ქართველები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში
ქართველები და ოსები აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მათ მსგავსი კულტურა აქვთ. ორივე ხალხი სტუმართმოყვარეა, უყვართ ხანგრძლივი სუფრები. ახლა აქ მშვიდობაა, მაგრამ პატარა მერხზე ბავშვების სათამაშოებთან ერთად, შესაძლოა, თვალი მოჰკრათ ყუმბარებიან ჟილეტს - რუსი ჯარისკაცების საჩუქარს.
საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ქართველები სამხრეთ ოსეთის ავტონომიის მოსახლეობის, დაახლოებით, 30 %-ს შეადგენდნენ. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ქმნიდნენ ოჯახებს, ცხოვრობდნენ მშვიდობიანად, მაგრამ შემდეგ კონფლიქტებს საზოგადოების გახლეჩა მოჰყვა.
2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად საქართველომ დე ფაქტო დედაქალაქთან ახლომდებარე ტერიტორიის ნაწილი დაკარგა. რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ფინანსურად და პოლიტიკურად დაეჭირა მხარი პრობლემური რესპუბლიკისათვის, რის გამოც საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. თავად „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებნი უჩივიან კორუფციას და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ არსებულ პრობლემებს. გარდა ამისა, ისინი აღმოჩნდნენ მოწყვეტილები საქართველოსგან. ახალგორის მთებიდან ღამით მშვენივრად მოჩანს ავტობანი მცხეთასთან. ის სულ ახლოსა, მაგრამ დამაკავშირებელი გზები დიდი ხანია ჩაკეტილია.
საზღვარმა გაიარა არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ოჯახებზეც. – „ჩემი შვილები საქართველოში ცხოვრობენ, ასევე და-ძმები“, - ჩივის ოსი იზოლდა. – „მათ 17 კილომეტრი მაშორებს, მაგრამ ერთმანეთს ვეღარ ვნახულობთ. გადაიღე მათთვის ჩემი სახლი, რომ სურათები მაინც ნახონ“. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი მცხოვრები არალეგალურად გადადის საქართველოში და შემდეგ უკან ბრუნდება. ასეთ დროსაც არსებობს რისკი, რომ მესაზღვრეებს ჩაუვარდე ხელთ.
ამჟამად ე.წ. სამხერთ ოსეთის რესპუბლიკაში სიმშვიდეა, მაგრამ პატარა მერხზე ბავშვების სათამაშოებთან ერთად, შესაძლოა, თვალი მოჰკრათ ყუმბარებიან ჟილეტს და ავტომატის მჭიდებს- რუსი ჯარისკაცების საჩუქარს. რუსეთს აქ ემადლიერებიან, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ კორუფცია და არაეფექტიანი ხელისუფლება რეგიონში რუსეთის პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. „ყველაზე საშინელი ისაა, ფულს მუქთად რომ გაძლევენ“.
2008 წლის ომზე აქ ხშირად ლაპარაკობენ. სწრაფად ხვდები, რომ ამ ხალხს თავისი სიმართლე აქვს და ბევრი რამ გადაიტანეს, მაგრამ ოსებს ქართველების მიმართ სიძულვილი არ აქვთ, მათზე ხშირად ლაპარაკობენ სიმპათიით, როგორც მოძმე ხალხზე. ზოგჯერ კონფლიქტის მონაწილეებისგან გაიგებ ასეთ ნათქვამს: „ მრავალი წელი ვოცნებობდი იმაზე, რომ ქართველების სახლებს ცეცხლი წაჰკიდებოდა, მაგრამ როდესაც ისინი მართლა იწვოდა, არავითარი სიამოვნება არ განმიცდია. ეს იყო საშინელება. ამიტომ ჩვენ მათ სახლებში არ ვცხოვრობთ, ოსების სახლებიც ცარიელია საქართველოში“…
და მაინც „სამხრეთ ოსეთში“ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქართველები. ადგილობრივი კგბ-ს მიმართ შიში აქვთ. 2018 წლის თებერვალში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ადგილობრივი ძალოვნების მიერ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი. ოფიციალური ვერსიით, იგი შეეცადა იარაღი წაერთმია ბადრაგისათვის, დაეცა კიბის საფეხურზე და მიღებული ტრავმებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა მეზობლებთან ურთიერთობას აქ ქართველები არ უჩივიან. საბედნიეროდ, ქართველებს და ოსებს მსგავსი კულტურა აქვთ. ორივე ხალხი სტუმართმოყვარეა, სუფრასთან დიდ დროს ატარებენ: ერთი წუთით შეხვალ ნებისმიერ სახლში და იქიდან ვეღარ გამოხვალ, თუ ორიოდე ლიტრ ღვინოს არ დალევ. მთებში როგორც ქართველები, ისე ოსები ყურძენს ჭყლეტენ და ჩურჩხელას ავლებენ, თითები კი კაკლისაგან აქვთ გაშავებული.
კაზბეგის სახლი იმ გზის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც მეჯუდის (ღრომის) ხეობისაკენ მიიკლაკნება.
სტუმრების დანახვისთანავე, მასპინძელი მაშინვე ღვინის მოსატანად გარბის
ვიდრე მამაკაცები ქეიფობენ, ოსი ქალი სამზარეულოში ტრიალებს, ამზადებს საჭმელს და ამოჰყავს ყველი.
შორიახლოს ცხოვრობენ გივი დვალიშვილი და მისი მეუღლე, ოსი ლეილა. მათი შვილი შინ გვიან ბრუნდება. იგი ოსურ ქორწილში იყო და, როგორც ამბობს, შვიდი ლიტრი ღვინო დალია.
სოფელ არდისში გივის სახლს ეკლესია გადმოჰყურებს. ლეგენდის თანახმად, ადრე აქ იდგა საგვარეულო კოშკი, რომელშიც ვერცხლის ჯვარი ინახებოდა. კოშკი მთლიანად დაანგრია ზვავმა. როდესაც თოვლი დადნა, გაოცებულმა მთიელებმა ნანგრევებში იპოვეს ხელუხლებელი რელიკვია და გადაწყვიტეს ასეთი სასწაულის აღსანიშნავად ეკლესია აეგოთ. ვიდრე სალოცავად შევიდოდეს, გივი გარს უვლის ეკლესიას და ნაზად ჰკოცნის მის ყველა კუთხეს.
ეკლესიის შესასვლელს ქართული წარწერები და მრავალი პატარა ზარი ამშვენებს, გვერდზე კი დიდი ზარი კიდია. გივი ზარს რეკავს და შემდეგ წელში მოხრილი შედის ტაძარში.
შიგნით ორი მორწმუნეა - ქართველი გივი და ჩვენი ოსი მეგზური. ისინი ერთად ანთებენ სანთელს.
გივი ფრთხილად იღებს ხორუგვს. ნახევრად ბნელ ეკლესიაში ციაგებს ვერცხლის ჯვარი - გარდასულ დროთა უტყვი მოწმე.