Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების მაჟორიტარი კასპიდან ამერიკის საელჩოს დამატებით განმარტებას სთხოვს


"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი აშშ–ის საელჩოსგან მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტებებს ელის. "TV პირველის" ეთერში მან თქვა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ამ ქვეყანაში ტრაგიკული და განსაკუთრებული ხდება.

საქმე ეხება საელჩოს 25 ივლისის განცხადებას TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

"შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ განცხადებას, მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ თვითონ აშშ–ში არაერთხელ მომხდარა ის, რომ წარმატებული ბიზნესმენების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჩენილა კითხვები და ისინი აღმომჩდარან სასამართლოს წინაშე. ტრაგიკული და უპრეცედენტო არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, ყოველდღიურად ხდება ასეულობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სხვადასხვა მიმართულებით... პროკურატურა არც ანაკლიის კონსორციუმს, არც ხელისუფლებას და არც სხვებს არ უთანხმებს, როდის უნდა მოხდეს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. ამ ყველაფერს გაგებით ვეკიდებით, რადგან საქმე ეხებათ უმსხვილეს ბიზნესმენებს, მამუკა ხაზარაძე დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან...რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩომ უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტება, კონკრეტულად რას გულისხმობს. მართებული იქნება, აშშ–ის საელჩომ უფრო ნათელი და ღია განცხადება გააკეთოს. ვფიქრობ, განცხადების მიხედვით, საელჩომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ანაკლიის პროექტის მხარდაჭერა. ხაზი გაუსვა, რომ აქ ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ამ პათოსს ვიზიარებ,",– განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა "პირველის" ეთერში და დასძინა, რომ ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის ანაკლიის პორტთან დაკავშირება არასწორია, რადგან საქმე სხვადასხვა "ქეისებს" ეხება.

ირაკლი მეზურნიშვილი დეპუტატად გახდომამდე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში. საქართველოში ის 2013 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. 2013 წლამდე ის რუსეთის ერთ-ერთ კვლევით-ანალიტიკურ ცენტრში მუშაობდა, პარალელურად კითხულობდა ლექციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს უნივერსიტეტში; უფრო ადრე, მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში („მგიმო“) სწავლისას, სადაც 2002 წელს ჩაირიცხა, იყო "დამოუკიდებელ ქართველთა კლუბის" დამაარსებელი, რომელიც ქართველ სტუდენტებს აერთიანებდა. "ქართული ოცნების" საიტზე ვკითხულობთ, რომ კლუბის აქტიური საქმიანობა ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ქართველ და აფხაზ სტუდენტებს შორის გაწყვეტილი კავშირების აღდგენას ემსახურებოდა;

ირაკლი მეზურნიშვილმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტირებისას რადიო თავისუფლებას 2019 წლის თებერვალში უთხრა, რომ მიზანმიმართული პანიკის თესვას უნდა ვერიდოთ.

"ქართული ოცნების“ მმართველობის ამ შვიდწლიან პერიოდში არ ყოფილა რომელიმე ბიზნესზე შეტევის თუ მისი ხელყოფის არც ერთი შემთხვევა. ის, რომ ბიზნესი არის საქართველოში თავისუფალი, ჩვენი მთავრობის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო. რატომ უნდა მქონდეს დღეს მე ასეთი ეჭვი? ამიტომ მე დაველოდები პროცესს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველას კითხვას პასუხი გაეცემა." - ამბობდა დეპუტატი 2019 წლის 14 თებერვალს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG