Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილი გატაცებული ექიმისა და მისი ოჯახის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება და მისით მანიპულირება:

„ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა, მათი და ყველა ჩვენგანის თანაზიარია იმ მოთხოვნასა და უპრეცედენტო ძალისხმევაში, რაც მის გათავისუფლებას უკავშირდება.

საოკუპაციო რეჟიმი მისი უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საკუთარ სახეს მთელი სისრულით აჩვენებს! ამით კი მის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდის, ისევე როგორც ყველა იმ უკანონო ზომით, რითაც ასობით ადამიანს ყოველდღიურ პრობლემას უქმნის, როგორც დღეს ფაქტობრივად დატყვევებულ მთელს ახალგორის რაიონს.

არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. არც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობასთან. დღეს ვალდებული ვართ, მისი გათავისუფლების ინტერესით ვიხელმძღვანელოთ. ახლა ეს არის უპირატესი ამოცანა.

დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება და ამით მანიპულირება, მათ შორის, თავად ოჯახის ნებისა და, საერთოდ, საღი აზრისა და ელემენტარული ადამიანური პრინციპების საპირისპიროდ. ამ პრინციპსა და ოჯახის ამ სამართლიან სურვილს პატივი უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა.

მისი გათავისუფლებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არც ერთი წუთით არ მოდუნდება, ვიდრე ის ოჯახს არ დაუბრუნდება“.

ექიმი 37 დღის წინ, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG