Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის გამგებლის მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერება არ განიხილება


შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე გლდანის გამგებლის მოადგილე, რომლის წინააღმდეგაც 28 აგვისტოს ძალადობის მუხლით აღიძრა საქმე. ლევან ნაროუშვილი წინააღმდეგ საქმე 2 წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო აღიძრა, რომლის ამსახველი ვიდეო კადრებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მოკლე ვიდეოში, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ყუფარაძე ავრცელებს, ჩანს რომ ერთი ადამიანი, სავარაუდოდ გლდანის გამგებლის მოადგილე ფიზიკურად უსწორდება მეორეს.

გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ ეს კადრები გლდანის გამგეობაში დამონტაჟებულმა შიდა კამერამ გადაიღო 2017 წლის აგვისტოში და ის მათ მოპოვებას მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა.

ინცინდენტის შესახებ იცოდნენ პარტიაშიც და გამგეობაშიც, თუმცა მის წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. 2017 წელს ნაროუშვილმა თანამშრომლის შეურაცხყოფისთვის მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, საქმე კი 2019 წლის 28 აგვისტოს მას შემდეგ აღიძრა, რაც შსს-ს კადრები რადიო თავისუფლებამ მიაწოდა.

ყუფარაძისვე თქმით, კონფლიქტი გამგებლის მოადგილესა და გამგეობის თანამშრომელს შორის გლდანში, “ქართული ოცნების” ოფისთან დაზიანებული ასფალტის საფარის დაგების გამო სხდომაზე დაიწყო და დერეფანში გაგრძელდა.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიების დასრულებას, გამგებლის მოადგილე კი საქმიანობას ჩვეულებრივ განაგრძობს. რადიო თავისუფლებას გლდანის გამგეობაში უთხრეს, რომ მისთვის გამოძიების პროცესში უფლებამოსილების დროებით შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, რადგან არ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. გამგეობის კომენტარში ამ თემაზე, ვკითხულობთ, რომ "მხარეებს შორის კონფლიქტი ამოიწურა იმ დღესვე და ორივე თანამშრომელი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას."

თავად ლევან ნაროუშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ლევან ნაროუშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა “თბილსერვისში”, იყო მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017 წელს Reginfo მას ასახელებს იმ მაღალჩინოსანთა შორის, რომლებიც დიდი ოდენობის პრემია-დანამატებს იღებდნენ. ამავე წყაროს ცნობით, 2016 წელს ლევან ნაროუშვილმა პრემია-დანამატი 12-ჯერ მიიღო, რამაც ჯამში 21 600 ლარი შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG