენ," ამბობს ანგელოვი, რომლის თანახმადაც, უმუშევრობა მარტო ბოშების დასახლებაში კი არა, არამედ ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს პრობლემას.

ზახარიევისათვის, კარაკაჩანოვი მხოლოდ დისკრიმინაციის დასაწყისია.
ის ამბობს, რომ ბოშათა თემში იზრდება შიში, ვინაიდან მისი წევრები მტრულ დამოკიდებულებას აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ უარს ეუბნებიან საბაზო სერვისებზე და ისინი ვერ იღებენ სტანდარტულ დონეზე უფრო მაღალ სამედიცინო მომსახურებას და განათლებას.

ზახარიევი მიუთითებს საკუთარი ოჯახის პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განათლებული და საზოგადოების პროდუქტიული წევრები არიან.

მისი თქმით, მის დას თავს დაესხა ბულგარელი ქალი, როცა ის მისგან რაღაცის ყიდვას ცდილობდა. ზახარიევი ამბობს, რომ პოლიციამ უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე და ექიმმა უარი უთხრა სხეულის დაზიანებების თაობაზე სამედიცინო ცნობის მიცემაზე.

„კანონპროექტი გარემოს შემოწმებაა ბოშების საწინააღმდეგო მორიგი სამომავლო ზომებისთვის და ის გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული სვლა კარაკაჩანოვის მხრიდან, რათა გადაფაროს კორუფციის თაობაზე სკანდალები და კიდევ ერთხელ მოიპოვოს პოპულარობა,“ ამბობს ზახარიევი.

„რასიზმი და უმცირესობების მიმართ სიძულვილი სულ უფრო მეტად პოპულარულია და ძალას იკრებს. ეს ზოგადი ტენდენციაა ევროპის ქვეყნებში.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG