2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ. ომის შემდეგ საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, რომელთაგან 30 000 დევნილობაში რჩება. „სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართულ სოფლებში ისტორიები თანაბრად შემაძრწუნებელია. გასამხედროებული ფორმირებები შედიან სოფლებში, მანქანებს და საბარგულებს ავსებენ ყველაფრით, რასაც ფასი აქვს, შემდეგ კი წვავენ სახლებს და შემდეგი სოფლისაკენ მიემართებიან.“ - წერდა რადიო თავისუფლება 2008 წელს. 2008 წლის 15 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტის კითხვაზე „რა ხდება ამჟამად ქართული ანკლავების ტერიტორიაზე?“ აცხადებდა: „არაფერი, ყველაფერი დაინგრა, სამხრეთ ოსეთის საზღვრები დადგენილია“. იქვე, იმავე ინტერვიუში, იგი დაჟინებით იმეორებდა, „ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმე ოდესმე უკან დავაბრუნოთ. საქართველოდან დაახლოებით 18 ათასი ოსი დევნილია ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში და სწორედ ისინი უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში“ მოგვიანებით ეუთოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დამდგენ სპეციალურ მისიას (OSCE/ODIHR HRAM), რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ელეონორა ბედოევამ უთხრა, რომ „თუკი ქართველი, რომელიც რჩება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ვერ გაამართლებს ჩვენს მოლოდინს, მათ განვდევნით... მე არ მჭირდება ქართველების დაბრუნება ჩრდილოეთის სოფლებში თამარაშენსა და სხვებში, და მათ ამის შესაძლებელობა არ ექნებათ.” ქართული მხარის მიერ დაკარგული სოფლების ომის დროს და მომდევნო დღეებსა და თვეებში გადაწვეს და გაძარცვეს. შემდეგი წლები იქ არსებული ნაგებობების სრულ განადგურებას მოხმარდა. ხალხმრავალი სოფლების ადგილას ომის დასრულებიდან 11 წლის შემდეგ უღრანი ტყეები და მოსწორებული მინდვრებია. 2017 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,2 მლდ. რუბლით (რაც დაახლოებით 70 მლნ. დოლარი იყო) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავდა მიზნად, ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლები მძიმე ტექნიკით გაასწორეს მიწასთან. Google earth-ით გადაღებული ფოტოები ნათლად აჩვენებს ქართული სოფლების მდგომარეობას ომამდე და ომის შემდეგ. (გადაატარეთ ფოტოზე კურსორი, ან აამოძრავეთ თითოეული ფოტოს სლაიდერი, რათა ძველი და ახალი ფოტოები ერთმანეთს შეენაცვლოს)