Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო ჩვენები


ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი

საინფორმაციო პორტალმა „ნიხასმა“ ამ დღეებში გამოაქვეყნა სტატია „უცხო უცხოებში, შინაური შინაურებში“. სტატია სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ეხება.

ახლავე ვიტყვი: ეს ადამიანის დისკრედიტაციის ასეთი პოლიტიკაა. პორტალ „ნიხასს“ პერიოდულად სწორედ ამ მიზნით იყენებენ. იქ აქვეყნებენ პასკვილებს, რომელთა დაბეჭდვა სამთავრობო რესურსებში შეუძლებელია.

რატომ გთავაზობთ ეს წაიკითხოთ? იმიტომ, რომ ეს არის ცილისწამება, როგორადაც ის ძალოვანი უწყებების მესვეურებსა და იმ მაღალჩინოსნებს წარმოუდგენიათ, რომლებთანაც ეს მასალა იყო შეთანხმებული დასაბეჭდად.

სტატიაში, როგორც სარკეში, ჩანს მათი დონე. გინდათ, გაიგოთ ვისთან გაქვთ საქმე? დალიეთ გულძმარვის წამლები და წაიკითხეთ.

სტატიაში თამარი გამოყვანილია, როგორც ქართველი მატა ჰარი, ჯაშუში. ის შედის სოფელში, ხიბლავს სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნებს, გამოსტყუებს სახელმწიფო საიდუმლოებებს და შემდეგ მსოფლიოს უყვება.

„სამხრეთ ოსეთმა აღადგინა დერეფანი ლენინგორის რაიონთან და მშვიდობიან ცხოვრებას შეუდგა. ოსმა ქმარმა, თვითნებობამ, ანტიქართულმა რიტორიკამ და, ასევე, „თაფლის ხაფანგში“ მოხვედრილი რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომლის (2020 წელს ის ცნობილი პარტიული ლიდერი გახდა) მხარდაჭერამ თამარ მეარაყიშვილს შეუძლებელი შეაძლებინა - ის გახდა დირექტორი სწორედ იმ საბავშვო ხელოვნების სახლისა, სადაც ქართველების მმართველობისას მხოლოდ პედაგოგი იყო“.

სტატია ვინმე სარმატ გოიაევის მიერ არის დაწერილი, თუმცა მგონია, რომ ავტორი ქალია. არასდროს გამიგია კაცისგან მსგავსი ფორმულირება - „თაფლის ხაფანგი“. თვალში საცემია დეტალებისადმი უყურადღებობა. თამარი საბავშვო ხელოვნების სახლის დირექტორად 1998 წელს დაინიშნა. მაშინ 21 წლის იყო, „მშვიდობიანი ცხოვრების შემდეგ“ კი, 2014 წლის მარტში, ის გაათავისუფლეს.

რატომ ვამტკიცებ, რომ ეს სტატია მაღალ ინსტანციებთან არის შეთანხმებული?

იმიტომ, რომ სტატიაში გამოყენებულია დოკუმენტები, რომლებზეც უბრალო ჟურნალისტს ხელი არ მიუწვდება. ეს არის თამარის ორი ქართული პირადობის მოწმობის ასლების ფოტოები - ერთი ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში, მეორე კი - ცხინვალის საქალაქო სასამართლოში. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოპერატიული ვიდეოს გამოქვეყნებაზე. ვიღაცამ ხომ დართო ნება?! რითაც, სხვათა შორის, საკუთარი უწყების დისკრედიტაცია მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ უშიშროების კომიტეტმა საკუთარი თავი გაიმათრახა.

თუკი ბატონმა ჩეკისტებმა გადაწყვიტეს ოპერატიული ვიდეო გაესაჯაროებინათ, მაშასადამე, ადამიანიც, რომელმაც ეს გადაწყვიტა, ოფიციალური პირია. იმის თქმა მინდა, რომ ეს შეიძლება „გააფორმონ“, როგორც ოფიცრის ინტერვიუ ჟურნალისტთან ან პრესსამსახურის განაცხადი, მაგრამ არა ასე - ორღობის ფორმატით, სადაც ერთმანეთშია არეული ჭორი და ნაციონალური მონაჩმახი თამარის სომხურ ძირებსა და „კინტოურ მენტალიტეტზე“.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: მე გაფორმებაზე ვლაპარაკობ და არა არგუმენტებზე - ისინი, უბრალოდ, არ არსებობს. თუ ამხანაგი ოფიცრები „თაფლის ხაფანგში“ იწყებენ ქექვას, ესე იგი საქმე მართლა ცუდადაა.

მთავარი ამ მასალაში არის ვიდეჩანაწერი, რომელიც 2017 წლის 8-9 ივლისს გაკეთდა - მას შემდეგ, რაც თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა გაიტაცეს. კომიტეტი გატაცებასთან კავშირს დღემდე უარყოფდა, მაგრამ, როგორც ჩანს,გადაწყვიტა აღიაროს და ეს ამბავი გაასაჯაროვოს.

კარგი საქმეა. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ სამრატ გოიაევი ამბავს ბოლომდე არ ჰყვება. შევეცდები თეთრი ლაქები შევავსო. ვფიქრობ, საინტერესო იქნება.

ეს ვიდეოჩანაწერი გაკეთდა ანატოლი ბიბილოვის პრეზიდენტად არჩევიდან ორი თვის შემდეგ, 9 ივლისს, ღამის 2 საათზე, უშიშროების კომიტეტის ოფისში. შეგახსენებთ: 8 ივლისს, დილის 11 საათზე, თამარი კომიტეტის თანამშრომლებმა ლენინგორის ქუჩიდან მოიტაცეს და დასაკითხად ცხინვალში გადაიყვანეს. დაკითხვა მეორე დილამდე გაგრძელდა.

თამარს აჩვენეს ქაღალდი. განუმარტეს, რომ ეს იყო ცხინვალის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის სახელმწიფოს ღალატში იყო ბრალდებული და დაპატიმრებას ექვემდებარებოდა. უთხრეს ასევე, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათ მის შესახებ ყველაფერი იცოდნენ - ისიც კი, რომელ ანგარიშზე ურიცხავდა მურატ გუკემუხოვი 1000 დოლარს ყოველთვიურად.

მაგრამ, როგორც ამხანაგმა ჩეკისტებმა აცნობეს, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარადაც მომხდარიყო - მისთვის ყველა ბრალდება მოეხსნათ, უფრო მეტიც, რამდენიმე ადგილას მოეწყოთ სამსახურში, თუკი სანაცვლოდ მათ ერთ სამსახურს გაუწევდა. ბედნიერი ცხოვრების საფასურად თამარს ექს-პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება. მას უნდა დაეწერა აღიარება, თითქოს საქართველოში, ლეონიდ ხარიტონოვიჩის საარჩევნო შტაბში, ჩანთებით მიჰქონდა ფული; უნდა ეღიარებინა, რომ მის საარჩევნო კამპანიას საქართველოს უშიშროების სამსახური აფინანსებდა.

გარდა ამისა, თამარისგან მოითხოვეს ჩვენება მიეცა ბორის ჩოჩიევზე, თითქოსდა მას სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ისრაელში სამკურნალოდ 200 ათასი დოლარი გამოუყო. აი, ასე. თამარი რომ უკეთ ალაპარაკებულიყო, უთხრეს, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დიდი ხნით ჰყავდათ მიყვანილი, ტახტზეც კი მიუთითეს, სადაც დაიძინებდა. ცდილობდნენ გაეტეხათ. ეუბნებოდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეოჩანაწერი, სადაც მას თბილისის ერთ-ერთ შტაბში ფული შეჰქონდა. თამარმა უპასუხა, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შტაბში არც თბილისში ყოფილა და არც ლენინგორში.

მოკლედ, თამარმა თიბილოვისა და ჩოჩიევის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე გადაჭრით უარი თქვა, თუმცა დაუთმო და დათანხმდა კამერის წინ მოეყოლა, როგორ გაიცნო არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებაზე კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც მაშინ [საქართველოს] სახემწიფო უშიშროების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ამხანაგ გოიაევის სტატიაში ეს ნაცნობობა თანამშრომლობადაა ინერპრეტირებული. ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს შიშისგან გულგახეთქილი ქალი თავი ხელში აიყვანოს.

ასევე, თამარისგან მოითხოვდნენ შეეწყვიტა ურთიერთობა „ეხო კავკაზასთან“. ეკითხებოდნენ, რას მიძვრებოდა „ბაშარულის საქმეში“, უწყინარი ბიჭის, რომელიც მილიციაში დაკითხვის შემდეგ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. რა ესაქმება ობოლ გოგონასთან, რომელიც საბავშვო ბაღიდან ვიღაც ადგილობრივ მამაკაცს გამოჰყავდა და მიტოვებულ სახლებში დაატარებდა.

შემდეგ რას უპირებდნენ თამარს, გაურკვეველია, თუმცა, როგორც ჩანს, გაშვებას არ ჩქარობდნენ. ის გრიგოლ კარასინის ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ჩემმა წყარომ მაცნობა, დიპლომატს ცერემონია არ დაუწყია: „თუ თქვენი ქმედება კანონიერია, რატომ მოიტაცეთ? თუ ცოცხალია, დაუყოვნებლივ დააბრუნეთ“. გავიგე, რომ თამარი ვლადისლავ სურკოვმაც დაიცვა.

აი, ეს არის ის, რაც სტატიის ავტორს დაავიწყდა.

მეორე მნიშვნელოვანი კითხვა ამ ამბავში არის: რისთვის? როგორც გავიგე, თამართან დაკავშირებით ჩინოვნიკების გაღიზიანება (ჯერ კიდევ თიბილოვის დროიდან) იმის ბრალია, რომ მის კომენტარებს მოსკოვში ყურადღებას აქცევდნენ. ადგილობრივ ამხანაგებს ეს აღიზიანებდათ. თამარს ავიწროებდნენ, თუმცა ძალიანაც არა, ანატოლი ბიბილოვის მოსვლის შემდეგ კი შევიწროება იერიშად იქცა.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG