Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ელექტორატი და პოლიტიკა


ავტორი: გიორგი ასანიშვილი

იუსტიციის სამინისტროს სსიპი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოში ზუსტად 250 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. რეალურად ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე 10-მდე პარტია თუ იქნება ცნობილი და საერთოდაც ნებისმიერი გამვლელი რომ გააჩეროთ და კითხოთ არამგონია 4-5 პარტიაზე მეტი დაგისახელონ. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო მრავალპარტიული ქვეყანაა.

საინტერესოა როგორ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები ასეთ კონკურენტულ გარემოში ელექტორატის მოზიდვას იმ ფონზე, როდესაც ისინი დიდ იდეოლოგიურ კრიზისს განიცდიან?!

შეიძლება თამამად ითქვას,რომ საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია მყარი ღირებულებათა სისტემა, რომელზე დაყრდნობითაც შეიმუშავებდნენ საარჩევნო პროგრამებს და შემდგომში მათ პრაქტიკაში რეალიზაციას მოახდენდენ. ამ მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე რიგითი ამომრჩეველი ვერ ახერხებს რომელიმე პარტიასთან საკუთარი იდეოლოგიური იდენტობის განსაზღვრას და არჩევანის გაკეთება უწევთ იმის მიხედვით თუ რომელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი უფრო ქარიზმატულია. ქართველი ამორჩეველის სიმპატიები მიდრეკილია არათუ რაციონალური პოლიტიკის მქონე პარტიებისკენ, არამედ ქარიზმატული ლიდერებისკენ. ამის მკაფიო მაგალითია ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხელ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. თითოეულის შემთხვევაში საზოგადოება მათი გამოჩენით ელოდა მესიას, მხსნელს, რომელიც ააყვავებდა და გააბრწყინებდა საქართველოს... ქართველი ელექტორატის ამგვარი ქცევა სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას: პოლიტიკური კულტურის არ ქონა, განათლების დაბალი დონე, პოლიტიკისგან გაუცხოვებით გამოწვეული ანალიზის უნარის ნაკლებობა და ა.შ.

ქართული პოლიტიკური პარტიების მამამთავრებმა არაჩვეულებრივად იციან ელექტორატის ხასიათი, შესაბამისად იციან თუ როგორ მოახდინონ მათზე ზეგავლენა. როგორც უკვე აღვნიშნე საზოგადოების მიდგომა ამა თუ იმ საკითხის მიმართ ზედაპირულია და მოკლებულია ანალიზს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის მანიპულაციის მშვენიერ ინსტრუმენტად იქცა.

მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ დეკემბრის თვეში გრიგოლი კარასინის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია თბილისში რუსული ენისა კულტურის ცენტრის გახსნის თაობაზე. დღემდე არ გახსნილი ორგანიზაციის თემა ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინვე ხელისიფლებისთვის პრორუსული ორიენტაციის იარლიყის მიკვრის საბაბად აქციეს, რაც საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებას ემსახურებოდა. საზოგადოებამაც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო „პოსტვა“ ამ „საშინელებაზე“. თუმცა არავის გახსნებია უკვე არსებული ე.წ „რუსული კლუბი“,რომელიც თბილისში წლებია დაკავებულია რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციით.

ვიწროპარტიული ინტერესების უახლესი მაგალითია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება. ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ აღნიშნული თემაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა. ეს იმაში გამოიხატა, რომ საზოგადოებაში შექმნეს აზრი, თითქოს სისტემის ნგრევა და მთავრობის გადაგდება ერთი და იგივეს ნიშნავდეს. რაც ისევ და ისევ ხალხში ოპოზიციური განწყობების გაძლიერებას ემსახურებოდა და არა რეალური პრობლემის გადაჭრას.

ის სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოში დიდია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და საზოგადოებას უჭირს სიღრმისეული ანალიზის გაკეთების უნარი, ხელს აძლევს მხოლოდ იმ არაკეთილსინდისიერ და პირადი ინტერესების ირგვლივ შემოკრებილ პარტიებს, რომლებსაც რეალურ პრობლემებზე ორიენტაციის და საზოგადოების კონსოლიდაციის ნაცვლად ძალაუფლების წყურვილი და იოლი ფულის შოვნის სურვილი ამოძრავებთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG